Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-581-1239-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-მა განცხადებით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1997წ. 4 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

დ. გ-ის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და აცილების გამო განსახილველად გადაეცა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 მარტის განჩინებით დ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1997წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. ამავე სასამართლოს 2002წ. 6 აპრილის განჩინებით საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეცა ისევ დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ო.-შ.-ს” სარჩელი მოპასუხეების – კოოპერატივი სასოფლო-სამეურნეო საწარმო “ო.” სალიკვიდაციო კომისიის, დ. გ-ისა და დედოფლისწყაროს რაიონის სანოტარო ბიუროს მიმართ სანოტარო მოქმედების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებული განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ო.-შ.-ს” დირექტორმა ზ. თ-მა და მოითხოვა მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 2002წ. 2 მაისს 12 საათზე. პირველ მაისს აპელანტმა ზ. თ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება ავადმყოფობის გამო. განცხადებას თან ერთვოდა ცნობა ავადმყოფობის შესახებ.

2002წ. 2 მაისს შპს “ო.-შ.-ს” დირექტორი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ცნობა ავადმყოფობის შესახებ არის ყალბი.

სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს “ო.-შ.-ს” დირექტორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა ამ საქმეზე დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის განჩინება, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 მარტის, 2002წ. 1 და 6 აპრილის განჩინებები და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს “ო.-შ.-ს” დირექტორმა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2003წ. 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი არ იყო გაფრთხილებული სხდომის დღის შესახებ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003წ. 2 მაისის სასამართლოს სხდომის დღის შესახებ აპელანტს ეცნობა სსკ-ს 72-ე მუხლის თანახმად გამოუცხადებლობის შედეგებზე. პალატამ მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აპელანტი არ იყო გაფრთხილებული ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, მან მაინც შეასრულა 72-ე მუხლის I ნაწილის “ზ” ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება და აცნობა სასამართლოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ საეჭვო გახადა გამოუცხადებლობის მიზეზის დამადასტურებელი ცნობა.

სააპელაციო პალატამ შპს “საავადმყოფო კლინიკური გაერთიანების” მიერ 2003წ. 30 აპრილს და 8 მაისს გაცემული ცნობების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ბ. თ-ი 30 აპრილს იყო ამბულატორულ მიღებაზე ნევროპათოლოგთან და იგი ნამდვილად მკურნალობდა 30 აპრილიდან 8 მაისამდე დიაგნოზით: ქრონიკული რადიკულიტის გამწვავება. პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი ცნობებით ვერ დასტურდება, რომ ბ. თ-ს დანიშნული ჰქონდა წოლითი რეჟიმი და 2 მაისს მას არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები ვერ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ისეთი ხელშემშლელი მოვლენით, როგორიცაა მისი ავადმყოფობა.

სააპელაციო პალატის 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ო.-შ.-ს” დირექტორმა ბ. თ-მა, რომელიც მოითხოვს მითითებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმებას და საქმის განსახილველად დაბრუნებას.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, იგი არ იყო გაფრთხილებული გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინების ვალდებულებაზე. მან სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის განხილვის გადადების შესახებ, მაგრამ სასამართლომ ისე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ განიხილა მისი შუამდგომლობა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით ორჯერ უმიზეზოდ გადაიდო საქმის განხილვა, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ მან ავადმყოფობის გამო მოითხოვა საქმის გადადება, სასამართლომ არც კი განიხილა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ ისე გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება ავადმყოფობის ცნობის სიყალბის შესახებ, რომ არ დაუდგენია ცნობის სიყალბე.

კასატორი თვლის, რომ მართალია არ ჰქონდა დანიშნული წოლითი რეჟიმი, მაგრამ იყო ავად ისეთი დაავადებით, როგორიცაა ქრონიკული რადიკულიტის გამწვავება, რის გამოც არ შეეძლო თბილისიდან 120 კმ-ით დაშორებული რაიონიდან სასამართლოში გამოცხადება. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ დაუკარგავს ინტერესი თავისი საქმის მიმართ, რის გამოც მოითხოვა საქმის გადადება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე ან აღიარებს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას. ასეთი ვარაუდი არ წარმოიშობა თუ მხარეს არ ჩაბარდა უწყება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას თუ სხვა ისეთ მოვლენებს, რომელთა შესახებ დროულად აცნობა მხარემ სასამართლოს, ან სხვა გზით გახდა ცნობილი მისთვის და რომლებმაც ხელი შეუშალეს მხარის გამოცხადებას სასამართლოში (სსკ-ს 233-ე და 241-ე მუხლები).

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ. თ-მა 1 მაისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით საქმის განხილვის გადადების შესახებ, ასევე წარადგინა ავადმყოფობის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ავად იყო ქრონიკული რადიკულიტის გამწვავებით. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ისე, რომ არ განიხილა ბ. თ-ის განცხადება საქმის გადადების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე არ დააკმაყოფილა ბ. თ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ბ. თ-ის ავადმყოფობა არ მიიჩნია სასამართლოში გამოუცხადებლობის ხელშემშლელ მიზეზად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია, რადგან დადგენილია, რომ ბ. თ-ი ავად იყო ისეთი დიაგნოზით, როგორიცაა ქრონიკული რადიკულიტის გამწვავება. მართალია, წარმოდგენილი ცნობით, მას დანიშნული არ ჰქონდა წოლითი რეჟიმი, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ბ. თ-ი არ იყო ავად და მას შეეძლო მგზავრობა, სხდომაზე მონაწილეობა და თავისი საპროცესო უფლებების განხორციელება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის დასკვნები ასევე წინააღმდეგობრივია. სააპელაციო პალატა ერთის მხრივ ადგენს, რომ აპელანტმა შეასრულა სსკ-ს 72-ე მუხლის I ნაწილის “ზ” ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულება და აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ ცნობის ნამდვილობა გახადა საეჭვოდ, რაც გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. მეორე მხრივ პალატას დადგენილი არა აქვს წარმოდგენილი ცნობის სიყალბე, პირიქით, დადგენილად ცნო, რომ ბ. თ-ი იყო ავად, მაგრამ ვინაიდან არ ჰქონდა დანიშნული წოლითი რეჟიმი, ავადმყოფობა არ მიიჩნია ხელშემშლელ მოვლენად სასამართლოში გამოცხადებისათვის. ამდენად, ის საფუძველი, რომელიც სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ცნობის სიყალბე), აპელანტის საჩივრის განხილვისას არ იქნა დადგენილი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უცვლელად დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სსკ-ს 233-ე მუხლის I ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან ბ. თ-ის გამოუცხადებლობა სასამართლოში გამოწვეულია ისეთი ხელშემშლელი მოვლენით როგორიცაა ავადმყოფობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ო.-შ.-ს” დირექტორის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2003წ. 7 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.