Facebook Twitter

¹ ას-57-756-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2000წ. 25 თებერვლის სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება და სადავო საცხოვრებელი სახლიდან ვ. ნ-ის გამოსახლება (სარჩელში); საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თბილისის მერიის ტექნიკურიინვენტარიზაციის ბიუროს 2000წ. 22 თებერვლის სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ა. მ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. მან 2000წ. 18 თებერვალს ეს საცხოვრებელი სახლი ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდა ვ. ნ-ს. 2000წ. 22 თებერვალს ამ ბინის მესაკუთრედ თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულ იქნა ვ. ა. ნ-ი.

ა. მ-მა იგივე საკუთარი საცხოვრებელი სახლი სანოტარო ფორმით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულებით 1999წ. 8 ივნისს მიჰყიდა ვ. ნ-ს. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2000წ. 25 თებერვალს საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულ იქნა ვ. ნ-ი.

ვ. ნ-მა 2000წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ა.მ-ის, ვ. ნ-სა და თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ. მან მოითხოვა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2000წ. 25 თებერვლის რეგისტრაციის გაუქმება, ვინაიდან სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ მოსარჩელე რეგისტრირებულია 2000წ. 22 თებერვლიდან, ასევე მოსარჩელემ მოითხოვა სადავო საცხოვრებელი სახლიდან ვ.ნ-ის გამოსახლება.

ვ. ნ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ვ. ნ-ის, ა.მ-ის, თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ და მოითხოვა: ა.მ-სა და ვ.ნ-ს შორის 2000წ. 18 თებერვალს გაფორმებული სადავო საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქ.თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2000წ. 22 თებერვლის სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ვ.ნ-ის სარჩელი. ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვ.ნ-ის შეგებებული სარჩელი: ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 18 თებერვალს გაფორმებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება ა.მ-სა და ვ.ნ-ს შორის, გაუქმდა ქ.თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2000წ. 22 თებერვლის სარეგისტრაციო ჩანაწერი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ.ნ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 12 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ვ.ნ-ის წარმომადგენლის, გ.ზ-ის, სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 ივნისის განჩინებით ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ნოემბრის განჩინება გაუქმდა და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გაუქმდა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2000წ. 25 თებერვლის ჩანაწერი ვ. ნ-ისა და ა. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ, თბილისში, ... ბინაზე. ვ. ნ-ი გამოასახლეს ზემოთ მითითებული ბინიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას არასწორად გამოიყენა კანონის ანალოგია სკ-ს 485-ე მუხლზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი. მაგრამ, აღნიშნული ნორმით უპირატესობა ვერ მიეცემა და მესაკუთრედ ვერ ჩაითვლება უძრავი ქონების პირველად შემძენი პირი _ ვ. ნ-ი ვ. ნ-თან შედარებით; რადგან უძრავი ნივთის მფლობელობაში გადაცემა სანამ მასზე საკუთრების უფლება არ დადგინდება სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით (საჯარო რეესტრში გატარება) არ ნიშნავს მასზე საკუთრების წარმოშობას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ ვ. ნ-ს უძრავი ნივთის (სადავო სახლის) შეძენის დროს არ დაურღვევია სკ-ს 183-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა.

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება შეგებებულ სარჩელში, რომ სადავო სახლი გადაცემული აქვს ვ. ნ-ს და იგი ითვლება ამ სახლის მესაკუთრედ, რაც დასტურდება ნოტარიულად და წერილობით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით.

რადგან ვ. ნ-ისთვის სამართლებრივი შედეგი, გამხდარიყო სადავო სახლის მესაკუთრე, მიიღწეოდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა იგი საჯარო რეესტრში გატარდებოდა მესაკუთრედ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე მოწინააღმდეგე მხარის ის მოსაზრება, რომ საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ვ. ნ-ის, როგორც სადავო სახლის მესაკუთრედ გატარება არ ჩაითვლება მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციად.

სკ-ს 1515-ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე, სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს. 2000 წლისათვის კი ორივე სტრუქტურა _ ტექაღრიცხვის ბიურო და საჯარო რეესტრის სამსახური პარალელურად მოქმედებდა.

ვინაიდან 2000წ. დასაწყისში თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ უძრავი ქონების რეესტრში გატარება საქართველოს არც ერთი კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აკრძალული არ იყო, ა. მ-სა და ვ. ნ-ს შორის 2000წ. 18 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია ამ ორგანოში, სასამართლომ ჩათვალა საჯარო რეესტრში გატარებულად, ხოლო ვ. ნ-ი ამ ბინის მესაკუთრედ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება 2000წ. 18 თებერვალს ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის, სადავო სახლის, რეალურად არარსებობის გამო, ვ. ნ-ის გამოსახლების შეუძლებლობის თაობაზე, რადგან ვ. ნ-ს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 სექტემბრის განჩინებით აეკრძალა ყოველგვარი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება თბილისში, ... მდებარე სახლზე. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და სსკ-ს მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აღნიშნული განჩინება ვ. ნ-ისთვის სავალდებულო იყო შესასრულებლად. ამ უკანასკნელმა კი აკრძალვის მიუხედავად, მაინც აწარმოა მშენებლობა.

სააპელაციო პალატამ, ასევე არ გაიზიარა შეგებებულ სარჩელში მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ა. მ-სა და ვ. ნ-ს შორის დადებული გარიგება ბათილად უნდა ჩათვლილიყო, როგორც მართლსაწინააღმდეგო და უკანონო გარიგება სკ-ს 54-ე მუხლის საფუძველზე. რადგან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა ა. მ-სა და ვ. ნ-ს შორის 2000წ. 18 თებერვალს გარიგების დადებისას რომელი კანონის ნორმები დაირღვა.

სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 3 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებაზე გამოიტანა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ნ-ის წარმომადგენლის, ლ. ა-ის, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მართალია, სააპელაციო პალატამ ძირითადი გადაწყვეტილების გამოტანის დროს იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში როგორც ძირითად, ისე შეგებებულ სარჩელზე. მაგრამ, სააპელაციო პალატამ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იმსჯელა ვ. ნ-ის შეგებებულ სარჩელზე. ამიტომ სააპელაციო პალატამ შეგებებულ სარჩელს სსკ-ს 261-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილებით უარი უთხრა.

ვ. ნ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ამჟამადაც აქვს უძრავი ქონების რეგისტრაციის უფლებამოსილება. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1514-ე მუხლი, რომლის თანახმად, 1997წ. 25 ნოემბრის შემდგომ უძრავი ქონების ყოველი ახალი შემძენის რეგისტრაცია უნდა მოხდეს საჯარო რეესტრის სამსახურში. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით კი დადგენილია საჯარო რეესტრის არსებობა 2000წ. თებერვლისათვის. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 311-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელშიც საუბარია საჯარო რეესტრის ორგანიზაციის წესზე.

კასატორს წარდგენილი აქვს შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ვ. ნ-სა და ა. მ-ს შორის 2000წ. 18 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერის ბათილობა. სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა შეგებებული სარჩელის თაობაზე, არც 2003წ. 3 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით დაასაბუთა შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობა, რითაც დაარღვია სსკ-ს 249-ე მუხლი და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გასაუქმებელია. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ვ. ნ-ის კეთილსინდისიერების შესახებ საერთოდ არ იმსჯელა სასამართლომ. მან არასწორად დაადასტურა სანოტარო ფორმით ის გარემოება, რომ ა. მ-მა დაკარგა ტექბიუროს მიერ 1999წ. 3 ივნისს გაცემული ცნობა, რადგან აღნიშნული ფაქტი მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა.

კასატორმა სადავო საცხოვრებელი სახლი ა. მ-ისაგან იყიდა 1999წ. 8 ივნისს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მხარეთა შორის სანოტარო ფორმით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ამიტომ ვ. ნ-სა და ა. მ-ს შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია სკ-ს 54-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, რადგან იგი ეწინააღმდეგება როგორც კანონმდებლობას, ისე საჯარო წესრიგს, ზნეობრივ ნორმებს და ლახავს კასატორის საკუთრების უფლებას.

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ვ. ნ-მა უარი განაცხადა ვ. ნ-სა და ა. მ-ს შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე, მან მოითხოვა მხოლოდ ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2000წ. 25 თებერვალს გაკეთებული სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა სკ-ს 183-ე მუხლი, რადგან თუ 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაშია, დაცულია მისი სანოტარო ფორმა, მაშინ ამ ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის ყველა პირობა არსებობს.

მოცემულ საქმეზე მოპასუხედ მითითებულია თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. ამიტომ მოცემული დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესების შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო.

არც ერთი მხარე არ უარყოფს იმას, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელიც იყიდა ვ. ნ-მა, ამჟამად აღარ არსებობს, დანგრეულია და კასატორმა ააშენა ახალი საცხოვრებელი სახლი. სასამართლომ არ გაარკვია ვის საკუთრებას წარმოადგენს ეს ახალი საცხოვრებელი სახლი.

სააპელაციო სასამართლომ ვ. ნ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი 2001წ. 21 მაისის განჩინებით არასწორად ჩათვალა დასაშვებად და მიიღო წარმოებაში, რადგან აპელანტს დარღვეული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

უდავოა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ვ. ნ-თან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ა. მ-ი. სკ-ს 185-ე მუხლის თანახმად კი შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია _ ა. მ-მა არ აცნობა ვ. ნ-ს, რომ მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ასეთივე ხელშეკრულება სანოტარო წესით გაფორმებული ჰქონდა ვ. ნ-თან, რითაც დასტურდება ვ. ნ-ის კეთილსინდისიერება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ვინაიდან ა. მ-მა დაუმალა ვ. ნ-ს ვ. ნ-თან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, ამიტომ სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად, ა. მ-სა და ვ. ნ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. 54-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. საქმის მასალებით კი ირკვევა, ვ. ნ-ს, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს, არ დაურღვევია კანონი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ვ. ნ-ის საკუთრებაში სადავო საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის დროისათვის, 2000წ. 25 თებერვლისათვის, მესაკუთრედ უკვე რეგისტრირებული იყო არა ა. მ-ი, არამედ ვ. ნ-ი.

სკ-ს 183-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ჯერ რეგისტრირებულია ა. მ-სა და ა. ნ-ს შორის გაფორმებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, შემდეგ კი – ა. მ-სა და ვ. ნ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ვინაიდან უძრავი ქონების შეძენისას საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია კანონით დადგენილი ფორმით დადებული ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და რეგისტრაციის გარეშე ხელშეკრულება საკუთრების უფლებას არ წარმოშობს, ამიტომ საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივარი იმის შესახებ, რომ ვ. ნ-ს არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა მხოლოდ ვ. ნ-ის სახელზე ტექინვენტარიზაციის ბიუროში 2000წ. 25 თებერვალს გაკეთებული ჩანაწერის ბათილობა, ა.მ-სა და ვ. ნ-ს შორის 1999წ. 8 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილების გარეშე. ამდენად, სასამართლომ სწორად ჩათვალა ვ. ნ-ის სახელზე სადავო საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია ბათილად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფლება არ ჰქონდა 2000წ. 22 თებერვალს ა. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აღერიცხა ვ. ნ-ის სახელზე, რადგან ვ. ნ-ის მიერ ბინის რეგისტრაცია, უნდა მომხდარიყო მხოლოდ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სკ-ს 1515-ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე, სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელება დაევალა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებს.

გარდამავალ პერიოდში, კერძოდ, 2000წ. დასაწყისში, როცა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ უძრავი ქონების რეესტრში გატარება საქართველოს არც ერთი კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აკრძალული არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სწორად ჩათვალა საჯარო რეესტრში გატარებულად, ხოლო ვ. ნ-ი ამ ბინის მესაკუთრედ.

სკ-ს 312-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად.

სააპელაციო პალატამ კანონიერად ჩათვალა, რომ ვ. ნ-ს სადავო სახლის შეძენის დროს არ დაურღვევია სკ-ს 183-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა, ანუ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას დაცული იყო მისი გაფორმება სანოტარო წესით და, შესაბამისად, მისი რეგისტრაცია თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.

საკასაციო საჩივარში არასწორადაა მითითებული, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე. სააპელაციო პალატამ ძირითადი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა შეგებებულ სარჩელზე, კერძოდ, არ გაიზიარა ვლ.ნ-ის წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 1999წ. 8 ივნისს ალ.მ-სა და ვ.ნ-ს შორის საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ნების ორმხრივი გამოვლენა, ამ გარიგების ნოტარიულად დადასტურება, სადავო სახლის ვ. ნ-ისთვის გადაცემა ნიშნავს ამ გარიგების ნამდვილობას და, შესაბამისად, ვ. ნ-ის სადავო სახლის მესაკუთრედ ცნობას.

ასევე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება შეგებებულ სარჩელში 2000წ. 18 თებერვალს ვ. ნ-სა და ა. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ ვ. ნ-ის მოთხოვნა თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2000წ. 22 თებერვლის რეგისტრაციის ჩანაწერების გაუქმების თაობაზე.

რამდენადაც, სააპელაციო პალატამ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ იმსჯელა ვ. ნ-ის შეგებებულ სარჩელზე, სსკ-ს 261-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ 2003წ. 3 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით სწორად არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ვ. ნ-ის მიერ ა. მ-ისაგან შესყიდული საცხოვრებელი სახლი ამჟამად დანგრეულია და მის ნაცვლად ვ. ნ-მა ახალი საცხოვრებელი სახლი ააშენა, ამიტომ მას აქვს ახლად აშენებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და ამ სახლიდან მისი გამოსახლება უკანონოა.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ვ. ნ-ს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 სექტემბრის განჩინებით აეკრძალა ყოველგვარი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება თბილისის ... მდებარე სახლზე. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. სსკ-ს მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აღნიშნული განჩინება ვ. ნ-ისთვის სავალდებულო იყო შესასრულებლად. ამ უკანასკნელმა კი აკრძალვის მიუხედავად, მაინც აწარმოა მშენებლობა.

სკ-ს 193-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ თუ მოძრავი ნივთი მიწის ნაკვეთთან ისეა დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც. პალატა თვლის, რომ ვინაიდან ვ. ნ-მა სადავო საცხოვრებელი სახლი ააშენა ვ. ნ-ის საკუთარ მიწის ნაკვეთზე, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ვ. ნ-ის მოთხოვნა ვ. ნ-ის გამოსახლების შესახებ ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ 2001წ. 21 მაისის განჩინებით არასწორად ჩათვალა ვ. ნ-ის წარმომადგენელი გ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად, ვინაიდან დარღვეული იქნა სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. ნ-ის წარმომადგენელ გ. ზ-ს არ აქვს დარღვეული სსკ-ს 369-ე მუხლით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილება და 2003წ. 3 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.