Facebook Twitter

საქმე # 190100122005704170

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №50აპ-23 ქ. თბილისი

გ-ი გ, 50აპ-23 3 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აგვისტოს განაჩენით:

1.1. გ. გ-ი, - დაბადებული .... წლის .... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 16 მარტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 16 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, ქ. რ-ი, ტ.შ-ოს ქუჩა N...-ში მდებარე ბინა N...-ში ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა გ. გ-ა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, იძალადა ორსულ მეუღლეზე - ო. კ-ა-გ-ე, კერძოდ, მან ო. კ-ა-გ-ს უთხრა, რომ კუთვნილი ყავის დალევის გამო იყო ქურდი და ცალი ხელი დააჭირა მკერდზე, მეორე ხელი კი დაარტყა სახის არეში და ასევე ყელშიც მოუჭირა. ო. კ-ა-გ-ა შეძლო და გაიქცა შვილის - დ. კ-ას ოთახში, სადაც გ. გ-ა დ. კ-აც დაარტყა ხელი სახის არეში, აიყვანა ხელში და დააგდო საწოლზე, ხოლო ო. კ-ა-გ-ს ჰკრა ხელი და ისიც დააგდო საწოლზე, თან ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. გ. გ-ის ქმედებების შედეგად ო. კ-ა-გ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. წარდგენილი ბრალდებიდან ამოირიცხა მითითება გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენაზე.

3.3. გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელი ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 16 მარტიდან.

4. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, როგორც ჩადენილი გენდერის ნიშნითა და შეუწყნარებლობის მოტივით, ასევე - სასჯელის სახედ და ზომად უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ თინათინ სტურუას მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის გარეშე, მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

7. დისკრიმინაცია განიმარტება, როგორც ქმედება, რომელიც უფლებებს ართმევს ან უზღუდავს გარკვეული ნიშნით გამოყოფილ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას. ის მოიცავს პიროვნებისადმი სხვა ადამიანებისაგან განსხვავებულად ცუდ მოპყრობას მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ ჯგუფს მიეკუთვნება. დისკრიმინაცია შესაძლოა განხორციელდეს გენდერის, რასის, ეროვნების, რელიგიის, სექსუალობისა და სხვა ნიშნებით.

8. გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა - მეორის. აღნიშნული ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას.

9. თანასწორობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

10. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფითად ზემოქმედებს ქალებზე. მოტივი წარმოადგენს მოთხოვნილებითა და ინტერესით განპირობებულ ქმედით ძალას, რომელიც ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილების მიზეზი ხდება. მოტივის განსაზღვრა შესაძლებელია ძირითადად მაშინ, თუ დანაშაულის ჩადენამდე, ჩადენის პროცესში ან მის შემდეგ შესაძლო დამნაშავის ნება გამჟღავნდა საზოგადოებაში რაიმე ფორმით და ობიექტურად შეცნობადი გახდა სხვებისათვის, როგორც დაზარალებულის, ისე გარშემომყოფებისათვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავის მხრიდან შეუწყნარებლობის დემონსტრაცია არ არის მოტივის იდენტიფიცირების ერთადერთი საშუალება. დიდ გავლენას ახდენს მისი წარსული ქცევების შესახებ ინფორმაცია, როგორიც შეიძლება იყოს რადიკალური, სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გავრცელება და სხვა.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არ დადასტურდა გ. გ-ის მიერ დანაშაულების ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. დაზარალებულმა ო. კ-ა-გ-ა ჩვენების მიცემისას მიუთითა მხოლოდ ოჯახში ყოფითი პრობლემის გამო მსჯავრდებულის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე და არ მიუთითებია გ. გ-ის მხრიდან მის მესაკუთრულ დამოკიდებულებაზე, ასევე - გარკვეული მოქმედებების აკრძალვაზე. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენაზე არც სხვა მოწმეები არ უთითებენ.

12. შესაბამისად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული დამამძიმებელი გარემოება მსჯავრდებულის ქმედებაში არ არსებობს და გასაჩივრებული განაჩენით სრულიად სამართლიანად ამოირიცხა გ. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენაზე მითითება.

13. რაც შეეხება გ. გ-ის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, მსჯავრად შერაცხული დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა) გათვალისწინებით, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა შემდეგ სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დანიშნული სასჯელი მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებშია (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამდენად, არ არსებობს მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების საფუძველი.

14. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი