Facebook Twitter

¹ ას-515-1171-03 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 თებერვალს დ. ჰ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მ. და შ. ზ-ების მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992 წლიდან ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო ქ.თბილისში ... მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც წარმოადგენდა უკანონო მშენებლობას და აშენებულ იქნა დ.ჰ-ის ფიზიკური შრომისა და მისი ფინანსური მონაწილეობით. მოსარჩელის განმარტებით, ოჯახური პირობების გამო იგი გარკვეული ხნით გაემგზავრა ქ.თბილისიდან, ხოლო დაბრუნებისას კუთვნილ სახლში. დახვდნენ მოპასუხეები, რომლებმაც განუმარტეს, რომ სადავო სახლი ზეპირი შეთანხმებისამებრ შეიძინეს მისი ყოფილი მეუღლე ი. ჰ-ისაგან. მხარემ მიუთითა სკ-ს 183-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ნივთების შეძენის შესახებ დადებული გარიგებისათვის საჭირო რთულ წერილობით ფორმასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა. ასევე მიიჩნია, რომ საბინაო კოდექსის მე-12 მუხლის საფუძველზე მას სადავო ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს და ი. ჰ-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო მ. და შ. ზ-ების სადავო სახლიდან გამოსახლება.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ თავდაპირველად სადავო სახლი ეკუთვნოდა ვინმე კ. კ-ოს, რომელმაც 1982 წელს ზეპირი გარიგების საფუძველზე გაასხვისა დ. ჰ-ის მეუღლე ი. ს-ის დედაზე, ხოლო 1992წ. 17 თებერვალს ქ.თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ი.ს-ის განცხადების საფუძველზე დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ კ.კ-ოს სახელზე რიცხული სახლი აშენებულ იქნა 1992-93 წლებში მშენებლობის დაკანონების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. მოპასუხეთა აზრით, დ. ჰ-ი სადავო ბინაში ჩაეწერა როგორც მისი მესაკუთრის მეუღლე, თუმცა 1996 წლიდან აღნიშნულ მისამართზე აღარ უცხოვრია და ფართზე უფლებაც დაკარგა. მოპასუხეთა განმარტებით, 2002წ. 22 იანვრის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მათ სადავო ბინა შეიძინეს 11000 აშშ დოლარად, რის შემდგომაც ორი წელია მითითებულ მისამართზე ცხოვრობდნენ. ამრიგად, სკ-ს 129-ე მუხლის თანახმად, დ. ჰ-ის სასარჩელო მოთხოვნა მათ ხანდაზმულად მიიჩნიეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით დ.ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 155-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 159-ე მუხლით და მიუთითა სადავო სახლში მოსარჩელის რეგისტრაციის ფაქტი მის კეთილსინდისიერ მფლობელად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ჰ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება დ.ჰ-ის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის შესახებ, თუმცა მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა აპელანტის, როგორც სადავო ბინის სკ-ს 160-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ მ. და შ. ზ-ების გამოსახლების შესახებ უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ს 155-ე და 147-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მფლობელობა ვრცელდება მხოლოდ იმ ნივთებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებს, ხოლო, როგორც საქმის მასალებით დადგენილია, სადავო უკანონო მშენებლობა ასეთს არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მასზე სანივთო სამართლის ნორმები ვერ გავრცელდება.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჰ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა 147-ე მუხლი. დ.ჰ-მა მიუთითა, რომ სადავო ბინა ჯერ კიდევ 1946 წლიდან საკუთრების უფლებით ირიცხებოდა კ.კ-ოს სახელზე, ხოლო 1992 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით მასში მფლობელის სტატუსით შესახლებულ იქნა ი. ს-ი. ამ ფართზე განხორციელებულია ადმინისტრაციული მოქმედებები, კერძოდ, ჩაწერა. ამრიგად, კასატორის აზრით, უსაფუძვლოა პალატის მოსაზრება, რომ უკანონო სახლი არ არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი და მასზე სანივთო სამართლის ნორმები ვერ გავრცელდება. დ.ჰ-მა გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა უკანონო ნაგებობის შეძენა-გასხვისებისას არსებული შეზღუდვის შესახებ, თუმცა არ დაეთანხმა პალატის არგუმენტს მის მფლობელობაში მყოფ სახლში უკანონოდ შესული პიროვნებების გამოსახლების თაობაზე მოთხოვნის დაყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის საგანი ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხება კ. კ-ოს სახელზე კანონიერებისა და კუთვნილების დამადასტურებელი იურიდიული საბუთის გარეშე როგორც უკანონო მშენებლობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი დ. ჰ-ი სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, ზემოხსენებული სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლებას სკ-ს 160-ე მუხლზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ დავის საგანი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს არ წარმოადგენს. სკ-ს მე-7 მუხლის თანახმად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სკ არეგულირებს ურთიერთობებს, რომლის დავის საგანი სამოქალაქო ბრუნვაშია, ანუ ნივთზე ზემოქმედება, (მფლობელობა, განკარგვა და სხვა) შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, უკანონო ნაგებობაზე კანონით გათვალისწინებული წესით არ შეიძლება დადგინდეს არც საკუთრება და შესაბამისად, არც მფლობელობა.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 147-ე მუხლი. მითითებული ნორმის თანახმად ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. აღნიშნული ნორმა ცალსახად აწესებს, რომ სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს უნდა შეეძლოთ ნივთის თავისუფალი შეძენა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა. ეს თვისება განაპირობებს ნივთის ბრუნვაუნარიანობას. მოქმედი კანონი აწესებს უძრავი ნივთების გასხვისების სპეციალურ წესს (სკ-ს 183-ე და 323-ე მუხლები), რომელთა გამოყენება უკანონო ნაგებობების მიმართ შეუძლებელია შესაბამისად; უკანონო სახლთმფლობელობა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ვერ იქნება მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ჰ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.