Facebook Twitter

საქმე # 240100121004362614

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1322აპ-22 ქ. თბილისი

ა-ა კ. 1322აპ-22 14 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ წულაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ა-ს, - დაბადებულს … წლის … იანვარს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვის მფლობელობაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონო შესვლა და სხვა ქმედება, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის მაისიდან კ. ა-მ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია ს-ს რაიონის სოფელ თ-ში მდებარე სს „უ-ს“ და შპს „მ-ს“ კუთვნილ მიწის ფართობებზე, სადაც სარგებლის მიღების მიზნით, სს „უ-ს“ საკუთრებაში არსებული ს/კ N… მიწის ნაკვეთის 26.35 ჰა-ზე და შპს „მ-ს“ საკუთრებაში არსებული ს/კ … მიწის ნაკვეთის 85.8 ჰა-ზე, უკანონოდ დათესა, კულტივირებას უწევდა და მოიყვანა მარცვლოვანი მცენარე სიმინდი, რომლის მოსავლის აღებასაც, აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეთა ნების საწინააღმდგოდ, აგრძელებდა 2021 წლის 5 იანვრამდე. მითითებული ქმედების შედეგად სს „უ-ს“ მიადგა 200000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო შპს „მ-ს“ - 250000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

· 2021 წლის 18 მარტს, საღამოს საათებში, ს-ში, კ-ს ქ. №…-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, კ. ა-მ დაურეკა ვ. გ-ს მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, კერძოდ, უთხრა, რომ ,,მივიდოდა მასთან და მოკლავდა, სცემდა და გადაბუგავდა“, ასევე დაემუქრა ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რაც ვ. გ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით:

2.1. კ. ა-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. კ. ა-ს მიმართ 2021 წლის 6 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

2.3. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდა კ. ა-ს მიმართ შემდეგი ღონისძიება: კ. ა-ს აეკრძალა ს-ს რაიონის სოფელ თ-ში მდებარე სს ,,უ-ს’’ საკუთრებასა და შპს ,,მ-ს’’ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, საამისოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე, შეღწევა.

2.4. კ. ა-ს მიმართ 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

2.5. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდა კ. ა-ს მიერ დაზარალებულის ნებართვის გარეშე მასთან მიახლოების აკრძალვა, ასევე დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.

2.6. გამართლებულ კ. ა-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ წულაიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, კ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კ. ა-ს ბრალდების ეპიზოდი:

6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

6.2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კ. ა-ს მიერ ვ. გ-ს მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. ბრალდების მხარეს ამ ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ ვ. გ-ს ჩვენება. სხვა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ. ა-ს ბრალეულობას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

6.3. მოწმის სახით დაკითხვისას ვ. გ-მ განმარტა, რომ კ. ა-ს მასთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის დროსაც იგი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე - ოჯახის წევრების მიმართ შურისძიებით. ამის შემდეგ კ. ა-მ მას გაუგზავნა ირიბი მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

6.4. კ. ა-მ დაადასტურა ვ. გ-თან სატელეფონო კომუნიკაციის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ ორივე მხარემ მიაყენა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არავითარი მუქარა არ ჩაუდენია.

6.5. საყურადღებოა ისიც, რომ ვ. გ-ს განმარტებით, მან კ. ა-თან სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ კონსულტაცია გაიარა ადვოკატებთან, შპს ,,მ-ნ“ მოიპოვა სათანადო დოკუმენტაცია და ამის შემდეგ მიმართა პოლიციას ფაქტთან დაკავშირებით. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საეჭვო ხდება, რამდენად გაუჩნდა ვ. გ-ს საფუძვლიანი შიში კ. ა-თან საუბრისას, რაც წარმოადგენს მუქარის, როგორც დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს.

6.6. რაც შეეხება ვ. გ-ს მიერ ჩვენების მიცემისას ნახსენებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებიც მას საუბრის დღეს გადაუგზავნა კ. ა-მ და რომლის ამსახველი ეკრანის ანაბეჭდები მან წარმოადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში, როგორც სისხლის სამართლის საქმის ნაწილი, საკასაციო პალატას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიაჩნია, რომ ისინი ვერ გახდება და არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საკმარის მტკიცებულებას. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული არ არის მუქარის შემცველ შეტყობინებებზე და მასში ცალსახადაა განმარტებული, რომ მუქარა ჩადენილია დარეკვის გზით. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ასევე დააკონკრეტა, რომ სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა კ. ა-ს ბრალად შერაცხული არა აქვს. მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ვ. კ-მა განმარტა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მუქარის შემცველი არ ყოფილა. ცალსახაა, რომ ის, რაც პირს ბრალად შერაცხული არ ჰქონია, ვერ გახდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

6.7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ კ. ა-სა და ვ. გ-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა 2021 წლის 18 მარტს, ხოლო ვ. გ-მ მუქარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა 2021 წლის 26 მარტს, 8 დღის შემდეგ. აღნიშნული გარემოება აჩენს ეჭვს, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი - საფუძვლიანი შიში, ანუ აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად, მაშინ როცა 8 დღის განმავლობაში არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოსთვის მის მიმართ ჩადენილი მუქარის ასაცილებლად.

6.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას მუქარის ეპიზოდთან მიმართებით და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ. ა-ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

7. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით კ. ა-ს ბრალდების ეპიზოდი:

7.1. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია კ. ა-ს მიერ სხვის მფლობელობაში, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონო შესვლა და სხვა ქმედება, რომელიც არღვევს მფლობელობის ხელშეუხებლობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემდეგ გარემოებათა გამო:

7.2. საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლი კრძალავს ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას, რაც გულისხმობს მესაკუთრის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონო შესვლას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად ითვლება სხვა პირის ბინასა და სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნა, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს, უკანონოდ შევიდეს ბინაში თუ სხვა მფლობელობაში. ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ბინაში ან სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლა მოხდეს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და აღნიშნულმა დაარღვიოს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა.

7.3. რაც შეეხება მნიშვნელოვან ზიანს, იგი შეფასებით მომენტს გულისხმობს და სასამართლოს მიერ დადგინდება საქმის ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ. მნიშვნელოვანი ზიანი დანაშაულის მატერიალურ შემადგენლებას ქმნის და იგი დამთავრებულია სწორედ ზიანის დადგომის მომენტიდან. აღნიშნული ზიანი შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანში.

7.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. ა-ა არის სს „უ-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომლის 72% წილის მფლობელია შპს „მ-ა“, ხოლო აქციების 28% პაკეტის - კ. ა-ს ძმა - მ. ა-ა. 2019 წელს გაცემული მინდობილობით მ. ა-მ კ. ა-ს მიანიჭა უფლებამოსილება წარმომადგენლობაზე ნებისმიერ პირთან. ასევე დგინდება, რომ შპს „მ-ა“ და სს „უ-ი“ ფლობენ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. აქედან 189 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს შპს „მ-ა“, დანარჩენი სს „უ-ს“ ბალანსზეა. სს „უ-ი“ მდებარეობს ქ. ს-ში, სოფელ ტ-ს ტერიტორიაზე და მის საქმიანობას წარმოადგენდა მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება, რძის წარმოება, მერძევე მეურნეობა. შპს „მ-ა“ მდებარეობს თ-ში, მისი ნაკვეთები კი - სს „უ-ს“ ტერიტორიაზე. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება და სადავოდ არცერთი მხარე არ ხდის იმ გარემოებას, რომ მეწარმე სუბიექტებს ერთმანეთთან გააჩნიათ მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა; შპს „მ-ს“ დაარსებამდე კ. ა-ა წარმართავდა აღნიშნულ ტერიტორიაზე სამეურნეო საქმიანობას. შექმნა საქონლის ფერმა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ კ. ა-ს მიერ სიმინდის კულტურის დათესვამდე აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო გაველურებული, საჭიროებდა სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას, რათა სათესად გამოსადეგი ყოფილიყო; მისი დამუშავებისთვის საჭირო ხარჯებს იღებდა კ. ა-ა. მას ეხმარებოდა ადგილობრივი მოსახლეობაც. კ. ა-ა მათ ჰპირდებოდა, რომ სიმინდის მოსავლის აღების შემდეგ იმ დავალიანებას გაუსტუმრებდა, რაც კომპანიებს ჰქონდათ მათ მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილი გაუცემელი ხელფასების სახით.

7.5. იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2020 წლის ზაფხულში სატელეფონო საუბარი შედგა სს „უ-ს“ დირექტორ ვ. კ-სა და კ. ა-ს შორის, არ უარყოფს არც სს „უ-ს“ დირექტორი ვ. კ-ი. იგი განმარტავს, რომ საუბრის დროს კ. ა-მ უთხრა, რომ აპირებდა სიმინდის კულტურის დათესვას და მოყვანას.

7.6. კ. ა-ს ედავებიან, რომ მან უნებართვოდ გამოიყენა 112 ჰა მიწის ნაკვეთი, აქედან 86 ჰა - შპს „მ-ს“ და დაახლოებით 27 ჰა - სს „უ-ს“.

7.7. მოწმეების - გ. ნ-ს, პ. ჩ-ს, მ. ი-ს, პ. გ-ს, თ. ო-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი კ. ა-ს თხოვნით მონაწილეობდნენ მიწის ნაკვეთის გასუფთავებაში, თუმცა იცოდნენ, რომ ეს ნაკვეთი ეკუთვნოდა სს „უ-ს“. სად გადის საზღვარი შპს „მ-ა“ და სს „უ-ს“ მიწის ნაკვეთებს შორის, მათთვის უცნობია. კ. ა-ც ასე ეუბნებოდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის დამუშავებაც ხდებოდა, ეკუთვნოდა სს „უ-ს“. ასევე დასტურდება, რომ სს „უ-სა“ და შპს „მ-ს“ მიწის ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მიმდებარედ, გაუმიჯნავად და არც კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ იმის თქმა, ზუსტად სად გადის ზღვარი.

7.8. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის, ზ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იმ საკითხის დასადგენად, თუ ვის ტერიტორიაზე ჰქონდა დათესილი კ. ა-ს სიმინდი და რა ფართობზე, დაინიშნა სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა.

7.9. კ. ა-მ ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ნამდვილად საკუთარი ძალებით დაამუშავა 83 ჰა მიწის ნაკვეთი, მაგრამ აღნიშნული უნებართვოდ არ გაუკეთებია. სს „უ-სა“ და შპს „მ-ს“ მიწის ნაკვეთების საერთო ფართი 415 ჰექტარია. ეს მიწები არ არის გამიჯნული. „უ-ს“ მიწის ნაკვეთის 160 ჰა შუაშია მოქცეული. 2017 წლამდე სულ ამუშავებდნენ ამ მიწას.

7.10. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმის შესახებ, რომ კ. ა-ს ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას, კერძოდ:

7.11. კ. ა-ს მიერ დამუშავებული მიწის ნაკვეთის სხვის მფლობელობაში არსებობის ფაქტის დამადასტურებელი გარემოება, როგორიც შესაძლოა ყოფილიყო მიწის ნაკვეთის შემოღობვა, ან რაიმე მიმანიშნებელი ნიშნის არსებობა, თუ რომელი მიწის ნაკვეთი იყო შპს „მ-ს“ და რომელი - სს „უ-ს“, საქმის მასალებით არ დასტურდება. უფრო მეტიც, აღნიშნულის დასადგენად, თუ ვის ტერიტორიას წარმოადგენდა დამუშავებული მიწის ნაკვეთი, საჭირო გახდა ექსპერტიზის დანიშვნა.

7.12. კ. ა-ის წარდგენილი ბრალდება გამოიხატა იმაში, რომ მან, სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ დათესა სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სიმინდის კულტურა, რომლის მოსავლის აღებასაც აგრძელებდა აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ 2021 წლის 5 იანვრამდე. ბრალდების შინაარსი მიუთითებს მისი ქმედების მიზანზე - ხელი შეეშალა მესაკუთრეებისათვის უძრავი ქონების მფლობელობის განხორციელებაში. თუკი შპს „მ-ა“ და სს „უ-ს“ ხელმძღვანელები მიიჩნევდნენ, რომ ხელი შეეშალათ საქმიანობის განხორციელებაში და კ. ა-ს ქმედებით მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი, შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის სამოქალაქო სამართლებრივი წესით არსებული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

7.13. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. ა-ს ქმედებით სს „უ-ს“ მიადგა 200000 ლარის, ხოლო შპს „მ-ს“ - 250000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული არ არის, რის მიხედვით და საიდან განისაზღვრა ზიანის ოდენობა. როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განმარტა, დაცვის მხარის მიერვე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, თუ რა ოდენობით სიმინდის მოსავალი ვერ აიღეს კ. ა-ს მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „მ-მ“ და სს „უ-მა“. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ მიყენებულ ზიანში ბრალდების მხარე მოყვანილი სიმინდის აუღებლობით გამოწვეულ ზიანს გულისხმობს, მაშინ კ. ა-ს მიერ მოყვანილი სიმინდის მოსავალი ,,მ-ა“ და სს ,,უ-ს“ რომ აეღოთ, დაზარალებულები კ. ა-ს ქმედებას დიდი ალბათობით, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, მათი ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შესვლად აღარ მიიჩნევდნენ.

7.14. აქვე მხედველობაშია მისაღები დაზარალებულ ვ. გ-ს შეტყობინება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, სადაც მოყვანილია სიმინდი, შესულები არიან უცხო პირები და მათი ნებართვის გარეშე იღებენ სიმინდს.

7.15. ამდენად, დაზარალებულებს პრეტენზია კ. ა-ს მიმართ გაუჩნდათ სწორედ მაშინ, როდესაც კ. ა-მ არ მისცა დათესილი და მოყვანილი სიმინდის აღების შესაძლებლობა. მანამდე (მიწის ნაკვეთის დამუშავებიდან სიმინდის აღებამდე) მისი ქმედების გამო პრეტენზია არ გამოუხატავთ. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს იმის რწმენას, რომ რომ კ. ა-ს ქმედება სრულად ექცევა სამოქალაქო კოდექსის მოქმედების სფეროში.

8. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მარიამ წულაიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და კ. ა-ა გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ წულაიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი