გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-570-1232-03 18 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ჩ-ემ 2001წ. 11 აპრილს აღძრა სარჩელი ხაშურის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე რ. ლ-ის გამოსახლება ხაშურში, ... მდებარე სახლიდან, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ სახლში მდებარე მის სახელზე რიცხული პირველი სართულის ¹3 და მეორე სართულის ¹7 და ¹8 ოთახები დროებით სარგებლობაში დაუთმო მოპასუხეს და მისი ოჯახის წევრებს 1992 წელს, მაგრამ ახლა მას აღნიშნული ბინა სჭირდება გასაქირავებლად, ხოლო მოპასუხემ უარი განაცხადა ბინის დაცლაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლით განცდილი ზიანის 1150 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაც.
რ. ლ-ემ შეგებებული სარჩელი შეიტანა და მოითხოვა სადავო სახლის მესაკუთრედ ცნობა, იმ საფუძვლით, რომ მან რ. ჩ-ესთან დადო სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რაშიც გადაიხადა 400 ლარი, ხოლო მისი სანოტარო წესით გაფორმება ვერ მოხერხდა რ. ჩ-ის ბრალით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდებოდა რ. ჩ-ის სარჩელი, რ. ლ-ემ ითხოვა მისთვის მეტერიალური და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 5000 ლარის დაკისრება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ. ლ-ე, ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებული იქნა სადავო ფართიდან რ. ჩ-ეს რ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 700 ლარის გადახდა.
რ. ჩ-ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის – 1150 ლარის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. რ. ლ-ეს უარი ეთქვა სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 თებერვლის განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე რ. ჩ-ის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ ჩართული იქნა ნ. ჩ-ე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე რ. ლ-ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის და მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რ. ლ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. ლ-ე ცნობილ იქნა ხაშურში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹3,7,8 ოთახების მესაკუთრედ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ჩ-ის უფლებამონაცვლემ, ნ. ჩ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 69-ე, 477-ე მუხლები, რომლითაც ცნო რ. ლომიძე სადავო ფართის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის უფლებამონაცვლის ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლის საფუძველზეც რ. ლ-ე გამოსახლებულ იქნა თავის ოჯახის წევრებთან ერთად ხაშურში, ... მდებარე ¹3,7,8 ოთახებიდან. დაკმაყოფილდა რ. ლ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ და ნ. ჩ-ეს რ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1700 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სკ-ს 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არასწორად მოახდინა მხარეთა შორის დადებული ხელწერილის დამოწმება სასამართლოს გადაწყვეტილებით და რ. ლ-ის სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა, რადგან, თუ გარიგება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას იგი უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებისას საკმარისი არ არის მხოლოდ 477-ე მუხლზე დაყრდნობა. რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სკ-ს 328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ის მოთხოვნა რ. ლ-ის გამოსახლების შესახებ თავისი ოჯახის წევრებთან ერთად საფუძვლიანია, რადგან იგი არის მესაკუთრე და სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად შეუძლია მოსთხოვოს მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება, ხოლო მისი მოთხოვნა მოპასუხისათვის ქირის სახით 1150 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რადგან მხარეთა ურთიერთობის საფუძველი არასოდეს ყოფილა ქირავნობის ხელშეკრულება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია ასევე, რომ რ. ლ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მხარის მიერ დაზუსტებულ იქნა და მოითხოვა გადაცემული თანხის 400 ლარის და მიყენებული ზიანის, სულ 1700 ლარის გადახდა, საფუძვლიანია. სკ-ს 976-ე მუხლის თანახმად, რომლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, პირს, რომელმაც სხვა ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილად ცნობის გამო არ არსებობს ამავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. სააპელაციო პალატამ დაადგენილად მიიჩნია, რომ რ. ლ-ის მიერ სახლზე ჩატარებული იქნა 1300 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია აპელანტისათვის მთლიანობაში 1700 ლარის დაკისრება რ. ლ-ის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ლ-ის შეგებებული სარჩელის – ნ. ჩ-ისათვის სადავო ქონებაზე გაწეული დანახარჯების გადახდევინების დაკმაყოფილებისა და სახელმწიფო ბაჟის 14,50 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჩ-ის უფლებამონაცვლემ ნ. ჩ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
თავის საკასაციო საჩივრის საფუძვლად მხარემ შემდეგი გარემოებანი მიუთითა. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვერ მიუთითა კონკრეტული მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება დასკვნა იმის თაობაზე, რომ სადავო ქონებაზე გაწეული დანახარჯების ღირებულება შეადგენს 1300 ლარს. სააპელაციო სასამართლოს თავისი დასკვნების დასასაბუთებლად უნდა გამოეყენებინა სკ-ს 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 105-ე მუხლის მეორე ნაწილის, 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნები, რაც არ გამოიყენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის უფლებამონაცვლის ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რ. ლ-ე გამოსახლებულ იქნა ხაშურში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ¹3 და მეორე სართულის ¹8 და ¹7 ოთახებიდან. დანარჩენ ნაწილში სარჩელის მოთხოვნას ეთქვა უარი. დაკმაყოფილდა რ. ლ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ. ნ. ჩ-ეს რ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1700 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მხოლოდ ნ. ჩ-ემ.
პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 249-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების მოთხოვნები, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღნიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ისე დააკისრა ნ. ჩ-ეს 1700 ლარი არ დაასაბუთა რას დაეყრდნო მისი გადაწყვეტილება თანხის დაკისრების თაობაზე. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა რა სამუშაოები შეასრულეს ლომიძეებმა ნ. ჩ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და რას შეადგენს აღნიშნული სამუშაოების ღირებულება. აღნიშნულის დამადასტურებლად ბუნებრივია ვერ გამოდგება ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც ასეთ მონაცემს არ შეიცავს.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ სწორად დასაბუთებული პრეტენზიაა წამოყენებული.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას 400 ლარის ოდენობით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დასაბუთებული და კანონიერია. ამ ნაწილში კასატორის მიერ საკასაციო პრეტენზიაც არ არის წარმოდგენილი.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გაარკვიოს რას შეადგენს გაწეული ხარჯების ოდენობა და იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე დაასკვნის, რომ არსებობს სკ-ს 987-ე მუხლის გამოყენების საფუძველი მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება ნ. ჩ-ეზე რემონტის ხარჯების 1300 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.