Facebook Twitter

საქმე # 330100121005235910

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1287აპ-22 ქ. თბილისი

მ-ი ნ. 1287აპ-22 14 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, - და მ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აპრილს, - ბრალად ედებათ ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ე.ი. მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ ბინასა და სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლა და სხვა ქმედებები, რაც არღვევს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 22 სექტემბერს ნ. მ-მა შეიძინა ქ. თ-ში, გ-ს ქუჩა N...-ში (ყოფილი N...) მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, თუმცა აღნიშნული კერძო საკუთრებით სარგებლობას იმავე თარიღიდან აგრძელებდნენ მისი წინა მფლობელები - მ. მ-ი და ნ. მ-ი.

· 2021 წლის 26 აგვისტოდან მითითებულ სახლში საცხოვრებლად გადავიდა ნ. მ-ს დედა, ხ. გ-ი და მისი არასრულწლოვანი შვილი. 2021 წლის 23 სექტემბრიდან - 25 სექტემბრამდე ხ. გ-ი დროებით არ იმყოფებოდა სახლში, რითაც ისარგებლეს მ. მ-მა და ნ. მ-მა, რომლებიც 2021 წლის 25 სექტემბერს, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შეიჭრნენ ნ. მ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და უძრავი ქონების კანონიერ მფლობელს არ აძლევდნენ თავისი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით:

2.1. მ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ნ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.3. გაუქმდა მ. და ნ. მ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ყადაღა უნდა მოეხსნას მათ მიმართ გამოყენებული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განჩინებით 2000-2000 ლარის ეკვივალენტურ თანაფარდობაზე დადებულ ნ. მ-ს (პ/ნ ... ) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ქალაქი მ-ა, სოფელი ე-ა, საკადასტრო კოდი: № ... ).

2.4. მ. და ნ. მ-ს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, მ. და ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. და ნ. მ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.

7. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობას. დანაშაულის საგანს წარმოადგენს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინა ან სხვა მფლობელობა, ხოლო ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლაში, რაც გულისხმობს ბინის მფლობელის ხელშეუხებლობის უკანონო დარღვევას. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის სუბიექტის პირდაპირი განზრახვა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს უკანონოდ ბინაში შესვლა. დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და იგი დამთავრებულია სხვის ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონო შესვლის ან სხვა მოქმედების ჩატარების მომენტიდან. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად.

8. მ. მ-ს ჩვენებით დგინდება, რომ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სამოქალაქო სამართლებრივი დავა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. 2021 წლის აგვისტოში მის მფლობელობაში არსებულ სახლში, სადაც განთავსებული იყო მისი ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები და ცხოვრობდა დასთან - ნ. მ-სა და ახლობლებთან ერთად, საცხოვრებლად შეიჭრა ხ. გ-ი არასრულწლოვან შვილთან ერთად. მან მ-ს მოსთხოვა საცხოვრებელი სახლის დატოვება. მ. მ-მა განმარტა, რომ 2021 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით არ იცოდა, რომ სადავო სახლთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. მან აღნიშნულის თაობაზე გაიგო მოცემულ საქმეზე გამოძიების პროცესში. მ. მ-მა განმარტა, რომ 2021 წელს, სექტემბერში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იწვა საავადმყოფოში, 25 სექტემბერს დაბრუნდა სახლში, ჭიშკრის გაღების დროს დაზიანდა საკეტის გულანა, რის გამოც მოუწია მისი შეცვლა. ამ დროს ხ. გ-ი არ იმყოფებოდა სახლში, ხოლო როდესაც დაბრუნდა, აღარ შეუშვეს სახლში, რადგან ჩათვალეს, რომ ვიდრე არ მოხდებოდა მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსახლება, ხ. გ-ს არ ჰქონდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შესვლისა და ცხოვრების უფლება.

9. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ჩვენებაში ნ. მ-ც.

10. მოწმე ც. კ-მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2019 წლის ზაფხულიდან 2021 წლის 31 აგვისტომდე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა მ. და ნ. მ-ნ ერთად მათ საცხოვრებელ სახლში. 2021 წლის 26 აგვისტოს, როდესაც მ. და ნ. მ-ი იმყოფებოდნენ საავადმყოფოში ,,კოვიდის“ ვირუსის სამკურნალოდ, მისთვის უცნობი ქალბატონი (ხ. გ-ი) უხეშად, ყვირილით შევარდა სახლში და ამბობდა, რომ სახლი მან იყიდა. ხ. გ-მა გამოიძახა პოლიცია და მოითხოვდა მათ გაყრას სახლიდან, რაც პოლიციამ არ დააკმაყოფილა. ც. კ-ა შვილებთან ერთად აღნიშნულ სახლში დარჩა 2021 წლის 31 აგვისტომდე.

11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 ნოემბრის წერილით დგინდება, რომ აღსრულების ბიუროს საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში არ იძებნება სხვისი უკანონო მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ მიმდინარე სააღსრულებო საქმე, სადაც მხარეს წარმოადგენს მ. მ-ი.

12. ხ. გ-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი არასრულწლოვან შვილთან ერთად 2021 წლის 26 აგვისტოდან ცხოვრობს თ-ში, გ-ს ქუჩა N...-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში. ასევე მიუთითა, რომ იქ გადასვლისას ნ. და მ. მ-ს კუთვნილი ნივთები სახლის მეორე სართულიდან ჩაიტანა პირველ სართულზე; ასევე, მეორე სართულის რამდენიმე ოთახში დარჩა მ. და ნ. მ-ის კუთვნილი ნივთები.

13. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი, გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სადავო უძრავ ქონებაში (მდებარე: თ-ი, გ-ს ქუჩა N... (ყოფილი N...)) 2021 წლის 25 სექტემბრის მდგომარებით მ. და ნ. მ-ი კვლავ აგრძელებდნენ ცხოვრებას. იმ პირობებში, როდესაც მ. და ნ. მ-ი მიუთითებენ, რომ მათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინების თაობაზე შეიტყვეს გამოძიების პროცესში, ხოლო აღნიშნულის საპირისპირო დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ მ. და ნ. მ-მა ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი