ბს-1507-1217-კ-04 20 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა/რ პროკურორმა სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოპასუხეების _ ა. ა.-ის, ნ. ა.-ისა და სხვათა მიმართ ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის, მისი მოპასუხეებისთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო კოლეგიის 2004წ. 2 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ყველა ის მასალა, რომლებიც დაკავშირებული იყო ნ. ა.-ის წილთან დაკავშირებით შპს “ა.-ში".
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ა. ა.-ის და სხვათა მიმართ, საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც მოსარჩელეს აძლევდა საფუძველს ვარაუდისა, რომ მითითებული თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრების, ახალი ნათესავების, სხვადასხვა დაკავშირებული პირების მფლობელობაში იმყოფებოდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რაც მოსარჩელეს აძლევდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის საფუძველზე უფლებას, სასამართლოსთვის მიემართა სარჩელით მოპასუხე ნ.ა ა.-ის, ა. ა.-ის დის მიმართ, რომელსაც ეკუთვნის წილი შპს “ა.-ში" (ხოფის ბაზრობა). ა. ა.-ე 1991წ. მაისიდან 2004წ. მაისამდე მუშაობდა ა/რ მეთაურის თანამდებობაზე და მას ამ პერიოდში მიღებული ჰქონდა შემოსავალი ხელფასის სახით 125 171 ლარი. ამ ოდენობის შემოსავალი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სადავო ქონების მოპოვებას. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვდა სადავო ქონება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, ჩამორთმეოდა მოპასუხეს და გადასცემოდა სახელმწიფოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ა.-ეს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა შპს სავაჭრო ცენტრ “ბ.-ში" 30%-იანი წილი, რომლის ღირებულება შეადგენდა 181274 ლარს. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ნ.ა ა.-ეს, რომელიც იყო ა. ა.-ის ახლო ნათესავი, არ ჰქონდა კანონიერი გზით მოპოვებული შემოსავალი სადავო 30%-იანი წილის მოსაპოვებლად და სასამართლო პროცესზე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა აღნიშნული შემოსავლების მოპოვების კანონიერებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობა, რომ შპს “გ.-94-დან” 1998 წელს მიღებული ჰქონდა დივიდენდი 141 600 ლარი, ვინაიდან, ამ ცნობის მიხედვით, არ ირკვევოდა, რომ მოპასუხეს ამ შპს-ს 30% წილი შეძენილი ჰქონდა კანონიერი შემოსავლებით. შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შპს სავაჭრო ცენტრ “ბ.-ში" 30%-იანი წილი შეძენილი ჰქონდა უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლებით, რის გამოც მას უნდა ჩამორთმეოდა სადავო ქონება და გადასცემოდა სახელმწიფოს.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა.-ის წარმომადგენელმა ა. უ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი მიუთითებს, რომ, მართალია, მოპასუხე არის ა. ა.-ის და, მაგრამ მათ შორის იყო არაჯანსაღი დამოკიდებულება, რაც დასტურდებოდა სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. ამავე დროს მოპასუხეს წილი ჰქონდა არა “ა.-ში", არამედ “ა.-1-ში”, ამჟამად სავაჭრო ცენტრ “ბ.-ში", ხოლო ნ. ა.-ს, როგორც ფიზიკურ პირს, სადავო წილი არ აქვს არც შპს “ა.-ში" და შპს “ა.-1-ში”, ამ უკანასკნელში 30%-იანი წილი აქვს შპს “გ.-94-ს", რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც არის მოპასუხე.
კასატორის აზრით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის216-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა წარედგინა მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე, რაც მას არ გაუკეთებია. მოპასუხის მიერ კი წარმოდენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, ნ. ა.-ის 30%-იანი წილი შპს “ბ.-ში" მოპოვებული იყო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის, ნ. ა.-ის წარმომადგენელ ა. უსტიაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ და გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულყოფილად არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ:
სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. ა.-ს ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა შპს სავაჭრო ცენტრ “ბ.-ში" 30%-იანი წილი, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მოპასუხე ნ. ა.-ს, როგორც ფიზიკურ პირს, შპს სავაჭრო ცენტრ “ბ.-ში" ეკუთვნის რაიმე წილი. სავაჭრო ცენტრ “ბ.-ში" წილი გააჩნია შპს “გ.-94-ს” და არა ნ. ა.-ეს. მართალია, ეს უკანასკნელი შპს “გ.-94-ის” ერთადერთი დამფუძნებელი და პარტნიორია, მაგრამ ეს გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის მტკიცებულებად, რომ კონკრეტულად ფიზიკურ პირს _ ნ. ა.-ს შპს სავაჭრო ცენტრ “ბ.-ში" წილი გააჩნია. შპს-ში პარტნიორის წილის ფაქტობრივად დამადასტურებელ როლს ასრულებს საზოგადოების წესდება. საქმეში არ მოიპოვება შპს სავაჭრო ცენტრ “ბ.-ის" წესდება, რომლიდანაც გაირკვეოდა, არის თუ არა ნ. ა.-ე აღნიშნული შპს-ს პარტნიორი და ეკუთვნის თუ არა მას რაიმე წილი ამ შპს-ში, ხოლო საქმეში არსებული მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებიდან ირკვევა, რომ ნ. ა.-ისათვის შპს “ბ.-ში" წილის ჩამორთმევის მოთხოვნა ემყარება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის შპს “გ.-94-ის” 100%-ანი დამფუძნებელი, რომელსაც ეკუთვნის შპს “ბ.-ში" 30%-იანი წილი, შესაბამისად, ნ. ა.-ე მიჩნეულია ამ წილის მესაკუთრედ, რომელიც მას უნდა ჩამოერთვას, რაც არასწორია ზემოაღნიშნული გარემოებების გამო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ უნდა იმსჯელოს შპს “გ.-94-ის” სათანადო სტატუსით საქმეში ჩაბმაზე, მისი მონაწილეობით განიხილოს საქმე, გამოითხოვოს შპს სავაჭრო ცენტრ “ბ.-ის" წესდება და სხვა საქმისთვის აუცილებელი მტკიცებულებები და ამის შემდგომ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის, ნ. ა.-ის წარმომადგენელ ა. უ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.