საქმე N 010100121005155562
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1332აპ.-22 21 მარტი, 2023 წელი
ზ–ი პ., №1332აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. პ. ზ–ი (დაბადებული 1... წლის .....ს) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ.ბ–ში, .........ის ქუჩა №......-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პ. ზ–მა ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა მისი ოჯახის წევრზე, მეუღლე კ. ზ–ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით პ. ზ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პ. ზ–ის პატიმრობაში ყოფნის დროის - 2021 წლის 17 სექტემბრიდან, 2021 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 10 საათით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათით.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პ. ზ–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა პ. ზ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. გ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პ. ზ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, კერძოდ პ. ზ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. 2022 წლის 15 დეკემბერს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, პ. ზ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ პ. ზ–ს ბრალეულობას, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სასტუმროს თანამშრომლის - ა. ჩ–ს შეტყობინება. ა. ჩ–ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ სასტუმროში ყოფნისას მას დახმარებისთვის მიმართა დაზარალებულმა, რომელსაც სახის არეში აღენიშნებოდა შეწითლება და უთხრა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ. მოწმე პოლიციის თანამშრომლებმა კი დაადასტურეს, რომ დაზარალებული, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა შეწითლების კვალი ამბობდა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ პ. ზ–მა მეუღლეს - კ. ზ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ-19 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ოჯახური ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პ. ზ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. დაზარალებულმა კ. ზ–მ (მეუღლემ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, პ. ზ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ N........ შეტყობინებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ინიციატორმა ა. ჩ–მ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ქ.ბ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე სასტუმრო „ვ–ში“ სტუმრად არის ოჯახი და მას ქალბატონმა უთხრა, რომ მასზე ფიზიკურად ძალადობს მეუღლე. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეტყობინებით არ დგინდება, კონკრეტულად როდის ან რა ფორმით იძალადა მეუღლეზე პ. ზ–მა და დაზარალებულმა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე, N....... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლის გამოცემის საფუძვლად მითითებულია 2021 წლის 16 სექტემბერს პ. ზ–ის მიერ მეუღლეზე - კ. ზ–ზე ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული არ არის თუ რა ფორმით იძალადა პ. ზ–მა მეუღლეზე და განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ უდავო მტკიცებულებაზე, მოწმე ა. ჩ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც დგინება, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 23:55 საათზე მასთან სასტუმროს მისაღებში მივიდა ამავე კორპუსში მცხოვრები ......ელი ქალბატონი, რომელმაც უთხრა, რომ იყო კ. ზ–სა და ესაჭიროებოდა პოლიციის დახმარება. ქალბატონს სახეზე ეტყობოდა სიწითლე, იყო აღელვებული და ჰქონდა ნამტირალევი ხმა. კითხვაზე თუ რითი შეეძლო დახმარება, ქალბატონმა უთხრა, რომ ...-ე ბინაში მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვა დაერეკა „112“-ში. უდავო მკიცებულებებით, მოწმეების - რ. მ–სა და ი. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით კი დგინდება, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ.ბ–ში, .........ების ქუჩა №..-ში მდებარე ბინა ...-ში ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის გამო ისინი დაუყოვნებლივ გავიდნენ მისამართზე. მათ კორპუსის სადარბაზოსთან დახვდათ .....ელი მოქალაქე კ. ზ–სა, რომელიც იყო ნამტირალევი, შეშინებული და სახეზე ჰქონდა შეწითლებული. კითხვაზე ,,რა მოხდა?“ კ. დაჟინებით მოითხოვდა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას. მოგვიანებით მათ ქალბატონმა უთხრა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას მეუღლემ პ. ზ–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა დააკავეს პ. ზ–ი, რომელსაც ვიზუალურად მარჯვენა ლოყის და ორივე ხელის მკლავის მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები ფუფხის სახით, რომელიც მისი განმარტებით მიიღო 2021 წლის 16 სექტემბერს ღამის საათებში მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტისას. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოწმეების გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ როგორც მათთვის არის ცნობილი კ. ზ–ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, თუმცა მათი ჩვენებები ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან თვითონ ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან და გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამასთან, მოწმეების ჩვენებებით არ დგინდება განიცადა თუ არა კ. ზ–მა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პ. ზ–ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.8. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ-19 გადაწყვეტილებაზე, თუმცა მითითებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება პ. ზ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე