Facebook Twitter

საქმე N 330802223006959906

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№18I-23 23 მარტი, 2023 წელი

გ–ი ს., 18I-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. (S–m) გ–ს (გ–ი) (G-k) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. გ–სის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: თ–ს რესპუბლიკის ქ. ბ–სა და ქ. ს–ში, 2006-2008 წლებში და მის შემდგომ პერიოდში, ს. გ–სი და მისი თანამონაწილეები აწარმოებდნენ სადაზღვევო და სხვა სახის კომპანიებისგან მძიმედ დაზიანებული ავტომანქანების შესყიდვას და ამავე დროს სხვადასხვა ქალაქებში ეწეოდნენ იმავე მარკისა და მოდელის ავტომანქანების ქურდობას. შემდგომ ეტაპზე მოცემული პირები ს. გ– ს ხელმძღვანელობით მოპარულ ავტომანქანებზე ცვლიდნენ ძარისა და შასის ნომრებს და სხვა საჭირო მონაცემებს, რის შემდეგაც ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით ეწეოდნენ ქ.ბ–სა და ქ.ს–ში დაზარალებულებზე მათ რეალიზაციას.

1.2. 2013 წლის 31 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-5 სასამართლოს განაჩენით ს. გ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საჯარო დაწესებულებების და ორგანიზაციების ან სხვა სახის იურიდიული პირის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 20 წლითა და 60 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.3. 2019 წლის 5 მარტს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე-15 პალატის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

1.4. 2019 წლის 17 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ბურსას რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ს. გ–ს დაკავების ბრძანება.

1.5. 2021 წლის 22 ივნისს ს. გ–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ს. გ–სის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2021 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ს. გ–სის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2.2. 2022 წლის 7 დეკემბერს ს. გ–სი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2.3. 2022 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ს. გ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით ს. გ–ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა - 3 თვით, 6 თვემდე - 2023 წლის 7 ივნისამდე.

2.5. ამჟამად ს. გ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.6. 2023 წლის 6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ს. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-5 სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საჯარო დაწესებულებების და ორგანიზაციების ან სხვა სახის იურიდიული პირის გამოყენებით).

2.7. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ს. გ–სი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - ა. გ–ი არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ს. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ბურსას მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის მე-5 სასამართლოს 2013 წლის 31 დეკემბრის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საჯარო დაწესებულებების და ორგანიზაციების ან სხვა სახის იურიდიული პირის გამოყენებით).

2.9. 2023 წლის 16 მარტს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, მიმღებ ქვეყანას არ აქვს უფლება მოახდინოს თავშესაფრის მაძიებლის ექსტრადირება მისი წარმოშობის ქვეყანაში მანამ, სანამ ამ პიროვნების თავშესაფრის თხოვნის განხილვა მიმდინარეობს. იგივე შეზღუდვა მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მომთხოვნმა ქვეყანამ გასცა დიპლომატიური გარანტიები იმის თაობაზე, რომ ექსტრადირების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი არ ექნება. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს ან თუ მას ამგვარი სტატუსი არ ეკუთვნის, მაშინ ეს პირი არ იქნება ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში დაცული. თუმცა მიმღებ ქვეყანას მის მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული არგაძევების ვალდებულების გამო შეიძლება მაინც აეკრძალოს ამ პირის ექსტრადირება. მოცემულ შემთხვევაში, ს. გ–ი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ს–ში თავშესაფრის მაძიებელ პირს და სარგებლობს ზემოაღნიშნული უფლებებითა და გარანტიებით. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 20 წლითა და 60 თვით თავისუფლების აღკვეთა (ჯამში 25 წელი) იმ დანაშაულისთვის, რისთვისაც ქართული კანონმდებლობით სასჯელის მაქსიმალური ვადა შადგენს 7 წელს არის არაპროპორციული, რაც უპირობოდ წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე ს. გ–ი წლებია ცხოვრობს ს–ში და ეწევა ბიზნეს საქმიანობას. 2016 წელს ს. გ–სმა ს–ში დააფუძნა შპს ,,.....“, ს/კ .........., სადაც დღეის მდგომარეობით ფლობს 60% წილს, ერთპიროვნულად არის კომპანიის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - გენერალური დირექტორი. კომპანიას დასაქმებული ჰყავს უამრავი ს–ს მოქალაქე, რომელთა სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი არის ს. გ–სი. გარდა ამისა, იგი 2016 წლიდან ფლობს ს–ში ბინადრობის უფლებას, ს–ში აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და საკუთრებაში აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, არ არის ნასამართლევი. დღეის მდგომარეობით ს. გ–ი არის ს–ში თავშესაფრის მაძიებელი პირი და სარგებლოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილი უფლებებით (თავშესაფრის მინიჭების საქმე დღეის მდგომარეობით იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიაში). ამასთან, თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე ს. გ–ი და ს–ს მოქალაქე ვ. დ–ა 2020 წლის 5 ნოემბრიდან ს. გ–ის დაკავების დღემდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ს. გ–ი 2022 წლის 13 იანვარს ინტერპოლის ხაზით დააკავეს ს–ს რესპუბლიკაში, სადაც 9 თვე იმყოფებოდა საექსტრადიციო პატიმრობაში, თუმცა იმის გამო, რომ იგი სარგებლობდა ს–ში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მისი თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია ვერ განხორციელდა. საბოლოოდ იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან და ჩამოვიდა საქართველოში, საკუთარ ოჯახში.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ს. გ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას შეამოწმა ექსტრადიციის გამომრიცხველი ყველა გარემოება, კერძოდ:

3. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტისა და ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. განსახილველ შემთხვევაში საექსტრადაციო მასალებით ირკვევა, რომ ს. გ-ს ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი საჯარო დაწესებულებების და ორგანიზაციების ან სხვა სახის იურიდიული პირის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სასჯელის ¾-ით გაზრდის შესაძლებლობით. ამასთან, აღნიშნული დანაშაულისათვის ს. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 20 წლითა და 60 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული ქმედება დანაშაულად ითვლება და დასჯადია საქართველოს კანონმდებლობითაც.

5. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა სულ მცირე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე. ამდენად, მოცემულ საქმეში ს. გ–ს თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულისათვის სასჯელის სახით, გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა და მას ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.

6. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. დანაშაულებრივ ქმედებას, რომელის ჩადენისთვისაც მოითხოვება ს. გ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თ–ს რესპუბლიკაში ს. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2013 წლის 31 დეკემბერს, რამაც საბოლოო სახე მიიღო 2019 წლის 5 მარტს. ხოლო 2019 წლის 17 ივნისს გამოიცა ს. გ–ს დაკავების ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ს. გ–სის მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით.

7. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. გ–ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთათვის სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. ხოლო ,,საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ს. გ–ი არ ითვლება ს–ს მოქალაქედ, ან ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე.

9. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ს–ში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი ს–ში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

10. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, ს. გ–ს უარი ეთქვა ს–ში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ს. გ–ი უფლებამოსილია მოცემული გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებულ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანხმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა არსებული კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციაზე ვერ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულფასოვნად შეისწავლა ექსტრადიციის დასაშვებობის ზემოაღნიშნული წინაპირობები, საკასაციო სასამართლო კი ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

12. საკასაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს რამდენიმე გარემოებას: მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში კასატორი ზოგადად უთითებს ს. გ–ს მიმართ ძირითადი უფლებების დარღვევის შესაძლებლობაზე, თუმცა ვერ ასაბუთებს აღნიშნული საფრთხის არსებობას. ამასთან, არ წარმოუდგენია განცხადება ან მტკიცებულება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის არსებობის თაობაზე. საკასაციო საჩივარში გარემოებები, რომლებითაც დასაბუთდებოდა ძირითადი უფლებების დარღვევის რისკი მითითებული არ არის.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ, თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ს. გ–ის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა მის მიმართ დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია ინტერნეტის ღია წყაროებში არ იძებნება.

14. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მთელი დროის განმავლობაში ს. გ–სის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ს. გ–ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას და მიიღება ყველა საჭირო ზომა მის დასაცავად ნებისმიერი სახის მოპყრობისაგან, რომელიც შეიძლება გაუტოლდეს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ნებისმიერი განცხადება პირის მიმართ ისეთი მოპყრობის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლს, გამოძიებული იქნება სრულყოფილად და მიუკერძოებლად და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად დაისჯება სისხლისსამართლებრივი წესით.

15. საკასაციო სასამართლო სასჯელის არაპროპორციულობასთან დაკავშირებით კასატორის არგუმენტზე განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების კომპეტენციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ს. გ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე. ამდენად, ს. გ–სის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

16. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ს. გ–ის თ–ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

17. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის განმარტებით ს. გ–ს საქართველოს მოქალაქესთან აქვს ოჯახური კავშირი. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ს. გ–ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში და მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშანვია, რომ თ–ს რესპუბლიკა წარმოადგენს ს–ს მოსაზღვრე სახელმწიფოს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, საქართველოში მყოფ ს. გ–სის ოჯახის წევრს ექნება შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე გადალახოს თ–ს რესპუბლიკის საზღვარი და მოინახულოს ს. გ–ი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ს. გ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. გ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. (S–m) გ–ს (გ–ი) (G–k) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 9 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე