საქმე # 330100120003731871
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1224აპ-22 ქ. თბილისი
თ-ი ს, 1224აპ-22 23 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. თ-ს, - დაბადებულს ... წლის .. ივლისს, - ბრალად ედება მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 8 მარტს, დილით, დაახლოებით 9 საათზე, ს. თ-ი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ-ი, პ. პ-ოს ქუჩა N...-ში, რა დროსაც თავს დაესხა მასთან საძინებელ ოთახში შესული ვ. შ-ი და დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში. ს. თ-ა, გადაამეტა რა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, თავდაცვის მიზნით განახორციელა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან აშკარად შეუსაბამო ქმედებები და თავდამსხმელს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა დაზიანებები, მათ შორის, კუთვნილი „TT“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით - გულმკერდის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი გულმკერდის უკანა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 127.5 სმ დაშორებით, გამომავალი გულმკერდის წინა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 148 სმ დაშორებით, რის შედეგადაც ვ. შ-ი ადგილზე გარდაიცვალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განაჩენით:
2.1. ს. თ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა ს. თ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
2.3. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ს. თ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით.
4.1. გამართლებულ ს. თ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. კ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველო სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
7. in dubio pro reo-ს პრინციპი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გამართლებულ ს. თ-ის მიერ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობის ჩადენას.
9. მოცემულ საქმეზე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვ. შ-ა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო 2020 წლის 8 მარტს ს. თ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად. უსაფუძვლოა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ ვ. შ-ის დაზიანებების მიყენებისას ს. თ-ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, კერძოდ:
10. საქმეში წარმოდგენილი უდავო და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ს. თ-ი შემთხვევამდე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო სუსტად, ჰქონდა სიცხე და კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისი ჩვენების თანახმად, 2020 წლის 8 მარტს იყო ქ.თ-ი, პ-ს ქუჩა N...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში და ეძინა. იგი გააღვიძა ნაბიჯების ხმამ. გაახილა თვალი და დაინახა, რომ ვ. შ-ი მის ოთახში შევიდა სამზარეულოს დიდი, ვერცხლისფერი დანით ხელში. კითხვაზე - რა უნდოდა, ვ-მ უპასუხა: „უნდა მოგკლაო.“ ხოლო კითხვაზე, თუ რატომ უნდა მოეკლა, მიიღო პასუხი, რომ „ეგრე აჯობებდა“ და საწოლში მწოლიარეს თავს დაესხა. დასუსტებული ცდილობდა თავის დაცვას, თუმცა თავდამსხმელი მასზე ფიზიკურად ძლიერი იყო და მოახერხა მისთვის თავის, წარბის, შუბლის, კისრისა და გულმკერდის არეში, მარცხენა მხარეს, მრავლობითი ჭრილობების მიყენება. იგი დანის პირს ხელით იჭერდა და მის წართმევას ცდილობდა, რაც საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც. ჭიდაობისას ვ. შ-ს დანა მოხვდა კისრის არეში, დაუვარდა საწოლზე და დაეცა ძირს, მასთან ახლოს. ს. თ-ის განმარტებით, ოთახიდან გაქცევა არ შეეძლო, რადგან ვიწრო გასასვლელი რჩებოდა კედელსა და საწოლს შორის, ხოლო მასსა და კარს შორის ვ. შ-ი იმყოფებოდა. ამ დროს გაახსენდა, რომ ტუმბოში ედო ცეცხლსასროლი იარაღი „TT“, რომელიც აიღო და გადატენა. შემობრუნებისთანავე დაინახა, რომ ვ-ი საწოლზე დანის ქნევით კვლავ მისკენ მიღოღავდა, რის გამოც ფეხებში ესროლა ერთხელ. თავდამსხმელი არ შეჩერებულა და დანის ქნევით კვლავ მისი მიმართულებით აგრძელებდა მოძრაობას. დარწმუნდა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა მისი მოკვლის განზრახვა ბოლომდე მიეყვანა. ამან იძულებული გახადა, ვ. შ-ის მიმართულებით მეორეს გაესროლა, რის შემდეგაც მას დანა დაუვარდა და შეწყვიტა მოძრაობა. მისი განეიტრალებისთანავე დარეკა 112-ში, განაცხადა მომხდარის შესახებ და ითხოვა სამედიცინო დახმარება.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მეორე გასროლის მომენტში ს. თ-ის მიერ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საკუთარ საძინებელ ოთახში მწოლიარე ს. თ-ს არ შეიძლებოდა ჰქონოდა თავდასხმის რაიმე მოტივი ვ. შ-ე, რომელიც მასთან ოთახში დანით ხელში შევიდა და განუცხადა, რომ მის მოსაკლავად იყო მისული, დაესხა თავს და მიაყენა ათი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის - თავისა და გულმკერდის არეში. ს. თ-ა თავდამსხმელისათვის დანის წართმევის მცდელობისას დაზიანებები მიიღო ხელის მტევნებზეც. წინააღმდეგობის გაწევის შედეგად დანის წართმევისა და მისი ძირს დავარდნის შემდეგ ს. თ-ა მოასწრო ტუმბომდე მისვლა და იქ შენახული ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება. შემოტრიალებისას კი დაინახა, რომ ვ-ი შ-ი ისევ დანით ხელში საწოლზე მისკენ მიღოღავდა. ამ დროს მისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ვ. შ-ი მისი მოკვლის განზრახვის ბოლომდე მიყვანას აპირებდა, ამიტომ მის შესაჩერებლად ფეხებში ესროლა. თუმცა, ვინაიდან ვ. შ-ი ამან ვერ შეაჩერა, მეორეჯერაც გაისროლა მისი მიმართულებით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ იკვეთება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ყველა ის გარემოება, რაც აუცილებელი მოგერიების დროს უნდა არსებობდეს - ვ. შ-ის მიერ ს. თ-ის მიმართ თავდასხმა ცივი იარაღის გამოყენებით იყო რეალურად საშიში, ს. თ-ს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, რომელიც იყო რელევანტური და ჩაიდინა სამართლებრივი სიკეთის - სიცოცხლის დაცვის სურვილით. საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდამსხმელმა დანის ხელიდან დავარდნის შემდეგაც არ შეწყვიტა თავდასხმა, იგი კვლავ აიღო და ს. თ-ენ განაგრძო მოძრაობა და დანის ქნევა, რაც პირველი - ფეხის მიმართულებით გასროლის შემდეგაც არ შეუწყვეტია. სწორედ ამან გახადა ს. თ-ი იძულებული, მეორედ გაესროლა, რასაც ვ. შ-ს განეიტრალება მოჰყვა. აქვე, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ იარაღის მჭიდი სავსე იყო ვაზნებით და ს. თ-ა მხოლოდ ორჯერ გაისროლა ანუ, სწორედ იმდენჯერ, რაც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისათვის იყო აუცილებელი.
12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას და ვერ გაიზიარებს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მეორე გასროლის შედეგად თავდამსხმელმა დაზიანება ზურგის არეში მიიღო, სროლის აუცილებლობა აღარ არსებობდა. გასათვალისწინებელია, რომ საძინებელში ვ. შ-იც და ს. თ-იც მოძრაობდნენ. ვ. შ-ი პირველი გასროლის შემდეგ არ შეჩერებულა, იქნევდა დანას (ს. თ-ა წაბაძვით წარმოადგინა, თუ დანის მოქნევის შემდეგ როგორ შეიცვალა ვ. შ-ის მდგომარეობა), როდესაც მეორედ გაისროლა, რაც სავსებით ლოგიკური და მისაღებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულის საპირისპირო არგუმენტი და მტკიცებულება ბრალდების მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია.
13. საფუძველს მოკლებულია სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირება ოთახში არსებული საგნების განლაგებასთან, მათ შორის - დანის გვამისაგან მოშორებით აღმოჩენასთან დაკავშირებით, რაც კასატორის პოზიციით, იმაზე მიუთითებს, რომ სროლის მომენტში ვ. შ-ს დანა ხელში არ შეიძლებოდა სჭეროდა და, შესაბამისად, აღარც სროლა იყო საჭირო.
14. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სამართალდამცავების შემთხვევის ადგილზე მისვლამდე ოთახში იმყოფებოდა მინიმუმ ორი ადამიანი - ვ. შ-ს და და დედა. გამოძიებას არ დაუდგენია, როგორ მოქმედებდნენ საძინებელ ოთახში - რას მოკიდეს ხელი და რა გადაადგილეს. ამდენად, აშკარაა დიდი ალბათობა იმისა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული სურათი, ოთახში ნივთებისა და გვამის ადგილმდებარეობა არ შეესაბამება იმ ვითარებას, რომელიც იქ არსებობდა ს. თ-ის მიერ ვ. შ-ის განეიტრალების მომენტში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ვ. შ-ის სხეულზე გამჭოლი ჭრილობის არსებობის მიუხედავად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მეორე ტყვიის გულა ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. ამ დროს ფანჯრები დაზიანებული არ იყო და, შესაბამისად, ტყვია ოთახში უნდა დარჩენილიყო. ამდენად, ს. თ-ის ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და ბრალდების მხარის მიერ ამ მიზნით მოყვანილი არგუმენტები დაუსაბუთებელია.
16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ აუცილებელი მოგერიების უფლება აქვს ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი პროფესიის, სპეციალური მომზადებისა თუ სამსახურებრივი მდგომარეობისა. ეს უფლება მას გააჩნია იმისდა მიუხედავად, შეუძლია თუ არა სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა (მაგალითად, გაიქცეს) ან საშველად მოუხმოს სხვას. სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ისიც მიჩნეულია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. დანაშაულის ობიექტური მხარე ხასიათდება აქტიური მოქმედებით, რომელიც მიმართულია იმ ადამიანისათვის სიცოცხლის მოსასპობად, რომელმაც საშიში ხელყოფა ჩაიდინა. იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს გადასცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხოლო შემდეგ განისაზღვროს დაცვის მართლზომიერების ფარგლები. ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიტერიუმის დადგენას, რომლის არსებობაც იწვევს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას. ამ კრიტერიუმად კანონი მიიჩნევს მომგერიებლის მიერ დაცვის აშკარა შეუსაბამობას ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან, როდესაც ხელმყოფს აუცილებლობის გარეშე განზრახ ადგება ზიანი. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო დაცვისა და თავდასხმის საშუალებას, თავდასხმის საშიშროების ხარისხს, რომელიც ემუქრება მომგერიებელს, თავდასხმის თავიდან აცილებისათვის მის ძალასა და შესაძლებლობას, არამედ სხვა გარემოებებსაც, რომელთაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინოს მომგერიებლისა და ხელმყოფის ძალის რეალურ შესაძლებლობაზე (თავდამსხმელთა და მომგერიებელთა რაოდენობა, მათი ასაკი, ფიზიკური განვითარება, იარაღის არსებობა, ხელყოფის დრო და ადგილი და სხვა). მომგერიებლის მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მიყენებული ზიანი უფრო დიდია, ვიდრე თავიდან აცილებული, რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს აშკარა შეუსაბამობა დაცვასა და ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებას შორის. ამასთან, ხელმყოფისათვის იარაღის წართმევა ყოველთვის არ ნიშნავს ხელყოფის შეწყვეტას.
16. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას, თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე - სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, ამავე დროს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით ჩადენილი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის მსგავსად მიაჩნია, რომ დაზარალებულ ვ. შ-ის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების მომეტში ს. თ-ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში - ხელყოფა იყო მართლსაწინააღმდეგო, რეალური და იმწუთიერი. მის მიერ კონფლიქტში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და დაზარალებულზე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების აუცილებლობა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია, გამოწვეული იყო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე - დაზარალებულის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის განეიტრალების მიზნით.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება ამომწურავად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანსა და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზირა ისინი, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ გამართლებულ ს. თ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი