Facebook Twitter

საქმე # 160100122006227582

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №84აპ-23 ქ. თბილისი

დ-ი ს, 84აპ-23 3 აპრილი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. ს. დ-ი, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, სსკის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 366-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ს. დ-ს შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59 -ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, აღნიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2022 წლის 17 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 25 თებერვლიდან იმავე წლის 15 აპრილისა და 2022 წლის 31 მაისიდან იმავე წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. დ-ა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში, კერძოდ:

· 2022 წლის 30 მაისს, დღის საათებში, ქ. წ-ი, კ-ა და ა-ეს ქუჩების კვეთაზე ს. დ-ა დაამსხვრია პარკის გარე განათების 22 ცალი ლამპიონი, რის შედეგადაც ა(ა)იპ წ-ის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და კეთილმოწყობის სამსახურს მიადგა 770 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

· 2022 წლის 31 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, ს. დ-ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქართველოს შსს წ-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობიდან დისტანციურად ჩართულმა ს. დ-ა, დედის მისამართით შეგინებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალწარმოების მონაწილეს - თარჯიმან თ. ს-ს, რითაც გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და გაძევებულ იქნა სხდომიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ს. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. დ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4.1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ს. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ს. დ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - თ. ზ-ს, თ. ბ-ის, დ. მ-ის, ი. მ-ის, რ. შ-ის, გ. ი-ის, დ. ნ-ს, ნ. ნ-ის გამოკითხვის ოქმებით, წ-ს მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და კეთილმოწყობის სამსახურის N15/2022 წერილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს სასაქონლო ექსპერტიზის N... დასკვნით, მოწმეების - რ. გ-ის, თ. ს-ის, ს. დ-ა და გ. ს-ს გამოკითხვის ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ ი. მ-ის პოზიციას მსჯავრდებულ ს. დ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა სრულად შეაფასეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ის, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ასევე ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მოტივი - ს. დ-ა სრულიად უმიზეზოდ გაანადგურა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ქონება და სრულიად უმიზეზოდ შეურაცხყო თარჯიმანი თ. ს-ი, მისი წარსული ცხოვრება (ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე, 260-ე, 111,151-ე მუხლებით), შესაბამისად, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, რისი გათვალისწინებითაც, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განესაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, ს. დ-ის შეფარდებული საბოლოო სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას) და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი