ას-518-1168-03 11 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ზ. ე.” მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა იმ საფუძვლით, რომ მან ზესტაფონში, კავშირგაბმულობის რაიონულ კვანძში მუშაობა დაიწყო 19...წ. 6 სექტემბერს. 1995წ. 1 სექტემბერს გადაიყვანეს იმავე დაწესებულებაში, რომელსაც შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა შპს “ს.” ფილიალი საქალაქთაშორისო სადგურის .... 1999წ. 28 ოქტომბერს დაინიშნა სს “ე.” ფილიალის საქალაქთაშორისო სადგურის ... შპს “ე.” გადმოყვანის წესით. 2003წ. 16 იანვარს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შკკ-ს 34-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად.
ლ. ბ-ე უკანონოდ მიიჩნევს მის გათავისუფლებას იმის გამო, რომ თითქოს ორგანიზაციაში არავითარი რეორგანიზაცია არ მომხდარა, მოხდა მხოლოდ მუშაკთა რიცხოვნების შემცირება. ამასთან, მას ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება მ. ნ-თან შედარებით, რადგან მას აქვს მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ლ. ბ-ე აღდგენილ იქნა “ზ. ე.” მეელსმენედ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციამ არ იხელმძღვანელა შკკ-ს 36-ე მუხლით და ლ. ბ-ის მიმართ არ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უპირატესობა, რომ ლ. ბ-ის ოჯახში არ არის დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი და მას აქვს მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი, ვიდრე მ. ნ-ს.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს”ს. ე.” ფილიალმა “ზ. ე.” და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციამ სწორედ შკკ-ს 36-ე მუხლის გათვალისწინებით ცნო მ. ნ-ის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, კერძოდ, ის რომ ლ. ბ-ე საშუალო განათლებისაა, ხოლო მ.ნ-ს დამთავრებული აქვს სოხუმის მეელსმენის პროფსასწავლებელი და პროფესიით მეელსმენია. ამასთან, ლ. ბ-ის ოჯახი შედგება ორი სულისაგან. მისი მეუღლე ცხოვრობს სოფ..... და იგი დაკავებულია სოფლის მეურნეობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოტივები და 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით გააუქმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება. მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ნ-ს აქვს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, რადგან იგი პროფესიით მეელსმენეა და სწავლობდა კავშირგაბმულობის ტექნიკურ სასწავლებელში. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, მაშინ როცა სადავოდ არ გახადა ნ-ის მეელსმენობა, მაგრამ წელთა ნამსახურობის გამო სამუშაოზე უპირატესი უფლება მიანიჭა ბ-ეს.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ და მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა შკკ-ს 36-ე მუხლი, რადგან კასატორის აზრით, კვალიფიკაცია განისაზღვრება არა სასწავლებელში სწავლით, არამედ საქმის ცოდნით და პრაქტიკული საქმიანობით.
ამასთან, კასატორის აზრით, დავა განიხილა არა განსჯადმა სასამართლომ, რადგან საქელექტროკავშირი არის სახელმწიფო საწარმო და დავა უნდა განეხილა ადმინისტრაციულ პალატას.
კასატორი თვლის, რომ ადმინისტრაციამ დაარღვია შკკ-ს 36-ე მუხლის “ზ” და “გ” ქვეპუნქტები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ლ. ბ-ე სს “ს. ე.” ზესტაფონის ფილიალის საქალაქთაშორისო სადგურში მუშაობდა ..... 2003წ. 15 იანვარს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოებანიც, რომ ლ.ბ-ე პროფესიით .... და 24 წელია მუშაობს ..., ხოლო მ. ნ-ი, რომელსაც მიენიჭა უპირატესი უფლება სამუშაოზე დარჩენისა, სპეციალობით მეელსმენეა.
შკკ-ს 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნების ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ არგუმენტს, რომ კვალიფიკაცია არ განისაზღვრება სპეციალობით. მოცემულ შემთხვევაში მ. ნ-ს დამთავრებული აქვს კავშირგაბმულობის ტექნიკური სასწავლებელი მეელსმენის სპეციალობით, ე.ი. მას ლ. ბ-ისგან განსხვავებით მიღებული აქვს სპეციალური განათლება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებით, ამიტომ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უფრო დაბალი კვალიფიკაციის მუშაკად, ვიდრე ლ. ბ-ე, რომელიც პროცესიით ბუღალტერია.
რაც შეეხება კასატორის მითითებას შკკ-ს 36-ე მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.
აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თანაბარი პირობები აქვთ. ადმინისტრაციამ კი უპირატესობა მ. ნ-ს მიანიჭა კვალიფიკაციის გამო, რაც გათვალისწინებულია მითითებული ნორმის პირველ და არა მეორე ნაწილში.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სს “ე.” არ წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს, არამედ იგი “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.1 მუხლით განსაზღვრულ საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ერთ-ერთი ფორმაა სააქციო საზოგადოების სახით. ამიტომ შრომითი დავა აღნიშნული საზოგადოების მიმართ უნდა გადაწყდეს სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.