Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-5-707-03 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სამემკვიდრეო ვადის გაგრძელება და სანოტარო მოქმედების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჯ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ნ. ქ-ის წინააღმდეგ, მესამე პირის თელავის ¹...-ე სანოტარო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება, სამკვიდრო ვადის გაგრძელება, დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, მ. ჯ-ის ვაჟიშვილი ზ. ჯ-ი, რომელიც 1995წ. სექტემბერში დაქორწინდა ნ. ქ-ზე. გარდაიცვალა 1996წ. 22 თებერვალს და მისმა მეუღლემ ნ. ქ-მა ზ. ჯ-ის მთელ დანაშთ ქონებაზე მიიღო მემკვიდრეობა, იმ საფუძვლით, თითქოს მამკვიდრებელს სხვა მემკვიდრე არ დარჩენია.

მოცემული დავა არაერთგზის განიხილეს სასამართლოებმა, ბოლოს თელავის რაიონული საამართლოს 2000წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის ¹...-ე სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მიერ 1996წ. 22 მაისს შესრულებული სანოტარო მოქმედება ნ. ქ-ის სახელზე კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემის შესახებ. მ. ჯ-ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ქ-ი-ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

მ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თელავის ¹... სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. მ. ჯ-ს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა. მ. ჯ-ი და ნ. ქ-ი ცნობილ იქნენ ზ. ჯ-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ თითოეული 1/2 ნაწილზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჯ-ის გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა – მ. ჯ-ი და მეუღლე ნ. ქ-ი-ჯ-ი.

სამკვიდროს გახსნიდან სამ თვეში 1996წ. 22 მაისს გაცემულ იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა აწ გარდაცვლილის სამკვიდროზე, რომლის მემკვიდრედ ცნობილ იქნა ნ. ქ-ი-ჯ-ი.

სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 544-ე მუხლი, რომლის თანახმად პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, რომლებსაც თანასწორი წილის უფლებით უნდა მიეკუთვნოთ მემკვიდრეობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ი-ჯ-მა, მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იხელმძღვანელა სკ-ს 1323-ე მუხლით და ასევე, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ თელავის რაიონის სოფ. .... კოლმეურნეობა გაუქმდა 1961 წელს და გარდაიქმნა საბჭოთა მეურნეობად, ხოლო ნ. ქ-ი ზ. ჯ-ის ოჯახში ჩაეწერა ზ. ჯ-ის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ – 1996წ. 27 ივნისს, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ მამკვიდრებელი 1961 წელს ამოეწერა თავის მშობლების კომლიდან და ჩაეწერა .... მცხოვრები ა. კ-ის კომლში, როგორც შვილობილი და მან ამით დაკარგა ქონებრივი ურთიერთობა დედის კომლთან. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ ჰქონდა უფლება სკ-ს 1323-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო გაეხსნა მ. ჯ-ის სახელზე, რადგან იგი სადავო კომლში არ იყო ჩაწერილი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებელი ზ. ჯ-ი გარდაიცვალა 1996წ. 22 თებერვალს, მას დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე დედა _ მ. ჯ-ი და მეუღლე ნ. ქ-ი; ზ. ჯ-ის სამკვიდრო ქონებაზე თელავის რაიონის სოფ. .... მდებარე საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა ნ. ქ-ი; ეს უკანასკნელი კომლში მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ – 1996წ. 27 ივნისს ჩაეწერა.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ა. კო-ის ოჯახი დღესაც საკოლმეურნეო კომლად ითვლება. 1992 წელს კოლმეურნეობის რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სოფ.ში სამეურნეო სუბიექტების სამართლებრივი რეჟიმი და შესაბამისად საკოლმეურნეო კომლმა შეწყვიტა არსებობა.

პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოტივაცია, რომ იგი კომლის უკანასკნელი წევრი იყო და სკ-ს 1323-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნა არ მომხდარა. ვინაიდან ნ. ქ-ი კომლში მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩაეწერა, სამკვიდროს გახსნის მომენტში აწ გარდაცვლილი ზ. ჯ-ის კომლის უკანასკნელი წევრი იყო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სამემკვიდრეო დავა სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმების მიხედვით. ამ კოდექსის 569-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემდეგ კომლში სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენება ამ კარით დადგენილი წესები. ამავე კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად კი კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მამკვიდრებელი ზ. ჯ-ი კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა შვილად აყვანილი კონსტანტინოვების მიერ, ამდენად, მისი დედა მ. ჯ-ი ინარჩუნებდა მშობლის უფლებებს, მათ შორის კანონისმიერ მემკვიდრედ ყოფნის უფლებას, მიუხედავად იმისა ცხოვრობდა თუ არა შვილთან ერთად.

კასატორის მხრიდან მსჯელობა კომლის სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შესახებ საფუძველსმოკლებულია, ვინაიდან მამკვიდრებლის გარდაცვალებისას ზ. ჯ-ი კომლის (ოჯახის) უკანასკნელ წევრს წარმოადგენდა და მისი სამკვიდრო თანაბრად ეკუთვნის ორივე პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ქ-ი-ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.