საქმე # 190141122006423840
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№81-23 14 მარტი, 2023 წელი
კ-ე პ, 81-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ხატია გოგრიჭიანის
მსჯავრდებულ - პ. კ-ის
ადვოკატ - ა. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით პ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ. კ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებზე და პ. კ-ს სასჯელის საბოლოო ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებაში - პ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან (ძვ. რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტზე (ძვ. რედაქცია). პ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-4 პუნქტებით (ძვ. რედაქცია), სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ახალი რედაქცია), სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედაქცია), სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ახალი რედაქცია) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - უვადო თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებული პ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია), სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია), სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით შეიწყალა მსჯავრდებული პ. კ-ე და მას განესაზღვრა სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი - 2032 წლის 24 ივნისი.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინება დარჩა უცვლელად.
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე მსჯავრდებულ პ. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებული პ. კ-ე შუამდგომლობაში მიუთითებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის N501-22 განჩინებაზე, რომელიც მისი მოსაზრებით, საფუძველს ქმნიდა, რომ პ. კ-ის მიმართაც გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის მოქმედება (საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის გათვალისწინებით).
10. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. კ-მ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება, კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დადგენილი 35 წლიანი პატიმრობის ვადის შემცირება ¼-ით - 26 წლისა და 3 თვემდე ვადით და გათავისუფლების თარიღად - 2023 წლის 24 სექტემბრის განსაზღვრა.
11. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა პ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. კ-მ მხარი დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
12. პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის საჩივარს და ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინების (გასაჩივრებული გადაწყვეტილება) მიღებამდე არსებულ საქმის მასალათა ქრონოლოგიური ანალიზი:
მოცემულ შემთხვევაში, პ. კ-ს პირადი საქმის მასალების მიხედვით მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ, კერძოდ, 2013 წლის 28 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა პ. კ-ის მიმართ დანიშნულ უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, რომელიც უცვლელად დატოვა, იმ საფუძვლით, რომ ხსენებული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული არ არის კანონისმიერი პროცედურა იმ პირთა მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და ,,ცხადია, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება შეუძლებელია.“
აღსანიშნავია, რომ მოცემული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით შეიწყალა მსჯავრდებული პ. კ-ე და მას განესაზღვრა სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი - 2032 წლის 24 ივნისი.
ზემოაღნიშნული განკარგულების გამოცემის შემდეგ პ. კ-მ კვლავ მიმართა სასამართლოს; იგი მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მას უვადო თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ფაქტობრივად, განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მას ¼-ით ეხებოდა სასჯელის შემცირება, რაც რეალურად ვერ აისახა უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, იგი უნდა გავრცელებულიყო დღეის მდგომარეობით მისთვის განსაზღვრულ ვადიან სასჯელზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის N251-18 განჩინება).
3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საჩივრის ავტორის არგუმენტები:
მსჯავრდებულმა პ. კ-მ 2022 წლის 9 ნოემბერს კვლავ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების მოთხოვნით.
ამჯერად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის N501-22 განჩინებით დადგინდა პრაქტიკა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულს მას შემდეგ, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე), მასზე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონიც; შესაბამისად, პ. კ-ის მოსაზრებით, ეს განჩინება საფუძველს ქმნიდა, რომ შუამდგომლობის ავტორთან მიმართებითაც გავრცელებულიყო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლი (საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის მხედველობაში მიღებით), ვინაიდან პრეზიდენტის განკარგულების მიღების შემდეგ, მას პატიმრობის ვადა - 35 წლით განესაზღვრა.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ საჩივარში მსჯავრდებულმა დამატებით მიუთითა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი რაიმე ნიშნით არ გამოყოფს პირს, ვისზეც არ ვრცელდება სასჯელის შემცირება. შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ხსენებული ამნისტიის კანონი შეწყალებულ პირზე გავლენას არ ახდენს, აშკარად დისკრიმინაციულია. მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულ პ. კ-ს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტით მოსახდელად განესაზღვრა 35 - წლიანი თავისუფლების აღკვეთა, მისი სასჯელის ¼-ით შემცირების საფუძველიც შეიქმნა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ მითითებული - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის N501-22 განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები განსახილველი საქმის იდენტური არ არის. ამასთან, ხსენებული განჩინების მე-12 პუნქტი ხაზგასმით უთითებს, რომ მოცემული გადაწყვეტილება „არსებითად განსხვავდება იმ შემთხვევებისაგან, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით (განკარგულებით) განისაზღვრება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელებისაგან შემდგომი გათავისუფლების თარიღები.“
შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის N501-22 განჩინება საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით, ვერ გახდება პ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად მას 35 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, ვინაიდან მოცემული ნორმის შინაარსის თანახმად, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. მოცემულ შემთხვევაში კი, სასჯელი პ. კ-ს მიმართ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე არ შეცვლილა, არამედ მხოლოდ მიეთითა მისი მოხდისგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი - 2032 წლის 24 ივნისი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, პ. კ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ დღიდან, როდესაც პრეზიდენტმა მიიღო მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე განკარგულება, მისი სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თარიღი გახდა განჭვრეტადი. უვადო სასჯელმა, რომელიც თავისი არსით დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთის განუსაზღვრელი დროით მოხდასთან, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 2 აგვისტოდან პროგნოზირებული სახე მიიღო და პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პ. კ-ის სამართლებრივი მდგომარეობა ფაქტობრივად შეიცვალა და გახდა განსხვავებული იმ ვითარებისაგან, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მისი გათავისუფლების კონკრეტული თარიღი.
ვინაიდან პ. კ-ს სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადის დასასრულს წარმოადგენს 2032 წლის 24 ივნისი, ხოლო 2018 წლის 2 აგვისტოდან 2032 წლის 24 ივნისამდე მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელი შეადგენს - 13 წელს, 10 თვესა და 22 დღეს, საკასაციო სასამართლოს ამნისტიის ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდობით, მიზანშეწონილად მიაჩნია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის დანაწესის გავრცელება მსჯავრდებულ პ. კ-ის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ პ. კ-ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს N02/08/01 განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი - 2032 წლის 24 ივნისი და მსჯავრდებული პ. კ-ე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს 2029 წლის 3 იანვარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ნოემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ პ. კ-ს ¼-ით შეუმცირდეს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს N02/08/01 განკარგულებით სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი - 2032 წლის 24 ივნისი და მსჯავრდებული პ. კ-ე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდეს - 2029 წლის 3 იანვარს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი