საქმე N 190100122005676977
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1255აპ-22 14 მარტი, 2023 წელი
გ–ი ი., №1255აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით ი. გ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 14 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე ქ. რ–ში, ე.წ. ,,ს–ს ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „.......ში“ ნიღბითა და დანით შეიჭრა ი. გ–ი. იგი თავს დაესხა ლუდის ჩამომსხმელს - ზ. მ–სს და დანის გამოყენების მუქარით (რაც საშიშია სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის), მოსთხოვა ორგანიზაციის კუთვნილი თანხა. გარდა ამისა, ი. გ–მა დანის გამოყენებით ზ. მ–ს მიაყენა სხეულის დაზიანება მუცლის წინა ზედაპირზე, მარცხენა მხრის მიდამოში და მარჯვენა მუხლის სახსართან ნაკვეთი ჭრილობების სახით.
1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ, რომელიც ითხოვდა სასჯელის დამძიმებას და მსჯავრდებულ ი. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ–მ, რომელიც ითხოვდა მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებას.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. 2022 წლის 16 ნოემბერს მსჯავრდებულმა ი. გ–სმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მისი ქმედების სამართლებრივად სწორად კვალიფიკაცია და მსუბუქი სასჯელის შეფარდება.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მის ქმედებას არ მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, ხოლო სასჯელი არის მკაცრი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ, დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართებულად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა, კერძოდ, დაზარალებულ ზ. მ–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მოულოდნელად სალაროსთან მივიდა ი. გ–ი, რომელსაც ჩამოფარებული ჰქონდა ნაცრისფერი, ნაქსოვი, ქუდისმაგვარი ნიღაბი, თვალებთან ამოჭრილი. მას მარჯვენა ხელში ეჭირა დანა და მისი დემონტრირებით ითხოვდა ფულს. დაზარალებულის წინააღმდეგობაზე თავდამხმელი უფრო აგრესიული გახდა და დანას იქნევდა დაზარალებულის მიმართულებით. პარალელურად ითხოვდა ფულს. მსჯავრდებულის მიერ მოქნეული დანა პირველად მოხვდა მუცელში, მეორედ - მარცხენა ხელის მკლავზე, მესამედ მარჯვენა ფეხის ბარძაყზე. დაზარალებულმა შეძლო გაქცევა და დახმარებისთვის მოუხმო სხვებს. დაზარალებულის ჩვენება შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სასამართლო სამედიცინო-ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც ი. გ–ს აღენიშნებოდა მარცხენა მხრის, მუცლის კედლისა და მარჯვენა წვივის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით.
4.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წლის 5 ივლისს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მსჯავრდებულმა ი. გ–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად სცნო დამნაშავედ, საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია და დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს, რისი მხედველობაში მიღებითაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
4.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებას სწორი კვალიფიკაცია მიეცა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამოკვეთილია ი. გ–ის მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები, რის გამოც მსჯავრდებულის ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
4.5. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. გ–სთვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება როგორც მსჯავრდფებულის პიროვნულ მახასიათებლებს ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ი. გ–სს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, ვინაიდან მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. გ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე