Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-596-1249-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი ფართის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ტ-ის საკუთრებაში ირიცხება ქ.თბილისში, ... მდებარე სახლი, რომლის ერთი ოთახი, 18 კვ.მ ფართით, შუშაბანდით მიეკუთვნა ე. ნ-ეს მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით.

2002წ. 16 სექტემბერს ლ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. ნ-ის მიმართ, რომელშიც მიუთითა, რომ მოპასუხემ მისი თანხმობის გარეშე უკანონოდ გაჭრა ღიობი თავისი კუთვნილი ოთახიდან მის ოთახში და მიისაკუთრა 7 კვ.მ ფართის ოთახი, რომელსაც ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს. მოსარჩელემ სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოითხოვა მოპასუხის, მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლება უკანონოდ დაკავებული ოთახიდან და აღნიშნული ოთახის მისთვის გადაცემა.

მოპასუხე ე. ნ-ემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1976 წელს მან და მისმა მეუღლემ ... მდებარე სახლში შეიძინეს 18,56 კვ.მ ფართის ერთი საცხოვრებელი ოთახი შუშაბანდსა და საკუჭნაოსთან ერთად. მოსარჩელე სწორედ ამ საკუჭნაოს მიიჩნევს თავის კუთვნილ ოთახად. მოპასუხემ უარყო კედელში ღიობის გაჭრა და აღნიშნა, რომ ბინა პირვანდელ მდგომარეობაშია. სადავო ფართი არ არის ცალკე უფლების ობიექტი, რადგანაც სკ-ს 150-ე და 171-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგენს ე. ნ-ის ბინის არსებით შემადგენელ ნაწილს და მისი გამოცალკევება შეუძლებელია მოსპობის გარეშე.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე. ნ-ე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ... მდებარე 7 კვ.მ ფართის ოთახიდან და აღნიშნული ოთახი გადაეცა მოსარჩელე ლ. ტ-ს.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ნ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ტ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულების, კერძოდ, თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციო ბიუროს მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1988 წლიდან ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო 7 კვ.მ საცხოვრებელი ფართის სათავსთან დაკავშირება შესაძლებელი იყო მხოლოდ ე. ნ-ის საკუთრებაში არსებული ¹4 ოთახის გავლით. აქედან გამომდინარე, ამ სათავსით ვერ ისარგებლებდა მოსარჩელე ლ. ტ-ი, სადავო ფართით 1988 წლიდან დღემდე სარგებლობს ელ. ნ-ე. შესაბამისად, ლ. ტ-ს მისი უფლებების დარღვევის შესახებ, კერძოდ, სადავო სათავსის მისი მფლობელობიდან გამოსვლის შესახებ უნდა შეეტყო 1988 წელს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სამოქალაქო სამართლის (1964წ.) კოდექსის 75-ე და 84-ე მუხლებით, სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად.

ლ. ტ-მა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1507-ე მუხლი, შესაბამისად, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ახალი სკ-ს 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე, 168-ე მუხლებით; სასამართლოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (ძვ. რედ) 131-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით არ დაუდგენია არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, თუ როდის მოახდინა ე. ნ-ემ მის მიერ შესყიდული ერთი ოთახისა და შუშაბანდის რეგისტრაცია ტექაღრიცხვის სამსახურში, რაც სავარაუდოთ 1996წ. შემდეგ უნდა მომხდარიყო და არ გამოურკვევია, რის საფუძველზე სარგებლობდა იგი სადავო ფართით 1988 წლიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 244-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი. მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს არ დაუდგენია მთელი რიგი გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი გეგმა-ნახაზებითა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით, გაურკვეველია, შედის თუ არა ლ. ტ-ის საკუთრებაში სადავო ფართი. აღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებულია მხოლოდ თანამესაკუთრეთა წილზე მთლიან ქონებაში, კერძოდ, ლ. ტ-ის საკუთრებაში ირიცხება 38/56 საცხოვრებელი ფართი, ხოლო 18/56 ე. ნ-ის სახელზე. დამხმარე ფართის თაობაზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებში არაფერია მითითებული. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ რამდენად უფლებამოსილია ლ. ტ-ი მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის დაბრუნება.

ამასთან, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მითითებას სასარჩელო ხანდაზმულობის თაობაზე. სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სააპელაციო სასამართლო არ უთითებს ე. ნ-ის უფლებამოსილებაზე სადავო ნივთის ფლობასთან მიმართებაში. საკუთრების უფლება მუდმივი უფლებაა და იგი გულისხმობს მესაკუთრის უფლებას (სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილი) არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ხოლო ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მესაკუთრემ დაუშვებლად მიიჩნია სხვა პირის მიერ მისი ქონებით სარგებლობა, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი არ ყოფილა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს შედის თუ არა სადავო ფართი ლ. ტ-ის საკუთრებაში და ასეთი ფაქტის დადგენის შემთხვევაში როდის დაარღვია ე. ნ-ემ ლ. ტ-ის საკუთრების უფლება.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადადებულ სახელმწიფო ბაჟს, სასამართლო ხარჯების საბოლოო განსაზღვრა უნდა მოხდეს საქმის განხილვის დამთავრებისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე, 53-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.