საქმე # 140100121004885652
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1344აპ-22 ქ. თბილისი
ქ-ი შ. 1344აპ-22 23 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ქ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, და ზ. ფ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედებათ დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 16 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ. ნ-მა ქ. გ-ი, ს-ს ქ.№...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის განზრახვით, უკანონოდ შეძენილი და შენახული, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამდენიმე გასროლით ა. ა-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნული ფაქტის თვითმხილველები გახდნენ შ. ქ-ი და ზ. ფ-ი, რომლებმაც არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ და მათი დახმარებით ლ. ნ-მა ზ. ფ-ს ავტომანქანით, დანაშაულის ჩადენის იარაღთან ერთად, დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.
· შ. ქ-ი და ზ. ფ-ი იყვნენ დანაშაულებრივი ფაქტის ჩადენის თვითმხილველები. ლ. ნ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის, შ. ქ-მა და ზ. ფ-მა 2021 წლის 14 აპრილს, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ გამოკითხვის დროს უარყვეს ლ. ნ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ა. ა-ს განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტი.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენით:
2.1. ზ. ფ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ზ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 14 ივნისიდან.
2.3. შ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.4. შ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 14 ივნისიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ფ-მა და შ. ქ-მა ჩაიდინეს დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 16 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.გ-ი, ს-ს ქ.№...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ზ ფ-ი, შ. ქ-ი და ლ. ნ-ი, რა დროსაც ეს უკანასკნელი უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო ზ. ფ-სა და შ. ქ-ის, მათ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს; უფრო მეტიც, ლ. ნ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და ტარების ფაქტის შესახებ ზ. ფ-მა და შ. ქ-მა 2021 წლის 14 აპრილს სამართალდამცავ ორგანოებს გამოკითხვის დროსაც არ მიაწოდეს ინფორმაცია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
4.2. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განაჩენი.
4.3. შ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.
4.4. ზ. ფ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. იგი გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
4.5. შ. ქ-სა და ზ. ფ-ს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. კასატორმა - გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, შ. ქ-სა და ზ. ფ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5.1. გამართლებულების - შ. ქ-სა და ზ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ა-მა შესაგებლით მოითხოვა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ შემადგენლობათა კატეგორიას, რომელიც დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან ჩადენილია შესაბამისი კატეგორიების დანაშაული. ამასთან, მუხლის დისპოზიცია მკაფიოდ გულისხმობს იმის აუცილებლობას, რომ პირის მიერ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ ნამდვილ/სარწმუნო ინფორმაციის ფლობას/ცოდნას, კერძოდ, პირს უნდა გააჩნდეს სარწმუნო ინფორმაცა დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან იმ პირზე, ვინც უნდა ჩაიდინოს ან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე დანაშაული, ხოლო ცოდნის ნამდვილობა კი შესაძლებელია ეფუძნებოდეს იმას, რომ პირი იყო დანაშაულის თვითმხილველი ან დამნაშავეებთან/თანამონაწილესთან საუბრის დროს გაიგო სიმძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ ინფორმაცია პირისთვის შესაძლებელია ცნობილი/მოპოვებული გახდეს ასევე დოკუმენტებიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ. ამასთან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), კერძოდ, პირის მიერ კომპეტენტური ორგანოებისათვის შეუტყობინებლობაში, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ არ ატყობინებს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ შესაბამის ორგანოებს/პირებს, რომლის შესახებაც დანამდვილებით იცის და სურს ეს შედეგი, ხოლო შეუტყობინებლობის მოტივი შესაძლებელია იყოს შურისძიების შიში, ანგარება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება და ა.შ.
8. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც მან იცის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ, თუმცა მას დაუძლეველი ძალით, უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით ან მასზე განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო არ გააჩნდა რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ზემოაღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე ეცნობებინა სათანადო ორგანოებისათვის/პირებისათვის. ამასთან, ეს დანაშაული, როგორც წესი, დენადი ფორმით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი იწყება უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და მკვლელობის მცდელობის შესახებ შეუტყობინებლობა და იგივე მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თაობაზე ცრუ ინფორმაციის მიწოდება გამოძიებისათვის, მტკიცების თვალსაზრისით, საკმაოდ რთული ამოცანაა. პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს კონკრეტული პირის ინფორმირებულობა ამგვარი დანაშაულების ჩადენის თაობაზე. მტკიცებულებებით თუ ვერ დადასტურდება უტყუარად, რომ პირი სარწმუნო ინფორმაციას ფლობს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ, მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების არცოდნის თაობაზე განცხადების გაკეთება სამართალდამცავ ორგანოში ვერ განიხილება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლად.
10. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ზ. ფ-სა და შ. ქ-ს ედავება 2021 წლის 16 მარტს ლ. ნ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობისა და ტარების, ა. ა-ს მკვლელობის მცდელობის თაობაზე შეუტყობინებლობას, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და აპელირებს გამოკითხვის ოქმებზე, რომელთა მიხედვითაც მიაჩნია, რომ ზ. ფ-მა და შ. ქ-მა გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, კერძოდ:
11. შ. ქ-ს 2021 წლის 14 აპრილის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი 2021 წლის 16 მარტს იმყოფებოდა ლ. ნ-სა და ზ. ფ-თან ერთად. ლ. ნ-ი იყო ახალი დაოჯახებული და ამ ამბის აღსანიშნავად შ. დაპატიჟა თ-ი. 16 მარტს, შუადღის საათებში, ზ. ფ-მა და ლ. ნ-მა გაუარეს მას ზ-ს კუთვნილი „ფორდის“ მარკის ავტომანქანით. მან ითხოვა, ბ-ში წაყვანა და შემდგომ თავად ჩავიდოდა თ-ში. იგი იჯდა მძღოლის გვერდით, მარჯვნივ. ისინი ს-ს გამზირის საშუალებით, წავიდნენ ს-ს ქუჩაზე. ზ-მ ავტომანქანა გააჩერა გზის პირას არსებულ მაღაზიასთან, ლ. ნ-თან ერთად გადავიდა და შეიძინეს ყავა. აღნიშნულის შემდეგ კი დატოვეს ბ-ში. შ. ქ-მა მიუთითა, რომ ვ-ს დასახლებაში, ს-ს ქუჩაზე არსებულ მაღაზიასთან ყოფნისას მას იარაღიდან გასროლის ხმა არ გაუგია. ა. ა-ე მხოლოდ ის იცოდა, რომ არის გ-ი და ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეუნიშნავს, ასევე არ შეუმჩნევია ლ. ნ-ს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი. ა. ა-ვის ლ. ნ-ს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუყენებია.
12. ზ. ფ-ს 2021 წლის 14 აპრილის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2021 წლის 16 მარტს იგი ლ. ნ-თან ერთად აპირებდა თ-ში წასვლას მეგობართან, რათა აღენიშნათ ლ-ს დაოჯახება, ამიტომაც გაუარეს მეგობარ შ. ქ-ს, თუმცა მან ბ-ში დატოვება ითხოვა; შ-მ აღნიშნა, რომ შემდეგ თავად ჩავიდოდა თ-ში. ისინი ს-ს გამზირით წავიდნენ ს-ს ქუჩაზე, სადაც მივიდნენ სასურსათო მაღაზიაში. მან და ლ. ნ-მა შეიძინეს სამი ჭიქა ყავა, რის შემდეგაც შ. დატოვეს ბ-ში. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მასრასთან დაკავშირებით ზ. ფ-მა განმარტა, რომ მანქანაში მასრა არ ყოფილა და არ იცის, საიდან აღმოჩნდა. გამოკითხვისას მოწმემ აღნიშნა, რომ ა. ა-ს იცნობს, როგორც გ-ს და მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია; არც რაიმე სახის უთანხმოება ჰქონიათ ა. ა-თან მას, შ. ქ-სა და ლ. ნ-ს. მოწმემ მიუთითა, რომ ს-ს ქუჩაზე არსებულ მაღაზიასთან იარაღიდან გასროლის ხმა არ გაუგია. მისთვის უცნობია, თუ ვინ მიაყენა ა. ა-ს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება. მოწმის განმარტებით, ლ. ნ-ს არ ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღი და არც უსვრია ა. ა-ის, რომელიც ს-ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არ უნახავს.
13. ბრალდების მხარის მთავარი მოწმის - ხ. ლ-ს ჩვენების თანახმად, 2021 წლის 16 მარტს მუშაობდა სასურსათო მაღაზიაში. დაახლოებით 4-5 საათისთვის, მაღაზიაში შევიდა პირი, რომელმაც ჰკითხა, ამზადებდა თუ არა ყავას და სამი ჭიქა ყავის მომზადება სთხოვა. ყავის მომზადებისას შევიდა მეორე პირი და იკითხა კონკრეტული ყავა, რომელიც არ ჰქონდა. პირველ პირს, რომელიც მაღაზიაში შევიდა, ეკეთა პირბადე; შესაბამისად, ვერ დაიმახსოვრა მისი გარეგნობა, ხოლო მეორე პირს პირბადე არ ეკეთა და უფრო მეტად შეძლო მისი დამახსოვრება. აღნიშნული პირები მასთან მაღაზიაში დაახლოებით 3-4 წუთი იმყოფებოდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მათ ხელში ტელეფონი არ შეუნიშნავს. როდესაც მომზადებული ყავა გაიტანეს, რამდენიმე წუთში გაიგონა დაახლოებით 4-5 გასროლის ხმა, რის გამოც დაახლოებით 1 წუთში ისიც გავიდა გარეთ. მან დაინახა მუქი ფერის „ფორდი“, აგრეთვე ის მეორე პირი, რომელიც მასთან შევიდა მაღაზიაში. აღნიშნული პირი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა მანქანისკენ, ხელები ჰქონდა დაშვებული და მარჯვენა ხელში ეკავა პატარა ნივთი, რომელიც მან აღიქვა, როგორც იარაღი. მანვე მანქანის უკანა სალონის კარი გამოაღო მარცხენა ხელით და ჩაჯდა აღნიშნულ მანქანაში მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც მანქანა დაიძრა და წავიდა თ-ს მიმართულებით.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოწმე ხ. ლ-ს ჩვენება, ცალკე აღებული, არ იძლევა ზ. ფ-სა და შ. ქ-ს ბრალდების დადასტურების საფუძველს თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მოწმე ცალსახად უთითებს მასთან მაღაზიაში მყოფი ორი პირიდან ერთ-ერთის ამოცნობის შეუძლებლობაზე, ხოლო შ. ქ-ს შესახებ აღნიშნავს, რომ ის არასდროს უნახავს. ის ფაქტი, რომ მოწმე ხ. ლ-მ დაინახა იარაღი მისთვის უცნობი პირის (ლ. ნ-ს) ხელში, იმ დროს, როდესაც ჯდებოდა ავტომანქანაში, უპირობოდ ვერ გახდება იმის მტკიცების საფუძველი, რომ იარაღს აუცილებლად დაინახავდნენ ავტომანქანაში მსხდომი პირებიც - ზ. ფ-ი და შ. ქ-ი. როგორც დგინდება, ისინი ისხდნენ ავტომანქანის წინა სალონში, ხოლო პირი, რომელსაც ხელში, ხ. ლ-ს აღქმით, იარაღი ეჭირა, ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სალონში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეს პირი მანამდე ორჯერ შევიდა მაღაზიაში, სადაც ხ. ლ-ე მუშაობს, თუმცა მას ამ პერიოდში მისთვის საეჭვო საგანი არ შეუნიშნავს. ამდენად, იმის მტკიცება, რომ ზ. ფ-სა და შ. ქ-ს აუცილებლად უნდა შეენიშნათ და უნდა სცოდნოდათ მათთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირის - ლ. ნ-ს მიერ იარაღის ფლობის ფაქტი, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, მართალია, დაუდგენელია, როგორ მოხვდა ზ. ფ-ს ავტომანქანაში ერთი ცალი გასროლილი მასრა, თუმცა, შეუძლებელია აღნიშნული მასრის ავტომანქანის უკანა სალონში, მარჯვნივ, მგზავრის სავარძლის წინ, ფეხის დასადებზე აღმოჩენის გამო იმ ფაქტის დადგენილად მიჩნევა, რომ ზ. ფ-მა და მასთან ერთად ავტომანქანის წინა სალონში მჯდომმა შ. ქ-მა ნამდვილად იცოდნენ ავტომანქანაში მასრის არსებობისა და ლ. ნ-ს მიერ იარაღის ფლობისა და ტარების შესახებ,.
15. ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა დვდდისკებზე ჩაწერილი ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც გამოსახულია მაღაზიის შიდა და გარე პერიმეტრი. შიდა კამერებში გამოსახულია ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს მაღაზიის დახლები და სალარო, გარე კამერების ჩანაწერში - მაღაზიის წინა მხარე, მაღაზიის კიბე და წინ მოასფალტებული ადგილი, ასევე - მაღაზიის კარიდან მარჯვნივ დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ კამერების ჩანაწერის დროით 23:36 საათზე, მაღაზიის წინ მოასფალტებულ ადგილზე ჩერდება რუხი ფერის მსუბუქი ავტომობილი, საიდანაც წინა მარცხენა მხრიდან გადმოდის მამაკაცი მონაცრისფრო სპორტულ ტანსაცმელში და შედის მაღაზიაში, რამდენიმე წამში აღნიშნული მანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის მუქი ფერის ჟილეტით მამაკაცი, მუქი წვერით და საუბრობს ტელეფონზე, იგი შედის მაღაზიაში. რამდენიმე წამში ხსენებული მუქშარვლიანი და ჟილეტიანი მამაკაცი ტელეფონზე საუბრით გამოდის მაღაზიიდან და ნელი სირბილით მიდის მაღაზიიდან მარჯვნივ; დაახლოებით ერთ წუთში ბრუნდება მაღაზიასთან და შედის შიგნით; რამდენიმე წამში ისევ გამოდის მაღაზიიდან და დგას კარსა და კიბეებს შორის; დაახლოებით ერთ წუთში მაღაზიიდან აწვდიან ქილის მსგავს საგანს, ჩამოდის რამდენიმესაფეხურიან კიბეზე და მისი მანერებით ჩანს, რომ ესაუბრება რუხი ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს მჯდომ პირს; რამდენიმე წამში მაღაზიიდან გამოდის მონაცრისფრო სპორტული ტანსაცმლით მამაკაცი, რომელსაც პირბადე უკეთია, ხელში უჭირავს ორი ქილის მსგავსი საგანი და მიდის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს, ფანჯრიდან ერთ ქილას აძლევს ავტომანქანაში მჯდომ პირს და შემდეგ მიდის წინა მარცხენა მხარეს არსებულ კართან, ხოლო წვერიანი და მუქჟილეტიანი მამაკაცი ჯდება ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს. ერთ წუთში მაღაზიის კარის გვერდით მდგარ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მაღაზიის მარცხენა მხრიდან მიდის ახალგაზრდა მამაკაცი. ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით, 23:43 საათზე, ხსენებული რუხი ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის მუქი ფერის შარვლითა და ჟილეტით წვერიანი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მარჯვენა ხელს იდებს მუქი ფერის ჟილეტის წინა მარჯვენა ჯიბეში და ხელჩადებული მიდის მაღაზიიდან მარჯვენა მხარეს. ამ დროს რუხი ფერის ავტომანქანა იძვრება, მიდის მაღაზიიდან მარჯვენა მხარეს და რამდენიმე წამით ჩერდება მაღაზიის მარჯვნივ. შვიდი წამის შემდეგ მაღაზიიდან სწრაფად გამოდის მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი, რომელიც იხედება მაღაზიიდან მარჯვენა მხარეს; კადრში ჩანს მამაკაცის ქვედა კიდურები, რომელსაც ეცვა მუქი შარვალი, ფეხსაცმელი და ჩაჯდა აღნიშნული ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს, რის შემდეგ ეს ავტომანქანა იძვრება და გადის კადრიდან.
16. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად მიიჩნევს, რომ დასახელებული ვიდეოჩანაწერი არასაკმარისი მტკიცებულებაა იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, რასაც ბრალდების მხარე ედავება ზ. ფ-სა და შ. ქ-ს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ჩანაწერში, მას შემდეგ, რაც მაღაზიიდან გამოდის იქ მომუშავე ქალბატონი და იხედება მარჯვნივ, კადრში ჩნდება პირი წელს ქვემოთ, შავი შარვლითა და მუქი ფეხსაცმლით, რომელიც ჯდება მანქანის უკანა მარჯვენა სავარძელზე. ვიდეოჩანაწერში არ ჩანს არც ამ პირის მარჯვენა ხელი და არც მის ხელთარსებული იარაღი ან იარაღისმაგვარი საგანი. მითითებული მტკიცებულების შემავსებლად არ გამოდგება ასევე სოფელ ბ-ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმის სახით დაკითხული ო. ჭ-ს ჩვენება, რომელმაც დაათვალიერა დისკები და მათზე ამოიცნო ლ. ნ-ი. აღნიშნულმა მოწმემ სასამართლოში განმარტა, რომ მის მიერ დათვალიერებული ვიდეოჩანაწერები იყო ახლო ხედით გადაღებული და განირჩეოდა ლ. ნ-ს სახე, თუმცა მას იარაღი არ დაუნახავს, მხოლოდ შეამჩნია, რომ მანქანიდან გადმოსვლის მომენტში ჟილეტის ჯიბეში ედო ხელი. რაც შეეხება ზ. ფ-სა და შ. ქ-ს, მოწმემ განმარტა, რომ მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ვიდეოჩანაწერი და, მით უფრო, მოწმე ო. ჭ-ის ჩვენება არ იძლევა ინფორმაციას არათუ იმის შესახებ, იცოდნენ თუ არა ზ. ფ-მა და შ. ქ-მა რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის თაობაზე ლ. ნ-ს მხრიდან, არამედ - მათი იქ ყოფნის შესახებაც კი. 2021 წლის 16 მარტს, ქ.გ-ი, ს-ს ქ.№...-თან მათ ერთად ყოფნის ფაქტს ადასტურებენ თავად გამართლებულები იმ სადავო გამოკითხვის ოქმებში, რა დროსაც მიწოდებულ არასწორ ინფორმაციას ედავება მათ ბრალდება, თუმცა განხილული მტკიცებულებებით აღნიშნული ინფორმაციის დადგენა შეუძლებელია. სახელმწიფო ბრალმდებელს მხედველობიდან რჩება ის გარემოება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგანს წარმოადგენს ზ. ფ-სა და შ. ქ-ს შემთხვევის - უშუალოდ მკვლელობის მცდელობის ადგილზე ყოფნისა და მათ მიერ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შეცნობის ფაქტი.
18. არაინფორმაციული მტკიცებულებაა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც მომხდარი ფაქტის ადგილის აღწერილობისა და იქ აღმოჩენილი ნივთების, მათ შორის - 6 ცალი მასრის ამოღების გარდა, მისი შინაარსიდან არაფერი მიუთითებს ზ.ფ-სა და შ. ქ-ს ბრალეულ ქმედებებზე. მოწმე ხ. ლ-ნ განსხვავებით, ექვსჯერ გასროლის ხმას ადასტურებს მოწმე ს. მ-იც, თუმცა არ დაუნახავს, ვინ ისროდა. მან შეცდომით მიუთითა საცხობისა და მაღაზიის შესახვევიდან გამოსული ავტომანქანის ფერიც, რომელზეც განმეორებითი გამოკითხვისას აღნიშნა, რომ შეცდომით დაასახელა თავისი ძმის მანქანის ფერი, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არც ამგვარი გამოკითხვა და არც მანქანის ფერი არ ახსოვს. ნიშანდობლივია, რომ დასახელებული მოწმე საერთოდ არ საუბრობს ამ საქმეში ბრალდებულ პირებზე.
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რამდენად ექცეოდა ავტომანქანაში მსხდომი პირების - ზ. ფ-სა და შ. ქ-ს მხედველობის არეში უშუალოდ მკვლელობის მცდელობის ადგილი და შეძლებდნენ თუ არა ისინი დანაშაულის ფაქტის დაფიქსირებასა და იარაღიდან გასროლის ხმის გაგებას. ამ მიმართებით საყურადღებოა ლ. ნ-ს მიმართ დადგენილი გამამატყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მოწმეების - ი. ნ-სა და ნ. ხ-ს ჩვენებების თანახმად, მათ მოესმათ რამდენიმე გასროლის ხმა, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს, რადგან ფოიერვერკის ხმა ეგონათ.
20. ცალკე ყურადსაღებია ის მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ზ. ფ-ს ავტომანქანაში აღმოჩენილ მასრას, კერძოდ, ზ. ფ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკისას ავტომანქანის უკანა სალონში, მარჯვნივ, მგზავრის სავარძლის წინ, ფეხის დასადებზე ნანახი და ამოღებულ იქნა ერთი ცალი სავარაუდო მასრა, რაც დაილუქა კანონის შესაბამისად. აღნიშნულ ოქმზე ფიქსირდება ზ. ფ-ის ხელმოწერა, მას რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ამოღების ოქმით კი დგინდება, რომ ზ. ფ-ან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ავტომანქანა „ფორდი“, სახ.№..., რომელიც დაილუქა კანონის შესაბამისად.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ თუნდაც ზ. ფ-მა იცოდა ლ. ნ-ს ქმედებების ან მის მიერ იარაღის ფლობის თაობაზე. შ. ქ-ს კი აღნიშნული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ცოდნას ბრალდების მხარე მიაწერს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არც ლ. ნ-ი და არც თავად ბრალდებულები ლ. ნ-ს საქმეზე გამოკითხვისას არ უარყოფდნენ შემთხვევის დროს ერთად ყოფნის ფაქტს.
22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ზ. ფ-მა და შ. ქ-მა ჩაიდინეს დანაშაულის შეუტყობინებლობა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გზით - in dubio pro reo პრინციპის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზ. ფ-სა და შ. ქ-ს მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
23. ,,უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში” (საქართველოს საკნსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-77).
24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი