Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ას-553-1213-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ფ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ს. ფ-ის მიმართ და მიუთითა, რომ იგი თავისი ცოლ-შვილით ცხოვრობს მამასა და დედინაცვალთან ერთად ახალშენის მეურნეობის ბინებში. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბულია, ამიტომ იგი ითხოვს თავისი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას. აღნიშნულის გარდა, მოსარჩელემ მოითხოვა საერთო ავტოფარეხიდან და საკუჭნაოდან დამხმარე ფართის გამოყოფა, მეურნეობიდან აღებული 2500 ჰა მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფა და კედლის კარადა “სტენკის” მიკუთვნება. კედლის კარადის მიკუთვნებას მოსარჩელე ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მისი დედინაცვალის დედამ მის ცოლს შესანახად გამოართვა ოქროულობა, რომლიდანაც ოქროს სამაჯური არ დაუბრუნებია. მამის განმარტებით, მან სამაჯური გაყიდა და საჭირო ნივთები შეიძინა. სანაცვლოდ მოსარჩელემ მოითხოვა საერთო კუთვნილების ქონებიდან ავეჯის კომპლექტის, კედლის კარადის (“სტენკის”) მიკუთვნება.

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1998წ. 3 ივნისის განჩინებით დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა. ექსპერტიზა ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის აჭარის ფილიალის მიერ. სასამართლოს 1998წ. 28 სექტემბრის განჩინებით მთავარ სხდომაზე, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი განუხილველად დარჩა.

დ. ფ-ემ 2002წ. 20 დეკემბერს კვლავ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა იგივე, რაც მითითებული იყო თავდაპირველ სარჩელში. სარჩელის განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე დ. ფ-ემ მოხსნა მოთხოვნა მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფის თაობაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დ. ფ-ეს მის ცოლთან და ორ შვილთან ერთად სადავო ბინიდან სარგებლობის უფლებით გამოეყო ოთახები: ¹3 (12 კვ.მ), ¹4 (15,6 კვ.მ) და ¹7 (9.6 კვ.მ). ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ავტოფარეხისა და საკუჭნაოდან წილის გამოყოფის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება არგუმენტირებულია იმით, რომ დ. ფ-ის ოჯახი მრავალრიცხოვანია, მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ესაჭიროება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ამასთან, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ავტოფარეხი და საკუჭნაო არ არის ახალშენის მეურნეობის საკუთრება და იგი აშენებულია მოპასუხის მიერ, დ. ფ-ეს უარი ექთვა მითითებული ფართიდან წილის გამოყოფაზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ფ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით _ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ძირითად საცხოვრებელ სახლზე მისი ხარჯებით მიშენებულია 22 კვ.მ და შეიძლებოდა აღნიშნულის გათვალისწინებით ფართის თანაბრად გაყოფა; ტექნიკური ინვენტარიზაციის მიერ გაცემული ცნობა არ არის სწორი, რადგან ბინის ფართი არ შეადგენს 69.3 კვ.მ-ს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.ფ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილება და დ.ფ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დავა გადაწყვიტა საბინაო კოდექსის 62-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, დამქირავებლის ოჯახის წევრები და ის პირები, რომლებიც აღარ არიან დამქირავებლის ოჯახის წევრები, მაგრამ განაგრძობენ იმავე სადგომში ცხოვრებას, სარგებლობენ დამქირავებლის თანაბარი უფლებით. პალატამ ჩათვალა, რომ ერთი მხარის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება მეორე მხარის პირობების გაუარესების ხარჯზე გაუმართლებელია. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინიდან ¹7 ოთახის მოსარჩელისათვის გადაცემით საგრძნობლად უარესდება მოპასუხის საცხოვრებელი პირობები, რომელსაც ეს ოთახი გამოყენებული აქვს საძინებლად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა გაუქმებული საბინაო კოდექსით. ასევე, აპელანტს არ წარმოუდგენია მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთი, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მხარეები ოჯახებით ცხოვრობენ ხელვაჩაურის რაიონის კომუნალური განყოფილების ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, რომლის ძირითადი დამქირავებელიც არის ს. ფარტენაძე. ამასთან, თვით დ. ფ-ეც წარმოადგენს სადავო ბინის დამქირავებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ს., ასევე დ. ფ-ე წარმოადგენენ სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ფარტენაძე წარმოადგენს მისაღების, ¹2 და ¹7 ოთახების მფლობელს, ხოლო ს. ფ-ეს უჭირავს ¹3 და ¹4 ოთახები. ასევე, იგი სარგებლობს უკანა ფასადის აივნით, რომელზეც თავსა და ბოლოში ამოშენებულია სათავსები. მოცემულ შემთხვევაში ს. ფ-ე წარმოადგენს ¹7 ოთახის მფლობელს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია სხდომაზე მოწვეულ კომუნალური ფონდის წარმომადგენელს. სკ-ს 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. დ. ფ-ეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ ს. ფ-ე არამართლზომიერად ფლობს სადავო ნივთს. ამდენად, მისი მოთხოვნა, ¹7 ოთახის მის მფლობელობაში გადაცემის შესახებ, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან, ამიტომ იგი არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი აღნიშნული დავის გადაწყვეტისას გამოეყენებინა საბინაო კოდექსი. სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სკ-ს ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ითვალისწინებს ახალ წესებს. მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება უძრავი ქონების მფლობელობას. ახალი სამოქალაქო კოდექსი კი ძველი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით არეგულირებს მფლობელობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარი უნდა ეთქვას დ. ფარტენაძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

დ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.