გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-530-1184-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სწავლის საფასურის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 ნოემბერს ე. ე-მა ჯ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა სწავლის საფასურის 1000 აშშ დოლარის დაბრუნება, მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის სახით 2000 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
მისი შვილის, ი. ე-ის, სწავლის ღირებულების საფასურად ახალქალაქის უნივერსიტეტ “ც.”, კერძოდ, ჯ. კ-ს გადაუხადა 1000 აშშ დოლარი, მაგრამ უნივერსიტეტში 6 თვის განმავლობაში არავითარი სწავლა არ მიმდინარეობდა, რის გამოც მისი შვილი იძულებული გახდა მისაღები გამოცდები ჩაებარებინა სხვა უმაღლეს სასწავლებელში.
უნივერსიტეტის რექტორის მოქმედების შედეგად მან განიცადა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ჯ. კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის დაბრუნება. მორალური და მატერიალური ზიანის, 2000 აშშ დოლარის, დაკისრების ნაწილში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
მოცემულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაება ი. ე-ი, ხოლო სათანადო მოპასუხედ რეგისტრირებული კავშირი უნივერსიტეტი “ც.”.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ახალქალაქის უნივერსიტეტ “ც.” დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2000წ. 25 სექტემბერს ახალქალაქის უნივერსიტეტ “ც.” და სტუდენტ ი. ე-ს შორის დაიდო ხელშეკრულება. ამ გარიგების შესაბამისად, ი. ე-მა სწავლის საფასურად გადაიხადა 1000 აშშ დოლარი.
მოპასუხემ სრულყოფილად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მან ვერ უზრუნველყო სწავლების პროცესის წარმართვა, რის გამოც სკ-ს 352-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება მიეცა.
2003წ. 24 ივლისს ახალქალაქის უნივერსიტეტმა “ც.” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2000წ. 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
1. ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრული იყო ე. ე-ის მიერ მოპასუხე ჯ. კ-ის მიმართ. რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და ჯ. კ-ს ე. ე-ის სასარგებლოდ დააკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა მაშინ, როცა ხელშეკრულების შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გააჩნდა მხოლოდ ი. ე-ს და მოპასუხედ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ახალქალაქის უნივერსიტეტი “ც.”.
სააპელაციო სასამართლომ მართალია, არასათანადო მხარეები შეცვალა სათანადო მხარეებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საქმე უნდა დაებრუნებინა ხელახალი განხილვისათვის, ვინაიდან არასათანადო მხარის სათანადო მხარით შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.
2. მოცემულ საქმეში რაიონული სასამართლოს მიერ პროცესუალური დოკუმენტები შედგენილია რუსულ ენაზე, რაც წარმოადგენს სსკ-ს მე-9 მუხლის დარღვევას, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაბრუნებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს მოსარჩელის უნივერსიტეტიდან გარიცხვის შესახებ, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ მოსარჩელემ თვითონ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სწავლა დაიწყო სხვა უმაღლეს სასწავლებელში მანამ, სანამ ახალქალაქის უნივერსიტეტში დაიხურებოდა ის ფაკულტეტი, რომელზეც მოსარჩელე სწავლობდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასათანადო მხარეთა სათანადო მხარით შეცვლის შემდეგ არ შეეძლო საქმეზე თვითონ მიეღო გადაწყვეტილება და იგი ვალდებული იყო საქმე ხელახალი განხილვისათვის დაებრუნებინა რაიონულ სასამართლოში.
სსკ-ს 84-ე და 85-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს ან სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე და მოპასუხე სათანადო მოსარჩელითა და მოპასუხით. კანონის თანახმად, ამ პროცედურის განხორციელება დასაშვებია როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან აპელაცია – ეს არის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გადაწყვეტილების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმება. ამ მიზნით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ საპროცესო მექანიზმით, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების ფაქტობრივი და იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისათვის, სააპელაციო საჩივარში მითითებული დარღვევებისა და ხარვეზების შემოწმებისათვის. სააპელაციო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილების უსწორობის საფუძვლებისა და თვით გადაწყვეტილების შემოწმებას ამ საჩივრის ფარგლებში ახდენს კოლეგიური და უფრო კვალიფიციური სასამართლო, ამიტომ, როცა სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და გადაწყვეტილება მართლაც არ არის ფაქტობრივად და იურიდიულად მოტივირებული, სააპელაციო სასამართლომ, როგორც უფლების დაცვის საყოველთაოდ აღიარებულმა გარანტმა უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება და თვითონ განიხილოს საქმე არსებითად საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების გარეშე.
ამის შესახებ სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილში პირდაპირაა მითითებული, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
2. ასევე არასწორია საკასაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შედგენილი ყველა პროცესუალური დოკუმენტი რუსულ ენაზეა შედგენილი, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს.
სსკ-ს მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მართალია, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე – აფხაზური, მაგრამ ის გარემოება, რომ რაიონულმა სასამართლომ საპროცესო დოკუმენტები შეადგინა რუსულ ენაზე არ წარმოადგენს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების უცილობო პირობას. მითუმეტეს მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილება მიიღო სსკ-ს მე-9 და საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის სრული დაცვით.
3. ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება, თითქოს სააპელაციო სასამართლომ არასათანადო შეფასება მისცა მის მიერ დამატებით წარდგენილ მტკიცებულებებს იმის თაობაზე,M რომ მოსარჩელე გარიცხული იყო ინსტიტუტიდან მანამ, სანამ ეს ფაკულტეტი დაიხურებოდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სწორად მიიჩნია და მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბრძანება მოსარჩელის ინსტიტუტიდან გარიცხვის შესახებ წარმოადგენდა ახალ მტკიცებულებას, რომლის წარდგენაც მას შეეძლო ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მაგრამ უხეში გაუფრთხილებლობით არ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ამ მტკიცების განხილვა ხელს შეუშლიდა საქმის დროულ განხილვას, სასამართლომ სწორად არ მიიღო იგი და, სკ-ს 352-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს სწორად დააკისრა გადასახდელად მოსარჩელის მიერ სწავლის საფასურად შეტანილი 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ჭ-ის ს. ს. ს.-კ. ს. კ. “ს. ც.” არსებული ახალქალაქის უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.