Facebook Twitter

საქმე # 020141223006737775

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№141-23 20 მარტი, 2023 წელი

ი-ი ს, 141-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - გიორგი თორდიას

მსჯავრდებულ - ს. ი-ის

ადვოკატების - ზ. რ-ის, მ. გ-ას

თარჯიმან - თ. გ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. ი-ის საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:

ს. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 18.260-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ს 18.260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2007 წლის 4 ივლისიდან. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, ს. ი-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 150000 ლარი.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განაჩენით:

ს. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, ს. ი-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 150000 ლარი. ს. ი-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2007 წლის 4 ივლისიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით:

ს. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით:

ს. ი-ს ¼-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ს. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 4 ივლისიდან (საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე).

5. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N... განკარგულებით: ს. ი-ი შეწყალებულ იქნა და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა - 2025 წლის 4 ივლისი.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით: მსჯავრდებულ ს. ი-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის“ შესახებ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით:

მსჯავრდებულ ს. ი-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ი-ა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება, კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დადგენილი 18 წლიანი პატიმრობის ვადის შემცირება ¼-ით და გათავისუფლების თარიღად - 2021 წლის 4 იანვრის განსაზღვრა.

9. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ს. ი-ა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

10. პროკურორმა გიორგი თორდიამ მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის საჩივარს და ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინების (გასაჩივრებული გადაწყვეტილება) მიღებამდე არსებულ საქმის მასალათა ქრონოლოგიური ანალიზი:

მოცემულ შემთხვევაში, ს. ი-ს პირადი საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის განაჩენით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს - უვადო თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად).

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ, კერძოდ, 2013 წლის 31 იანვარს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა ს. ი-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე და მას მოსახდელად კვლავ უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 27 სექტემბერის განკარგულებით შეიწყალა მსჯავრდებული ს. ი-ი და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა - 2025 წლის 4 ივლისი.

ზემოაღნიშნული განკარგულების გამოცემის შემდეგ, კერძოდ, 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კვლავ იმსჯელა ს. ი-ის უვადო თავისუფლების აღკვეთასთან მიმართებით, თუმცა ამჟამად „ამნისტიის“ შესახებ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ფარგლებში (რომელიც მსჯავრდებულის მიმართ არ გავრცელდა).

3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივრის ავტორის არგუმენტები:

მსჯავრდებულმა ს. ი-ა 2023 წლის 18 იანვარს კვლავ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების მოთხოვნით.

შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის N501-22 განჩინებით დადგინდა პრაქტიკა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულს მას შემდეგ, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე), მასზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი; შესაბამისად, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, N501-22 განჩინება საფუძველს ქმნიდა, რომ ს. ი-ნ მიმართებითაც გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის მხედველობაში მიღებით), ვინაიდან პრეზიდენტის განკარგულების მიღების შემდეგ, მას პატიმრობის ვადა - 18 წლით განესაზღვრა.

საჩივარში, რომელიც საკასაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა წარმოადგინა დამატებით არის მითითებული, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ერთიანად და პროპორციულად გავრცელდა როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტით ს. ი-ს მოსახდელად განესაზღვრა 18 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ¼-ით უნდა შემცირდეს.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ მითითებული - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის N501-22 განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები განსახილველი საქმის იდენტური არ არის. ამასთან, ხსენებული განჩინების მე-12 პუნქტი ხაზგასმით უთითებს, რომ მოცემული გადაწყვეტილება „არსებითად განსხვავდება იმ შემთხვევებისაგან, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) განისაზღვრება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელებისაგან შემდგომი გათავისუფლების თარიღები.“

შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის N501-22 განჩინება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით, ვერ გახდება ს. ი-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, ვინაიდან მოცემული ნორმის შინაარსის თანახმად, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელი ს. ი-ის მიმართ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე არ შეცვლილა, მხოლოდ მიეთითა მისი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი - 2025 წლის 4 ივლისი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამჟამად, ს. ი-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ დღიდან როდესაც პრეზიდენტმა მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე განკარგულება მიიღო, მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღი გახდა განჭვრეტადი. უვადო სასჯელმა, რომელიც თავისი არსით დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთის განუსაზღვრელი დროით მოხდასთან, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 27 სექტემბრიდან პროგნოზირებული სახე მიიღო და პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ს. ი-ის სამართლებრივი მდგომარეობა ფაქტობრივად შეიცვალა, გახდა განსხვავებული იმ ვითარებისაგან, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი. მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ფაქტობრივ გარემოებებსაც შეესაბამება განსახილველი სისხლის სამართლის საქმე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის №81-23 განჩინება).

ვინაიდან ს. ი-ის სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადის დასასრულს წარმოადგენს 2025 წლის 4 ივლისი, ხოლო 2018 წლის 27 სექტემბრიდან (ე.ი დროიდან, როდესაც განჭვრეტადი გახდა სასჯელის ფაქტობრივად მოხდის თარიღი) 2025 წლის 4 ივლისამდე მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელი შეადგენს - 6 წელს, 9 თვესა და 7 დღეს, საკასაციო სასამართლოს ამნისტიის ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდობით, მიზანშეწონილად მიაჩნია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის დანაწესის გავრცელება მსჯავრდებულ ს. ი-ის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ი-ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N27/09/01 განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი - 2025 წლის 4 ივლისი და მსჯავრდებული ს. ი-ი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს - 2023 წლის 23 ოქტომბერს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ს. ი-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ს. ი-ს ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N27/09/01 განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი - 2025 წლის 4 ივლისი და მსჯავრდებული ს. ი-ი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდეს - 2023 წლის 23 ოქტომბერს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი