ას-536-1192-03 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, იპოთეკის ხელშეკრულების აღდგენა და ბინის აუქციონზე გასხვისება, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში, ... მდებარე ¹39 ბინა საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ნ. შ-ის სახელზე. 1999წ. 24 დეკემბერს ნ. შ-ესა და თ. ქ-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება ნ. შ-ის მიერ თ. ქ-ისაგან ნასესხები 7700 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად. იპოთეკის ხელშეკრულება 2000წ. 3 იანვარს დარეგისტრირდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. ნ. შ-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნასესხები თანხის გადაუხდელობის გამო, ამ უკანასკნელს თ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7700 აშშ დოლარის გადახდა.2000წ. 24 თებერვალს ნ. შ-ემ მის სახელზე რიცხული ბინა მიყიდა თ. ნ-ას, რის გამოც თ. ქ-მა ვერ შესძლო იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასესხებული თანხის დაბრუნება. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნ. შ-ესა და თ. ნ-ას შორის 2000წ. 29 თებერვალს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, იპოთეკის აღდგენა და ბინის იძულებითი წესით რეალიზაცია აუქციონზე. სასამართლოს საქმის განხილვის დროს შეგებებული სარჩელით მიმართა თ. ნ-ამ, რომლითაც მოითხოვა ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობა. სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. ს-მა, რომელმაც ასევე მოითხოვა ნ. შ-ესა და თ. ნ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით რომ მან ნ. შ-ისაგან ბინა შეისყიდა თ. ნ-ზე გასხვისებამდე და გადაუხადა 5600 აშშ დოლარი, მაგრამ ნ. შ-ემ ბინა მას არ გადაუფორმა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლომ განიხილა თ. ქ-ის, ნ. ს-ისა და თ. ნ-ას სარჩელები და 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ასევე არ დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სარჩელი. გადაწყვეტილებით დაცულ იქნა თ. ნ-ას, როგორც უძრავი ქონების შემძენის ინტერესები.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ქ-მა და ნ. ს-მა.
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ.ქ-ისა და ნ.ს-ის სააპელაციო საჩივრები. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ს 393-ე მუხლში მითითებული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რის შედეგადაც გამოტანილი იქნა არასწორი გადაწყვეტილება, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ნ-ასა და ს-ების სარჩელები უმოძრაოდ იქნა დატოვებული, სასამართლომ მაინც განიხილა მათი საჩივრები.
თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ქ-მა და ნ. ს-მა, რაც დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 10 მაისის განჩინებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით ნ. შ-ესა და გ. ს-ს შორის მიღწეული მორიგების შედეგად გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი გ. ს-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. ამავე სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის განჩინებით თ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. შ-ესა და თ. ნ-ას შორის ხელშეკრულება დაიდო კანონით დადგენილი წესით, ასევე თ. ქ-ისა და ნ. შ-ის შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებულად, რადგან სასამართლოს აზრით, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ხელშეკრულების რეგისტრაცია შეესაბამება სკ-ს 1515-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ.შ-ის მიერ სადავო ბინის გასხვისებისას შემძენზე გადავიდა იპოთეკაც, სკ-ს 289-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის სამივე ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. კასატორის აზრით, იპოთეკის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ტექნიკურ ინვენტარიზაციის ბიუროში მისი რეგისტრაცია არ წარმოშობს სამართლებრივი საფუძვლებს, რადგან საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური არსებობს 1998 წლიდან. სასამართლოს იპოთეკის აღდგენასა და იპოთეკის გაყიდულ ბინაზე გადასვლაზე კი არ უნდა მიეთითებინა, არამედ ასეთი ხელშეკრულების ბათილობაზე. კასატორის აზრით, სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები არ შეესაბამება ერთმანეთს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-აც და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნ. შ-ესა და თ. ნ-ას შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რაც სასამართლოს უსაფუძვლოდ არ გაუზიარებია. ასევე სასამართლომ არ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რამდენად საბუთდება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრების საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ თ.ნ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თ.ქ-ის საკასაციო საჩივარი _ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ნ. შ-ესა და თ. ქ-ს შორის 1999წ. 24 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და 7700 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა. ხელშეკრულება გაფორმდა 6 თვის ვადით 2000წ. 24 ივნისამდე. იპოთეკის ხელშელრულება რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში 2000წ. 3 იანვარს.
2000წ. 29 თებერვალს ნ. შ-ესა და თ. ნ-ას შორის ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა თ. ნ-ას სახელზე საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ ნ. შ-ესა და თ. ნ-ას შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნია კანონით დადგენილი წესით დადებულ გარიგებად. აღნიშნული ხელშეკრულების ანალიზი ცხადყოფს, რომ თ. ნ-ამ 2000წ. 29 თებერვალს შეიძინა უფლებრივად დაუტვირთავი ბინა. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, სადავო ბინა ამ ხელშეკრულების დადებამდე არავის უყიდია, არ დაგირავებულა, სადავო ან ყადაღადადებული არ ყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია სასამართლოს გამოეყენებინა სკ-ს 289-ე მუხლი, მითუმეტეს, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე იპოთეკა წარმოიშობა ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციით. საქმის მასალებით კი არ დგინდება, რომ თ. ნ-ას მიერ ნაყიდი ბინა გაყიდვის მომენტისათვის საჯარო რეესტრში დატვირთული იყო იპოთეკით.
სააპელაციო სასამართლო არასწორად იყენებს სკ-ს 1515-ე მუხლს, როდესაც მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის სამსახური დღემდე არ ჩამოყალიბებულა. თვით თ. ქ-ისა და ნ. შ-ეს შორის დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაციაზე ქ.თბილისის საჯარო რეესტრში. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ და მათ უნდა სცოდნოდათ მისი შინაარსი. საჯარო რეესტრის არარსებობის შემთხვევაში ამის შესახებ ვერც ნოტარიუსი მიუთითებდა და არც მხარეები დაადასტურებდნენ ასეთი სახის ხელშეკრულებას, მითუმეტეს, რომ 2000 წელს სჯარო რეესტრი უკვე ფუნქციონირებდა თბილისის ტერიტორიაზე.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლომ ნაზი შარვაძესა და თ. ნ-ას შორის დადებული ხელშეკრულება მიიჩნია კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებულად, ე.ი სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათის თაობაზე. სკ-ს 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. თ. ქ-ი საკასაციო საჩივარში არ უთითებს, თუ რა საფუძვლით უნდა მიეჩნია სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითYგარიგებად, მითუმეტეს, რომ არ დგინდება თ. ნ-ას განზრახვა, რომ მას არ სურდა ხელშეკრულებას მოჰყოლოდა იურიდიული შედეგი. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამიტომ არ არსებობს თ. ქარელის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი თ. ნ-ასა და ნ. შ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განსახილველ დავასთან დაკავშირებით და მიღებული გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ.ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ნაწილში, ხოლო თ.ნ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ნაწილში.
თ. ნ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
თ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.