Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-604-1254-03 4 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე,),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: პატენტით დაცული გამოგონების გამოყენებისათვის ჯარიმის დაკისრება, პატენტით დაცული გამოგონების გამოყენების აკრძალვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. და მ. ბ-ებმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს შპს “ო. ს.-ის” მიმართ და მოითხოვეს პატენტით დაცული გამოგონების აკრძალვა, უნებართვოდ გამოყენებისათვის პატენტმფლობელის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, ხოლო გამოგონების ავტორის სასარგებლოდ, საავტორო ჯილდოს, 7800 ლარის, დაკისრება.

საქმის განხილვის დროს შპს “ო. ს.-მა” შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მხარემ საქართველოს საპატენტო კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა ზ. და მ. ბ-ის გამოგონების _ ¹1494899 პატენტისა და საავტორო მოწმობის ნაცვლად გაცემული დამცავი დოკუმენტის გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 23 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე შპს “ო. ს.-ს” წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

შპს “ო. ს.-ს” დირექტორმა გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება, რაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო კოლეგიის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ო. ს.-ს” დირექტორმა დ. ქ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი მტკიცებულებები დეპეშებისა და ავადმყოფობის ცნობის სახით. მის მარწმუნებელს არ ჰქონდა მინიჭებული სკ-ს 98-ე მუხლით მინიჭებული უფლებები და ამიტომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, ბ-ებს არ გააჩნდათ სარჩელის აღვძრის წინაპირობები მათი პატენტის პატენტუუნარობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 22 აპრილის განჩინებით შპს “ო. ს.-ს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2002წ. 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე კოლეგიას.

საკასაციო პალატამ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლებით: ჩათვალა, რომ შპს “ო. ს.-ს” დირექტორი დ. ქ-ი პირადად წარმოადგენდა აღნიშნულ იურიდიულ პირს სასამართლოს სხდომაზე, ამასთან მისი ავადმყოფობის ფაქტი სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რასაც არც სასამართლო უარყოფს, სასამართლო კოლეგიას დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია შპს “ო. ს.-ს” შეგებებული სარჩელის მოთხოვნის თაობაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 ივნისის განჩინებით გაუქმდა ამავე კოლეგიის 2002წ. 23 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა საერთო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით მ. და ზ. ბ-ის სარჩელი შპს “ო. ს.-სთან” გამოგონების უნებართვოდ გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და გამოგონების გამოყენების აკრძალვის შესახებ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. ასევე არ დაკმაყოფილდა შპს “ო. ს.-ს” შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლებით: ზ. ბ-მა არ გადაიხადა სათანადო ბაჟი, რის გამოც სსრკ საავტორო მოწმობების, ¹1494899 “ბაიხის ჩაის დახარისხების ხაზი ბ-ის,” საფუძველზე არ არის გაცემული საქართველოს პატენტი, ზემოაღნიშნულმა საავტორო მოწმობამ შეწყვიტა თავისი მოქმედება თვით რუსეთის რესპუბლიკაშიც კი 1993წ. 2 ივლისიდან ყოველწლიური გადასახადის გადაუხდელობის გამო. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათ მიერ შექმნილია 100-ზე მეტი მანქანა, რომლებიც მათი გამოგონების მიხედვით იყო დამზადებული, ვინაიდან ამის შესახებ მათ არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ბ-მა, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: კოლეგიამ არასწორად ცნო გაუქმებულად ¹1494899 საავტორო მოწმობა, მაშინ როდესაც იგი გაცემულია 1991 წელს სსრკ-ის სახელმწიფოს მიერ და რომელიც რეგისტრირებულია საპატენტო რეესტრში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: კოლეგიის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ზ. ბ-ის სსრკ საავტორო მოწმობის, ¹1494899 “ბაიხის ჩაის დახარისხების ხაზი ბ-ის” საფუძველზე არ არის გაცემული საქართველოს პატენტი. სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიმართ საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ აქვს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში კი კოლეგიამ სწორად არ დააკმაყოფილა ზ. ბ-ის სარჩელი, რადგან მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის მიერ პატენტით დაცული გამოგონების უნებართვო გამოყენებისათვის თანხის დაკისრებას, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა თუ მოსარჩელე ზ. ბ-ს სსრ კავშირის გამოგონების სახელმწიფო კომიტეტის მიერ 1989წ. 22 მარტს გაცემულ პატენტის ¹1494899 საფუძველზე მიღებული ექნებოდა საქართველოს პატენტი.

“გამოგონების შესახებ დებულებით დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, “დაშვებულია საქართველოს რესპუბლიკის პატენტის გაცემა ყოფილი სსრ კავშირის საავტორო მოწმობით ან პატენტით დაცულ გამოგონებაზე, რომელთაც აქვთ პრიორიტეტი 1972წ. 1 მაისის შემდეგ. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის პატენტის მოქმედების 20 წლიანი ვადა აითვლება გამოგონების არსებული პრიორიტეტიდან. იგივე წესი გავრცელდება პატენტებზე, რომლებიც გაცემულია უცხოეთის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე”. ბ-ს არ უსარგებლია ზემოაღნიშნული დადგენილებით მინიჭებული უფლებით და არ მოუთხოვია საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის პატენტით დაცული გამოგონების საფუძველზე დადგენილი წესით საქართველოს პატენტის გაცემა.

საქმეში წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების სააგენტოს მიერ 2002წ. 10 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, კასატორის საავტორო მოწმობამ შეწყვიტა მოქმედება თვით რუსეთის ფედერაციაშიც 1993წ. 2 ივლისიდან ყოველწლიური გადასახადის გადაუხდელობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით ზ. ბ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.