გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-586-1234-03 23 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. ბ-ი-ბ-ე ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სს “ე. თ.” ჩრდილოეთ რეგიონის-გლდანის ბიზნეს ცენტრის აღმრიცხველად. შრომითი ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყო 2002წ. 1 ივლისამდე.
სს “ე. თ.” ბ. ბ-ბ-ესთან დადებული კონტრაქტის ვადა გააგრძელა ჯერ 2002წ. 1 სექტემბრამდე, ხოლო შემდეგ 2002წ. 1 ოქტომბრამდე. ვადის გაგრძელების თაობაზე ბ-ი გაფრთხილებული იყო წერილობით.
სს “ე. თ.” ჩრდილოეთ რეგიონის მენეჯერის 2002წ. 1 ოქტომბრის ¹კ-734 ბრძანებით ბ. ბ-ი-ბ-ე განთავისუფლებული იქნა სამუშაოდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, შკკ-ს 30-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე.
2002წ. 28 ოქტომბერს ბ. ბ-ი-ბ-ემ სარჩელი შეიტანა საასამართლოში სს “ე. თ.” მიმართ სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელე სამუშაოდან განთავისუფლებას არასწორად მიიჩნევდა იმ საფუძვლით, რომ ბრძანების გამოცემისას იყო ორსულად და იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე; დარღვეულ იქნა შკკ-ს 34-ე მუხლის მეორე პუნქტის და 42.2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სს “ე. თ.” დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორ კვირიანი საპრეტენზიო ვადა და მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გახდა უვადო; მოპასუხემ დაარღვია შკკ-ს 34-ე მუხლის მეორე ნაწილის და 164-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, რომელთა თანახმად, დაუშვებელია დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის დათხოვნა, ორსული ქალებისა და იმ ქალების დათხოვნა, რომლებსაც სამ წლამდე ბავშვები ჰყავთ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. თ.”.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ბ-ბ-ეს უარი ეთქვა სარჩელზე.
ბ. ბ-ი-ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: შრომითი ხელშეკრულების დანართი არ არის ხელმოწერილი მხარეების მიერ; იგი არ ყოფილა გაფრთხილებული ბრძანების გამოცემამდე ორი თვით ადრე მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე; ხელშეკრულების ვადის გაგრძელება არ მომხდარა ხელშეკრულების დადების წესის დაცვით; სს “ე. თ.” მისი სავალდებულო შრომითი მოწყობის მიზნით არ მიუღია სათანადო ზომები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბ. ბ-სა და სს “ე. თ.” შორის დაიდო შკკ-ს 18-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადიანი ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი განისაზღვრა 2002წ. 1 ივლისით. ხელშეკრულებაAხელმოწერილია ორივე მხარის მიერ მისი შეწყვეტის ვადა 2002წ. 1 ივლისი დაფიქსირებულია ხელშეკრულების დანართზე, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2002წ. 1 ოქტომბრამდე გაგრძელდა ადმინისტრაციის ინიციატივით და მუშაკის თანხმობით. რაც დასტურდება 2002წ. 30 ივნისისა და 30 ივლისის წერილობით შეტყობინებებზე ბ. ბ-ი-ბ-ის ხელმოწერებით.
შრომითი კონტრაქტის 7.2 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულება შეწყდა მისი შეწყვეტის თარიღის დადგომისას, ანუ 2002წ. 1 ოქტომბერს.
ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად კონტრაქტი იმავე ვადით და იგივე პირობებით დაექვემდებარებოდა ავტომატურ პროლონგაციას, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან ორი კვირის განმავლობაში არც ერთი მხარე არ განაცხადებდა წერილობით პრეტენზიას და კომპანიასა და მუშაკს შორის ფაქტიურად გაგრძელდებოდა შრომითი ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მხარეებს შორის ფაქტიურად არ გაგრძელებულა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო სს “ე. თ.” 2002წ. 1 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება ბ. ბ-ი-ბ-ის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ. ადმინისტრაციის ბრძანება შეესაბამება შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის მოთხოვნას.
დადგენილია, რომ ბ. ბ-ი-ბ-ე 2002წ. 30 სექტემბრიდან იმყოფებოდა შრომისუუნარობის ფურცელზე. მას სამუშაოდან განთავისუფლების 2002წ. 1 ოქტომბრის ბრძანება ჩაბარდა 20 დღის შემდეგ, რაც ვერ ჩაეთვლება შრომითი ურთიერთობის გაგრძელებად.
შკკ-ს 42.2 მუხლი არ ითვალისწინებს ვადიანი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას მუშაკის გაფრთხილებას ორი თვით ადრე.
ის გარემოება, რომ დასაქმების სახელმწიფო სამსახურს არ მიუღია სს “ე. თ.” თელასიდან გაგზავნილი შეყტყობინება ბ. ბ-ი-ბ-ესთან დადებული კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, არ წარმოადგენს სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების გაუქმების საფუძველს.
შკკ-ს 164-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ვადიანი შრომითი კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ორსულ ქალებს და იმ ქალებს, რომელთაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, სავალდებულო შრომითი მოწყობის პერიოდში უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი, მაგრამ არაუნმეტეს სამი თვისა ვადიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან. ბ. ბ-ი-ბ-ის ხელფასი შეადგენდა 346 ლარს. სს “ე. თ.” თელასმა ბ. ბ-ბ-ეს 2002წ. 1 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში გადაუხადა 1216,44 ლარი, რაც აღემატება მოსარჩელის სამი თვის საშუალო ხელფასს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ბ-ი-ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.