Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-548-1205-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. პ-ე-ს-ემ ქ.ზესტაფონის კავშირგაბმულობის რაიონულ კვანძში მუშაობა დაიწყო 1968 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე. 1983 წელს გადაიყვანეს იმავე დაწესებულებაში .... სადგურის მეელსმენად. 1995 წელს კავშირგაბმულობის რაიონულ კვანძს შეეცვალა სახელწოდება და გახდა შპს “ს.” ფილიალი, სადაც დაინიშნა ..... სადგურის მეელსმენად, ხოლო 1999წ. 28 ოქტომბერს დაწესებულების სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაინიშნა სს “ს.” ფილიალის “ზ. ე.” მეელსმენად, შპს “ე.” გადმოყვანის წესით. 2003წ. 15 იანვარს სს “ზ. ე.” დირექტორის ¹01/06 ბრძანებით ლ. პ-ე-ს-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, საწარმოს რეორგანიზაციის გამო.

2003წ. 17 თებერვალს ლ. პ-ე-ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციის მიერ უგულებელყოფილ იქნა შკკ-ს მოთხოვნა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ლ. პ-ე-ს-ე სამუშაოდან გათავისუფლდა, როგორც არაკვალიფიციური მუშაკი, ვინაიდან აქვს საშუალო განათლება, არის .... პროფესიის. მეელსმენად დარჩენის უპირატესი უფლება მიენიჭა ლ. კ-ეს, რადგან დამთავრებული აქვს ქ.სოხუმის მეელსმენის პროფესიული სასწავლებელი. გათვალისწინებული იქნა ისიც, რომ ლ. კ-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. პერანიძე-სალაძე აღდგენილ იქნა სს “ზ. ე.” მეელსმენად. გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ს. ე.” ფილიალის “ზ. ე. უფროსმა ა. ც-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სასამართლოს მსჯელობის საგნად არ გაუხდია მოპასუხე მხარის სათანადოობა, რითაც უგულებელყო სსკ-ს 85-ე მუხლი. ფილიალი, სკ-ს 28-ე მუხლის თანახმად, არ არის იურიდიული პირი. სასამართლო დავებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ძირითადი საწარმო. ამასთან, სასამართლოს არ მოუკვლევია და არ შეუფასებია, თუ რამდენად სწორად არის ნაწარმოები ფილიალის მუშაკთა რაოდენობის შემცირება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. პ-ე-ს-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს საკასაციო საჩივარს.

კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. კასატორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე წარმოადგენს ფილიალს, მას არ ჰქონდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების უფლება. შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, მუშაკის არაკვალიფიციურობა უნდა დაადგინოს სათანადო კომისიამ, რის შემდეგაც ადმინისტრაციას ექნებოდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების უფლება, არა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, არამედ როგორც არაკვალიფიციური მუშაკის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სს “ს. ე.” ფილიალის “ზ. ე.” სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 386-ე მუხლით, 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით, 390-ე, 397-ე მუხლებით.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მითითებული 386-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მითითებულ ნორმასთან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 386-ე მუხლებით და თვითონ მიეღო გადაწყვეტილება მოცემულ დავასთან დაკავშირებით, რადგან საქმის რაიონულ სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების აუცილებლობა საქმის მასალებით არ იკვეთება.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა მითითებული იურიდიული პირის ფილიალის არასათანადო მხარედ მიჩნევის თაობაზე. სკ-ს 28-ე მუხლის თანახმად იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ახორციელებს მის ფუნქციებს.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე ფილიალი თავისთავად აღჭურვილია უფლებით წარმოადგინოს იურიდიული პირი, ამიტომ იგი მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი იყო მონაწილეობა მიეღო მხარედ სადავო საქმის განხილვისას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული პირველი ინსტანციის მიერ გამოუკვლეველი საკითხების შესწავლა და შეფასება შესაძლებელი იყო მოეხდინა თვითონ სააპელაციო სასამართლოსაც, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული საქმის განხილვის გაჭიანურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ თვითონ უნდა განიხილოს დავა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. პ-ე-ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.