Facebook Twitter

ას-584-1236-03 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: სასარგებლო მოდელის დამზადების, სარგებლობისა და ბრუნვაში გაშვების აკრძალვა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “ს.” მიერ 2001წ. 13 ივლისს გაცემული U865 პატენტის მიხედვით, თ. შ-ე საცხოვრებელ შენობებში დამონტაჟებული ამწე საშუალებების, ანუ ლიფტების გამშვები მოწყობილობის სასარგებლო მოდელის პატენტმფლობელია.

2002წ. 28 მარტს თ. შ-ემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ო.ა-ისა და მესამე პირის – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “ს.” მიმართ და მოითხოვა სასარგებლო მოდელის დამზადების, ბრუნვაში გაშვების აკრძალვა და უკანონო გამოყენებით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის – 1500 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ უხეშად ხელყო მისი უფლებები: ო.ა-ემ უნებართვოდ დაამონტაჟა მისი სასარგებლო მოდელი დიდ დიღომში, ... მდებარე კორპუსებში. ამით კი დაირღვა მისთვის, როგორც პატენტმფლობელისათვის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ კონვენციით, საქართველოს საპატენტო კანონითა და სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებები.

მოპასუხე ო.ა-ემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ თ.შ-ის მიერ დამზადებული მოდელი სრულიად განსხვავებულია მისი მოდელისაგან. თ.შ-ძის მოდელი დამზადებულია ე.წ. ბერკეტის სისტემით, რაც ითვალისწინებს მიმწოდებლისაგან დაშვებული მონეტის სიმძიმით ბერკეტულად გადაცემას და ელექტროძრავის ჩართვის ქსელთან მიერთებას. ო.ა-ის მოდელში კი გამოყენებულია მონეტის წონა. მონეტა მიმწოდებლისაგან სიმძიმით ეცემა ქსელში ჩამრთველ კონტაქტზე და ამზადებს წრედს ლიფტის ელექტროძრავის ჩასართველად. აღნიშნულის დასამტკიცებლად მოპასუხემ წარმოადგინა მის მიერ დამზადებული მოწყობილობა-აპარატი და მოითხოვა მოსარჩელესაც წარმოედგინა თავისი აპარატი. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მის მიერ თანაავტორებთან ერთად “ს.” წარდგენილია განაცხადი სასარგებლო მოდელზე პატენტის მისაღებად. შესაბამისად, საქართველოს საპატენტო კანონის 51-ე მუხლის საფუძველზე, განცხადების გამოქვეყნების დღიდან პატენტის გაცემამდე მას ენიჭება იგივე უფლებები, რაც მინიჭებული ექნებოდა პატენტით. მან დაამზადა გამშვები მოდელის ორი ეგზემპლარი. მისი მოდელის დამზადება და დამონტაჟება ითავა გაერთიანება “თ.”. ამწე მოწყობილობებთან მუშაობისას საჭიროა სათანადო სამსახურის ლიცენზია. მას აქვს “თ.” მიერ გაცემული ლიცენზია, მოსარჩელეს კი _ არა, რის გამოც არ უნდა მიეცეს მისი მოდელის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვების უფლება. თ.შ-ის მიერ დამზადებული მოდელი წარმოადგენს ჩვეულებრივი ტელეფონის ავტომატში ჩამონტაჟებულ მოწყობილობას. ასეთ აპარატებს სამამულო წარმოება არ უშვებს, ისინი შემოდიოდა რუსეთიდან და გასარკვევია, თუ საიდან აქვს მოსარჩელეს აღნიშნული აპარატები.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა თ.შარაშენიძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოიხსნა დიდ დიღომში, ... მდებარე მე-16 კორპუსში, აგრეთვე, ... პირველ და მეშვიდე კორპუსებში დამონტაჟებულ ლიფტებზე ლიფტის გამშვები მოწყობილობა. ამავე სასამართლოს 2002წ. 3 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ “ს.” მიერ ო.ა-ისა და მისი თანაავტორების განცხადების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, 2002წ. 19 ივლისს მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის თაობაზე. თვით პატენტი დღესდღეობით გაცემული არ არის.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ “ს.” სააპელაციო პალატის 2002წ. 16 დეკემბრის ¹263 გადაწყვეტილებით თ. შ-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ძალაში დარჩა “ს.” საპატენტო ექსპერტიზის 2002წ. 19 ივლისის ¹18222 დადებითი გადაწყვეტილება. “ს.” სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ო.ა-ის სასარგებლო მოდელში სახეზეა მოწყობილობისათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი არსებითი ნიშანი – მისი ელემენტების ახალი ურთიერთგანლაგება (მონეტის ან ჟეტონის შესაბამისი ზომის მქონე მიმწოდებელი განთავსებულია საკონტაქტო წყვილის ზემოთ), რის გამოც სასარგებლო მოდელი აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს.

საქმის განხილვის პროცესში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის განჩინებების საფუძველზე ჩატარდა ორი ექსპერტიზა: პირველი _ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის, ხოლო მეორე _ ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ.

იუსტიციის სამინისტროს კვლევით ცენტრში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლიფტის გამშვები სასარგებლო მოდელები, რომლებზეც გამოტანილია საპატენტო გადაწყვეტილებები, ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა, მოდელები არ შეიძლება ჩაითვალოს იმ სიახლედ, რომელიც გულისხმობს ახლის გამოგონებას, რადგან ორივე არსებულ ცნობილ პრინციპზეა აგებული. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია, რომ ო.ა-ის მიერ შექმნილი ლიფტის გამშვები მოწყობილობა არის დამზადებული თ.შ-ის სახელწიფო პატენტით დაცული სასარგებლო მოდელის ფორმულის მიხედვით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სოციალურ გამოკვლევათა ცენტრში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლის მიხედვით მხარეების მიერ წარმოდგენილი მოდელები აშკარად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოლო ექსპერტის დასაბუთება იმის შესახებ, რომ მოდელები არ შეიძლება ჩაითვალოს სიახლედ, მიიჩნია არადამაჯერებლად. კოლეგიამ გაითვალისწინა ო.არსენიძის მიმართ 2002წ. 19 ივლისს გაცემული საპატენტო ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილება და “ს.” სააპელაციო პალატის 2002წ. 16 დეკემბრის ¹263 გადაწყვეტილება, რომელთა მიხედვით ო. არსენიძის მოდელი აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე თ. შ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში ექსპერტიზის წინაშე არასწორად დაისვა შეკითხვა, რამაც გამოიწვია ექსპერტის დასკვნის არასრულყოფილება და ტენდენციურობა. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით სასამართლოს, საქართველოს საპატენტო კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ექსპერტის წინაშე უნდა დაესვა შემდეგი სამი შეკითხვა: არის თუ არა ო.არსენიძის მოწყობილობა გაუმჯობესებული, აკმაყოფილებს თუ არა იგი სიახლისა და სამრეწველო გამოყენებადობის კრიტერიუმებს. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნას, უგულებელყო საქართველოს საპატენტო კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა სასარგებლო მოდელის სამართლებრივი დაცვის ფარგლების სასარგებლო მოდელის ფორმულით განსაზღვრის შესახებ; არ გამოიყენა სსკ-ს 131-ე მუხლი და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ აღიარა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში ორი ეგზემპლარი ლიფტის გამშვები ფასიანი მოწყობილობის დამონტაჟება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ო.ა-ემ და მისმა თანაავტორებმა ნ. ა-მა და ბ. გ-ემ 2002წ. 18 მარტს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ “ს.” წარადგინეს განაცხადი ლიფტის გამშვები მოწყობილობის სახელწოდების მქონე სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად. ჩატარებული საპატენტო ექსპერტიზის შედეგად, საქართველოს საპატენტო კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 2002წ. 19 ივლისს მიღებულ იქნა საპატენტო ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილება სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა ძალაში თ. შ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ “ს.” სააპელაციო პალატის მიერ 2002წ. 16 დეკემბერს მიღებული ¹263 გადაწყვეტილებით, რომლითაც თ.შ-ეს უარი ეთქვა საპატენტო ექსპერტიზის 19.07.2002წ. ¹18222 დადებითი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ო.არსენიძის სასარგებლო მოდელში სახეზეა მოწყობილობისათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი არსებითი ნიშანი – მისი ელემენტების ახალი ურთიერთგანლაგება (მონეტის ან ჟეტონის შესაბამისი ზომის მქონე მიმწოდებელი განთავსებულია საკონტაქტო წყვილის ზემოთ), რის გამოც სასარგებლო მოდელი აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს.

საქართველოს საპატენტო კანონის 51-ე მუხლის თანახმად, განაცხადის გამოქვეყნების დღიდან პატენტის გაცემამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა პატენტით. თუ პატენტი არ იქნა გაცემული, მაშინ აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა. მოცემული მუხლის ძალით მოპასუხე ო.არსენიძის, როგორც განმცხადებლის უფლებები სასარგებლო მოდელის მიმართ უტოლდება პატენტმფლობელის უფლებებს, რომელთა წარმოქმნილად მიჩნევა შემდგომში დამოკიდებული იქნება პატენტის გაცემის ფაქტზე. ამავე კანონის 53-ე მუხლის მიხედვით, თუ რომელიმე პირი სასარგებლო მოდელზე “ს.” განაცხადის შეტანის თარიღამდე, ან იმ პირველი განაცხადის შეტანის თარიღამდე, რომელიც პარიზის კონვენციით დადგენილი პრიორიტეტის მოთხოვნის საფუძველია, კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ სასარგებლო მოდელით, ან განახორციელა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის, მას უფლება აქვს ინდივიდუალურად გამოიყენოს იგი პატენტის მოქმედების მიუხედავად (წინათსარგებლობის უფლება). ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, ო.ა-ეს განაცხადის შეტანამდე, კერძოდ, 2002წ. 18 მარტამდე ჰქონდა სასარგებლო მოდელის ინდივიდუალურად გამოყენების უფლება, ხოლო განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მან შეიძინა საქართველოს საპატენტო კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, სახელდობრ, უფლება თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს სასარგებლო მოდელი, დაამზადოს იგი, ჩართოს ობიექტი სამოქალაქო ბრუნვაში, მისი გამოყენებით მიიღოს შემოსავალი ან აკრძალოს აღნიშნული ქმედებები, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს სასარგებლო მოდელი, დადგენილი წესით გასცეს ლიცენზია.

ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც პატენტმფლობელ თ. შ-ის, ასევე განმცხადებელ ო.ა-ის მიერ შექმნილ სასარგებლო მოდელებზე “ს.” მიერ საპატენტო კანონის 38-ე მუხლის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა სიახლეზე, მის მიერ რეგისტრირებული განაცხადებისა და გაცემული პატენტების გათვალისწინებით. ორივე ავტორის სასარგებლო მოდელის სიახლის ექსპერტიზის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შედეგად თითოეულის მიმართ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის შემცველი სადავო საკითხების გადასაჭრელად და მოსარჩელის მოთხოვნათა საფუძვლიანობის შესამოწმებლად არ არსებობდა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა, ვინაიდან სასამართლოს განხილვის საგანს მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა “ს.” მიერ სასარგებლო მოდელის პატენტის გაცემის თაობაზე მიღებული საპატენტო ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების კანონიერება, რომლის შემოწმების შესახებ მოთხოვნა შეიძლება წაეყენოს არა ფიზიკურ, არამედ შესაბამის იურიდიულ პირს _ “ს.”. სწორედ ასეთი დავის განხილვისას ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სასამართლოს მიერ დანიშნული, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა “ს.” მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მართლზომიერების შემოწმება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი ის საკითხები, რომელთა განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა, არ საჭიროებდა სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნას, ვინაიდან შესწავლილი და დადასტურებული იყო კომპეტენტური ორგანოს _ “ს.” მიერ საქართველოს საპატენტო კანონით დადგენილი წესით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია სასამართლო კოლეგიის მიერ საბოლოო ჯამში სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამებოდა “ს.” მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.