Facebook Twitter

¹ ას-568-1224-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და შრომის წიგნაკის გაუცემლობისათვის კომპენსაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. დ-ია მუშაობდა სს “რ. მ. კ.” მარტენის საამქროს ..... იგი ამ სამუშაოდან გათავისუფლდა შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, შტატების შემცირების გამო. მან 2002წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს “რ. მ. კ.” ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო კომპენსაცია. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მისი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ე. დ-ას მოთხოვნა შრომის წიგნაკის გაუცემლობისათვის ადმინისტრაციისათვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, სს “რ. მ. კ.” ე. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო კომპენსაციის 1552 ლარი და 60 თეთრის – გადახდა, ასევე დაკმაყოფილდა ე. დ-ას მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. დ-ამ იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

სს “რ. მ. კ.” გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. დ-ას სარჩელი შრომის წიგნაკის გაუცემლობისათვის ადმინისტრაციის ბრალით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 15 მაისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება პალატის სხდომაზე სს “რ. მ. კ.” წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო. ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს “რ. მ. კ.” დირექტორის სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო; დაკმაყოფილდა ე. დ-ას სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება ე. დ-ას სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; გაუქმდა სს “რ. მ. კ.” მარტენის საამქროს უფროსის 1999წ. 1 დეკემბრის ¹032/123 განკარგულება ე. დ-ას სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში – ე. დ-ა აღდგენილ იქნა სს “რ. მ. კ.” მარტენის საამქროში ..... სს “რ. მ. კ.” დაეკისრა ე. დ-ას სასარგებლოდ 2001წ. 19 ნოემბრამდე იძულებით განაცდურის ანაზღაურება 1450 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს “რ. მ. კ.” გენერალურმა დირექტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საწარმო დროებით გაჩერებულია და სასამართლო სხდომაზე მათი წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, ხოლო მისი შეცვლა კი სხვა კომპეტენტური პირით ვერ მოხერხდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის განჩინებით სს “რ. მ. კ.” საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მთავარი სხდომა დაინიშნა 2003წ. 25 ივლისს 1200 საათზე; ამ განჩინებით განემარტა საჩივრის ავტორს, რომ პროცესზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 25 ივლისს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრის ავტორი სს “რ. მ. კ.” წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო. მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს “რ. მ. კ.” საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი – სს “რ. მ. კ.” წარმომადგენელი, რომლისთვისაც ცნობილი იყო სასამართლოს სხდომის დრო სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. პროცესზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ ე. დარსალიამ და მისმა წარმომადგენელმა ლ. ლ-ემ იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. პალატამ მიუთითა, რომ საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის 2003წ. 1 ივლისის განჩინებით გაფრთხილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით, მისი საჩივრის განხილვაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე. კერძოდ, სსკ-ს 242-ე მუხლის შესაბამისად მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “რ. მ. კ.” გენერალურმა დირექტორმა და რეაბილიტაციის მმართველმა მათ მოითხოვეს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება სააპელაციო პალატაში. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მათი წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, ე.ი საპატიო მიზეზით, რის გამოც სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს “რ. მ. კ.” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 ივლისის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული სს “რ. მ. კ.” საჩივარი იმავე სასამართლოს 2002წ. 15 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის თობაზე და მთავარი სხდომა დაინიშნა 2003წ. 25 ივლისს 12 საათზე; იმავე განჩინებით განემარტა საჩივრის ავტორს, რომ პროცესზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ. ამ განჩინების ასლი გაეგზავნა მოპასუხე ორგანიზაციას. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის სასამართლოს განჩინების ჩაბარების პასუხი, რომელიც ჩაბარდა 2003წ. 28 ივლისს, ე.ი მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. საქმეში წარმოდგენელია მოპასუხე ორგანიზაციისთვის გაგზავნილი სასამართლო შეტყობინებები სააპელაციო პალატის სხდომის 2003წ. 25 ივლისს ჩატარების შესახებ, მაგრამ ამ შეტყობინებებში არ არის მითითებული მხარის პროცესზე განმეორებით გამოუცხადებლობის შედეგებზე, კერძოდ, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხე ორგანიზაცია არ იყო მოწვეული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამიტომ იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია და იგი უნდა გაუქმდეს.

მართალია, კასატორი ზემოაღნიშნულ მოტივს არ მიუთითებს საკასაციო საჩივარში, მაგრამ სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტების. 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი კი ეხება იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებებს, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “რ. მ. კ.” გენერალური დირექტორი ნ. ღ-ას და რეაბილიტაციის მმართველი ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.