Facebook Twitter

საქმე # 160100122005523790

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №12აპ-23 ქ. თბილისი

მ-ი გ. 12აპ-23 23 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.მ-ი, გ-ს ქუჩის №...-ში მდებარე რ. მ-ს ოჯახის საცხოვრებელი სახლში, ალკოჰოლური სასმლის საყიდლად ნივთების გაყიდვაზე უარის გამო გაბრაზებული გ. მ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - რ. მ-ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით:

2.1. გ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

2.2. გამართლებულ გ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, გ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

8. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა რ. მ-მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა შვილის - გ. მ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მით უფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

11. მოწმეები - ბ. გ-ი და ჯ. ხ-ი არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩაატარეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის შესახებ) მიმართ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნ. გ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ არის რ. და გ. მ-ს მეზობელი. 2022 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში რ. მ-ს სახლიდან შემოესმა ხმაური, რის გამოც მათთან მივიდა. ეზოში გ. რ-ს ნივთის გაყიდვას სთხოვდა, რაზედაც უარი მიიღო. დედა-შვილს შორის მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. სასამართლოში დაკითხვისას ნ. გ-მ სრულად და დაბეჯითებით არ დაადასტურა მის მიერ გამოძიების მიმდინარეობის გამოკითხვის ოქმში აღწერილი გარემოებები იმის შესახებ, რომ გ. მ-ი დაემუქრა დაზარალებულს.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე გარდა ნ. გ-ა, რომელმაც ზუსტად და თანმიმდევრობით ვერ ასახა 2022 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, რ. მ-ს საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. მ-ს მიერ დედის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს.

14. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. გ. მ-ს ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ ნ. გ-ს ჩვენება, რომელიც თავისთავად არ არის დამაჯერებელი და სრულ და ნათელ სურათს ვერ ქმნის მომხდარის შესახებ, ხოლო სასამართლოში გამოკვლეული დანარჩენი მტკიცებულებები ირიბია და მათ შორის არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

15. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა რ. მ-მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მისი შვილი - გ. მ-ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

15.1. მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 27 იანვარს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა რ. მ-ან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.

15.2. იმ პირობებში, როდესაც რ. მ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი გ. მ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

15.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:

15.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

15.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

15.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.

16. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2022 წლის 27 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი გ. მ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

18. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. მ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი