Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-521-1180-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ლ-ე 1969 წლიდან მუშაობდა სს “თ.” მდივან მემანქანედ. იგი სს “ც. უ.” დირექტორის 2001წ. 3 დეკემბრის ¹ 9/პ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან იმავე წლის 10 დეკემბრიდან შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

რ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ლომიძე აღდგენილ იქნა სს “ც. უ.” ... და აუნაზღაურდა განაცდური.

სს “ც. უ.” წარმომადგენელმა ნ. ს-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ც. უ.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მუშებსა და მოსამსახურეებს სამსახურიდან დათხოვნის საქმის გამო შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ლ-ეს სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება მაშინვე გაეცნო ე.ი. 2001წ. 3 დეკემბერს, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს მხოლოდ 2002წ. 6 სექტემბერს მიმართა, ე.ი კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ვადის აღდგენის საფუძველი არ არსებობს.

რ. ლ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის.

მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

მოპასუხე ორგანიზაციაში შტატების შემცირება ფაქტობრივად არ მომხდარა, ვინაიდან მის ადგილზე სხვა პირი მიიღეს. მან საპატიო მიზეზით დაარღვია სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან ავადმყოფის მოვლის გამო დროულად ვერ შეძლო სასამართლოში სარჩელის წარდგენა; მოითხოვა ამ ვადის აღდგენა; მას სადავოდ მიაჩნია სს “ც. უ.” ლიკვიდაციის რეგისტრაციის თაობაზე სასამართლო დადგენილების ასლი, რადგან საქმეში არ იქნა წარდგენილი ამ დადგენილების დედანი. მან მოითხოვა ამ დოკუმენტის საფუძველზე სსკ-ს 279-ე მუხლის “ა” პუნქტით საქმის წარმოების შეჩერება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ რ. ლ-ე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა სს “ც. უ.” დირექტორის 2001წ. 3 დეკემბრის ¹ 9/პ ბრძანებით შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომელსაც იგი გაეცნო და ამის თაობაზე ხელი მოაწერა. მან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2002წ. 6 სექტემბერს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს, ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად რ.ლ-ემ დაარღვია სასამართლოსათვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ.ლ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ავადმყოფის მოვლის გამო მას საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს ამ ვადის დარღვევა. მართალია, შკკ-ს 204-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულია, რომ თუ ამ მუხლით დადგენილი ვადები გასულია და მოსარჩელეს აქვს საპატიო მიზეზები, ისინი შეიძლება აღდგენილ იქნეს შესაბამისად შრომის დავის კომისიის და სასამართლოს მიერ. მაგრამ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ვადის აღდგენის საფუძველი. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ რ.ლომიძეს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.