საქმე # 330100121004290432
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1306აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ი ნ, 1306აპ-22 23 მარტი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ბ-ს, - დაბადებულს … წლის … თებერვალს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 10 დეკემბერს, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-6 სამმართველოს მიერ ნ. ბ-ის მიმართ გამოიცა №…. შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ნ. ბ-ს აეკრძალა მ. კ-ის საცხოვრებელ სახლთან - ქ.თ-ი, ზ-ის დასახლების მე-… მ/რაიონის, მე-… კვარტლის №.. კორპუსში მდებარე ბინა №…-თან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მ. კ-ი შესაძლოა იმყოფებოდა, ასევე - ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო, სოციალური ქსელითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 16 დეკემბერს ნ. ბ-ა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, საღამოს საათებში მივიდა მ. კ-ის საცხოვრებელ სახლთან და ელოდებოდა კორპუსის შესასვლელ სადარბაზოსთან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით:
2.1. ნ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ; ასევე - საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაწესებული დაზარალებულთან ყოველგვარი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.
2.3. გამართლებულ ნ. ბ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, ნ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ნ. ბ-ის ბრალეულობა. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ყოველგვარი ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ. კ-ა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
8. ნ. ბ-ა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.
9. №… შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ მ. კ-ის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის საფუძვლით 2020 წლის 10 დეკემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც ნ. ბ-ს აეკრძალა მ. კ-ის საცხოვრებელ სახლსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე - მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
10. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დაზარალებული მ. კ-ი ცხოვრობს თ-ი, ზ-ის დაასხლებაში, მე-… მ/რაიონში, მე-… კვარტლის №… კორპუსში. ამ მიმართებით საყურადღებოა მოწმე ლ. ა-ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა 2020 წლის 16 დეკემბერს მეგობრის - ნ. ბ-ის თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყოფნის ფაქტი (თ-ი, ზ-ის დასახლება, მე-.. მ/რაიონი, მე-… კვარტალი, კორპუსი №…), თუმცა აღნიშნა, რომ ნ. ბ-ი იქ მისული იყო მის სანახავად, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას ხელი დაიზიანა; ვინაიდან 21 საათზე იწყებოდა კომენდანტის საათი, იგი მალევე ავიდა სახლში, ხოლო ნ-ი ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა ისე, რომ არათუ მ. კ-ის სადარბაზოსთან, კორპუსთანაც არ მისულა.
11. იგივე ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს მოწმე მ. კ-ი, რომელმაც თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ ნ. ბ-ის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს პირადად არ შესწრებია; მოწმემ მ. კ-ან იცის, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ იყო მეგობართან მისული მ. კ-ის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ მის სადარბაზოსთან არ მისულა, თუმცა მან აღიქვა, რომ ნ-ი მის სანახავად იყო მისული. რაც შეეხება მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ სხვა მტკიცებულებებს (მოწმეების - ც. ფ-ის, ვ. ა-ს, კ. ბ-ის, ნ. ზ-ის, ნ. გ-ას, ნ. მ-ა და ნ. ა-ის გამოკითხვის ოქმები), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ისინი გამომდინარეობს მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებიდან და არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები.
12. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, ნ. ბ-ის მხრიდან მ. კ-ის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა, დაედასტურებინა ნ. ბ-ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა აღნიშნული ინფორმაცია, არის თავად დაზარალებული მ. კ-ი, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზეც, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარეს საჩივარში არ მიუთითებია.
14. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი