საქმე # 120100121004947439
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1303აპ-22 ქ. თბილისი
შ-ა ვ. 1303აპ-22 14 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენით:
1.1. ვ. შ-ა, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. შ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 28 ივნისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. შ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის; ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. შ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ა-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ი მდებარე, ა-ის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრის ნაპირზე არსებულ სასურსათო მაღაზიაში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ვ. შ-ა ცივი იარაღის - ქარხნული წესით დამზადებული დასაკეცი ტიპის, ფიქსატორიანი დანის გამოყენებით თავს დაესხა ს. ნ-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა საკვები პროდუქტისა და მაღაზიის სალაროში არსებული ფულადი თანხის გადაცემა.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 აპრილის განაჩენით ვ. შ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 28 ივნისს, ა-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ში მდებარე ა-ის საავტომობილო გზის 41-ე კილომეტრზე არსებულ ს. ნ-ს სასურსათო მაღაზიაში, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, ვ. შ-ა ატარებდა ცივ იარაღს - ქარხნული წესით დამზადებულ დასაკეცი ტიპის, ფიქსატორიან დანას, რომელიც ტრასოლოგიური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის 2021 წლის 30 ივნისის N... დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება მჩხვლეტავ, ბასრი, მჭრელი ტიპის ცივ იარაღთა კატეგორიას.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:
3.1. მსჯავრდებულ ვ. შ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ვ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ვ. შ-ს გამართლება.
4.1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ვ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ს. ნ-სა და მოწმეების - ზ. გ-ს, ა. ლ-ს, შ. მ-სა და სხვათა ჩვენებები, ამოღების ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N-... დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და სხვა მტკიცებულებები), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვ. შ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
8. დაზარალებულმა ს. ნ-მ ჩვენების მიცემისას ნათლად განმარტა, რომ ვ. შ-მ ჯიბიდან ამოიღო დანა, რომლითაც მას საკვები პროდუქტის გადაცემა და სალაროს გახსნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანის მიყენებით დაემუქრა. მას ძალიან შეეშინდა, საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, ტელეფონს ხელი მოჰკიდა და ვ. შ-ს უთხრა, წაეღო რაც სურდა. თავად დრო იხელთა, ყვირილით გავარდა მაღაზიიდან და დასახმარებლად მაღაზიის წინ მომუშავე მუშებს მიმართა. დაზარალებულ ს. ნ-ს ჩვენება შემთხვევის ადგილიდან ვ. შ-ს გაქცევასა და მის მიერ დანის ფლობასთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება მოწმე ა. ლ-ს ჩვენებას, რომელმაც გადმოსცა არამხოლოდ დაზარალებულისგან ცნობილი დანაშაულებრივი ქმედების დეტალები, არამედ ის ინფორმაციაც, რაც მან საკუთარი თვალით იხილა. მოწმე ა. ლ-მ განმარტა, რომ 2021 წლის 28 ივნისს, იგი მუშასთან ერთად დაედევნა მაღაზიიდან გამოსულ ვ. შ-ს, დაეწია და დანის დაგდება მოსთხოვა, რაც მან შეასრულა. დაგდებული დანა ა. ლ-მ აიღო და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეინახა. ვ. შ-მ მასთან საუბარში დანით დამუქრების ფაქტი არ უარყო და განაცხადა, რომ დააშავა. მოწმემ ასევე მიუთითა დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობაზე და დაადასტურა, რომ მას საშველად დაურეკა ს. ნ-მ, რომელიც იყო შეშინებული და აკანკალებული. მოწმე ზ. გ-ი უშუალოდ შეესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ მისდევდნენ მისი შვილი - ა. ლ-ე და მაღაზიასთან მყოფი მუშები ახალგაზრდა კაცს, რომელიც დააკავეს და დარეკეს პოლიციაში. ამასთან, მოწმე შ. მ-ს ჩვენებიდან იკვეთება, რომ ვ. შ-ს, მასთან ერთად სასაფლაოზე ყოფნის დროს, ჰქონდა შავტარიანი დანა, რომელსაც ის პროდუქტის დასაჭრელად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ არც თავად მსჯავრდებულმა უარყო ის გარემოება, რომ ს. ნ-ს შესაშინებლად დანა ამოიღო და სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ მაღაზიიდან გაქცევის შემდეგ მას დაედევნა ორი პირი, რომლებსაც თავად გადასცა დანა.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ს. ნ-სა და მოწმე ა. ლ-ს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ სასამართლოს მისცეს საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენებები, რომელთა შორისაც არ გამოვლენილა არსებითი ხასიათის შეუსაბამობა.
10. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, კერძოდ, 2021 წლის 28 ივნისის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ, ა. ლ-მ გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა დანა ორმხრივი პირით, ტარზე ქარხნულად დამაგრებული ქამარზე დასაკიდით, შავი ფერის ტარით, რომლის სიგრძეა 11 სმ, პირის სიგრძე - 8 სმ, დანის პირზე წარწერით ,,CRKT’’, რაც ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება მჩხვლეტავ, ბასრი-მჭრელი ტიპის ცივ იარაღთა კატეგორიას. ამოღების ოქმით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია და ამოღების ოქმი შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, მისი ჩატარებისას და საპროცესო გაფორმებისას არ ყოფილა დაშვებული კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები. საქმის მასალების თანახმად, ზემოაღნიშნული მტკიცებულების სანდოობაში ეჭვის შეტანისა და მისი გაუზიარებლობის რაიმე საფუძველი არ იკვეთება. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლიეს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რომლის თანახმადაც, დაზარალებულმა ს. ნ-მ ამოიცნო ვ. შ-ა, რომელმაც 2021 წლის 28 ივნისს დანის გამოყენებითა და მუქარით მოსთხოვა პროდუქტისა და ფულადი თანხის გადაცემა. მსჯავრდებულ ვ. შ-ს მონაწილეობა დაზარალებულ ს. ნ-ზე ჩადენილ ყაჩაღობაში ასევე დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოების მიერ ვ. შ-ს ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. ვ. შ-ს მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში.
12. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი