გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-588-1246-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გადახდის ბრძანების გაუქმება (ძირითად სარჩელში), ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ც-ესა და ვ. გ-ეს შორის 2000წ. 14 თებერვალს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ. ც-ემ ვ. გ-ისაგან ისესხა 5160 აშშ დოლარი 8 თვის ვადით, 2000წ. 11 ოქტომბრის ჩათვლით პროცენტის დარიცხვის გარეშე.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ვადის გადაცილებით მიყენებული ზარალისა და გადაუხდელობით გამოწვეული ხარჯების ასანაზღაურებლად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ც-ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე .... აღნიშნული ხელშეკრულება 2000წ. 6 მარტს დარეგისტრირდა თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.
2001წ. 24 იანვარს ვ. გ-ემ განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ნ. ც-ის მიმართ გადახდის ბრძანების გაცემა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 იანვრის გადახდის ბრძანებით ნ. ც-ეს დაეკისრა 5160 აშშ დოლარის გადახდა ვ. გურგენიძის სასარგებლოდ.
ნ. ც-ემ სარჩელი აღძრა ვ. გ-ის წინააღმდეგ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2001წ. 30 იანვრის გადახდის ბრძანების გაუქმება, რომლის მიხედვითაც ნ. ც-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5160 აშშ დოლარისა და 516 ლარის გადახდა. სარჩელში აღნიშნა, რომ 2000წ. 14 თებერვალს ვ. გ-ესთან დადო უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მან ისესხა 5160 აშშ დოლარი, მაგრამ ეს ფული მან გადასცა ვინმე კ. კ-ეს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მისი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ... ქ. თბილისში. იმ მოტივით, რომ ხელშეკრულება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში, მოსარჩელემ მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.
2001წ. 26 ივნისს გამართულ აუქციონზე ნ. ც-ის სახელზე რიცხული ბინა შეიძინა ვ. გ-ემ და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამ ბინის მესაკუთრედ.
ვ. გ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრა ნ. ც-ის მიმართ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ბინა შეიძინა აუქციონზე და სურს ამ ბინაში ცხოვრება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო ნ. ც-ის სარჩელი ვ. გ-ის მიმართ და განემარტა მოსარჩელეს, რომ მან კ. კ-ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უნდა აღვრას საჩხერის სასამართლოში.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
უარი ეთქვა ვ. გ-ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე გამოუცხადებლობის გამო.
ვ. გ-ის საჩივრის საფუძველზე, 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ვ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 17 დეკემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლოს არ შეუსწავლია რეალური ვითარება, არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 15 ივლისის განჩინებით ნ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს გადახდის ბრძანების გაუქმებისა და თანხის კ. კ-ეზე დაკისრების შესახებ, ასევე გაუქმდა 26 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები მოსარჩელეს მოთხოვნას ვერ ამართლებდნენ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო 2001წ. 17 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნ. ც-ის მოთხოვნის უარყოფის ნაწილში არ წარმოადგენს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რადგან არ შეიცავს სამოტივაციო ნაწილს. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნა გადახდის ბრძანების გაუქმების შესახებ არ შეიძლება იყოს სარჩელის საგანი. გადახდის ბრძანების წინააღმდეგ პროტესტის შეტანა წარმოადგენს გადახდის ბრძანების გაუქმების და საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვის საფუძველს. სასამართლომ კი სასარჩელო წარმოების წესით უთხრა უარი ბრძანების გაუქმებაზე. აქედან გამომდინარე, ვ. გ-ის შეგებებული სარჩელიც არ შეიძლება წარმოადგენდეს გადახდის ბრძანებაზე შესაგებელს, იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს მას შემდეგ, რაც სასამართლო განიხილავს საკითხს გადახდის ბრძანების გაუქმებისა და სასარჩელო წესით საქმის განხილვის შესახებ.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არასწორია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ც-ის მოთხოვნა კ. კ-ეზე თანხის დაკისრების შესახებ, რადგან ამ ნაწილში საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია 17 დეკემბრის განჩინებასთან.
სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 234-ე, 249-ე, 307-ე და 394-ე მუხლები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ც-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 377-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ რაიონულმა სასამართლომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით გამოიტანა გადაწყვეტილება, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი თვლის, რომ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან დადგენილია, რომ ადგილი ჰქონდა სსკ-ს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, კერძოდ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება ყოველთვის ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და იგი უნდა გაუქმდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და შესაბამისად არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.