Facebook Twitter

საქმე N 330100121004682284

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე N1006აპ.-22 14 მარტი, 2023 წელი შ-ი თ-ე, 1006აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. 2022 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. შ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, კერძოდ, 2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 08:10 საათზე, თბილისში, მ-ს ქუჩა №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე წინარე კონფლიქტიდან წარმოშობილი დაპირისპირების ნიადაგზე, თ. შ-მა გ. მ-ს დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელმაც მოითხოვა თ. შ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, ასევე მსჯავრდებულ თ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება.

1.4. 2022 წლის 25 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, თ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა პროკურორმა თამარ კერესელიძემ და მოითხოვა თ. შ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

1.6. მსჯავრდებულ თ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-ემ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში იკვეთებოდა აუცილებელი მოგერიების სავალდებულო ელემენტების (უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი) არსებობა, კერძოდ, თ. შ-ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ინიციატორები იყვნენ დაზარალებული და მისი მეგობრები (სულ ოთხი ადამიანი). ისინი ფიზიკურად ძალადობდნენ თ. შ-სა და მის თანმხლებ პირზე - ლ. ს-ზე. თავდამსხმელთა რაოდენობა, აღნაგობა და ფიზიკური შესაძლებლობები მიუთითებდა მათ ფიზიკურ უპირატესობაზე, რის გამოც თ. შ-მა ჩათვალა, რომ თავის და ლ. ს-ის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. სწორედ ამიტომ, მან დანის გამოყენებით, გ. მ-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2.2. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თ. შ-მა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, ვინაიდან გამოკვეთილი იყო დაცვის აშკარა შეუსაბამობა ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან, ასევე ხელმყოფისათვის მიყენებული ზიანი აშკარად არ შეესაბამებოდა იმ ზიანს, რომელიც ხელყოფით მოსალოდნელი იყო. პალატამ მიიჩნია, რომ თავდაცვა შესაძლებელი იყო დაზარალებულისათვის შედარებით მცირე ზიანის და არა მჩვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებების მიყენებით.

2.3. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. შ-მა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და გ. მ-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორ თამარ კერესელიძის მოსაზრებით, უკანონოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. შ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არაობიექტურად შეაფასა, კერძოდ, მოწმეების - ბ. მ-ის და ვ. ბ-ის ჩვენებებით, მოწმე გ. ჭ-ის გამოკითხვის ოქმით, ექსპერტების - ს. ყ-ის და ქ. ბ-ის ჩვენებებითა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადასტურებულია თ. შ-ის ქმედებაში დაზარალებულის მოკვლის განზრახვის არსებობა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა მსჯავრდებულ თ. შ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.

4.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ:

- ფაქტის შემსწრე არაერთი მოწმიდან, ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხად წარადგინა მხოლოდ მოწმე ბ. მ-ი, რომლის ჩვენებაც არ არის სარწმუნო და თანხვდენილი საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერთან, რომელიც მტკიცების ხარისხის თვალსაზრისით, შესაძლებელია, უფრო მეტად წონადი და დამაჯერებელი სამხილიც იყოს, ვიდრე - თავად მოწმის სასამართლო ჩვენება. განსახილველ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერის ვიზუალური შინაარსი იძლევა საშუალებას, უტყუარად დადგინდეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწმე ბ. მ-ის ჩვენება რიგ, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.

- სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან ფაქტის შემსწრე დაზარალებული - გ. მ-ი და მოწმე - გ. ჭ-ი. სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მხოლოდ მოწმე გ. ჭ-ის გამოკითხვის ოქმი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მტკიცებულებების - მოწმე გ. ჭ-ის 2021 წლის 14 აპრილის გამოკითხვის ოქმის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და ამოღების ოქმის მოპოვებისას არსებითად დაირღვა კანონი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე გამომძიებელი, პოლიციის შენობაში კითხავდა მოწმე გ. ჭ-ს და ამავე დროს მასთან საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა ქალაქის ქუჩებში. ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან პირები, რომლებსაც შეეძლოთ, აეხსნათ დოკუმენტებში დაფიქსირებული შეუსაბამობის მიზეზები, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების კანონიერად მოპოვებასთან დაკავშირებული ეჭვი სწორად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, ეს მტკიცებულებები და მათ საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება - ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა ვერ გამოდგება წარდგენილი ბრალდების სამტკიცებლად და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

- ბრალდების მხარემ გამოძიებისას გამოკითხა შემთხვევის კიდევ ერთი თვითმხილველი - ლ. ს-ე, თუმცა სასამართლოში მის დაკითხვაზე უარი განაცხადა და მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან.

- საკასაციო საჩივრებში მითითებულ სხვა მტკიცებულებებში აღწერილია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი დაზიანების ხარისხი, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ვინაიდან იმ გარემოებას, რომ თ. შ-მა დაზიანება მიაყენა დაზარალებულ გ. მ-ს, მხარეები სადავოდ არ ხდიან.

4.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ თ. შ-ი მოქმედებდა არა თავდაცვის მიზნით, არამედ - დაზარალებულის მოკვლის განზრახვით. შესაბამისად წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ თ. შ-მა ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ მან დაზარალებულს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

4.4. ამ დასკვნის საფუძველს ქმნის საქმეში არსებულ გარემოებათა ერთობლიობა, კერძოდ: თავად მსჯავრდებულ თ. შ-ის ჩვენება. მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულ ინფორმაციას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში იკვეთება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო ელემენტების (უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი) არსებობა, კერძოდ, თ. შ-ის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ინიციატორები იყვნენ დაზარალებული და მისი მეგობრები (სულ ოთხი ადამიანი). ისინი ფიზიკურად ძალადობდნენ თ. შ-სა და მის თანმხლებ პირზე - ლ. ს-ზე. ამდენად, თ. შ-ს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, მაგრამ ამისათვის გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რომლის დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას თ. შ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება მართებულად მიაჩნია.

4.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ს 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე