გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-605-1252-03 18 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 21 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური საბინაო-საექსპლუტაციო ნაწილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი გამოსახლება ქ. ფოთში, ... მდებარე ოროთახიანის ბინიდან იმ საფუძვლით, რომ ბინა ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური საბინაო-საექსპლუტაციო ნაწილის ბალანსზე, 1992 წლიდან ბინა უკანონოდ აქვს დაკავებული კ. კ-ეს და მიუხედავად მათი არაერთგზის გაფრთხილებისა იგი ბინას არ ათავისუფლებს. კ. კ-ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ბინა თვითნებურად არ დაუკავებია იგი ბინაში შესახლდა ფოთის სამხედრო გარნიზონის ¹90921 სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი ფართის კომისიის განაწილებით, რაც შეეხება სადავო ბინაში ორდერისა და ჩაწერის გარეშე ცხოვრების საკითხს, იგი სისტემატიურად მიმართავდა ამის შესახებ მოსარჩელეს, მაგრამ მის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდნენ. საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2003წ. 27 თებერვალს მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹... რეგიონალური ბაზის სარჩელი. კ. კ-ე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან და ბინა დაუბრუნდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹... რეგიონალურ ბაზას. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. კ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით. კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს ¹.... რეგიონალურ ბაზას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ქუთაისის საოლქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა:
სკ-ს 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. კ-ე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. კ-ე სადავო ბინაში ცხოვრობს არა თვითნებურად, არამედ ქ. ფოთის სამხედრო გარნიზონის ¹... სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი ფართის კომისიის 1992წ. 27 ნოემბრის ოქმის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოცემული ურთიერთობის დარეგულირებისას გამოყენებული უნდა იქნეს 1964წ. საქართველოს ამავე კოდექსის სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ვინაიდან სსკ-ის 160-ე მუხლი უძრავი ნივთის ვინდიკაციისათვის სპეციალურ ვადას არ ადგენს. 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლით, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია განისაზღვრება სამი წლით, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით მოსარჩელისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 1992 წლიდან. სადავო ბინიდან კ. კ-ის გამოსახლების შესახებ სარჩელი აღძრულ იქნა ქ. ფოთის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის მიერ 1996 წელს, რომელიც დატოვებულ იქნა განუხილველად, შემდეგ კი ოთხი წლის გასვლის შემდეგ – 2000წ. 21 დეკემბერს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ გაუშვა 1964წ. სკ-ით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, აქედან გამომდინარე ახალი სკ-ით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადის ამოქმედება არ მომხდარა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹... რეგიონალური ბაზის უფროსმა გ. გ-მა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორმა შემდეგი გარემოებანი მიუთითა:
კასატორის აზრით სასამართლო არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964წ. რედაქციის 75-ე, 80-ე მუხლები. ასევე, ახალი სკ-ს 160-ე მუხლი და არ გამოიყენა სკ-ს 167-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენას ხანდაზმულობით. კასატორი მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს მესაკუთრეს და არა მფლობელს, ხოლო კ. კ-ე არის ამ ნივთის არაკეთილსინდისიერი მფლობელი. სკ-ს 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არაკეთილსინისიერი მფლობელობა გამორიცხავს საკუთრების ხანდაზმულობით შეძენას.
ამასთან, სკ-ს 167-ე მუხლით გათვალისწინებული 15 წლიანი ხანდაზმულობის ათვლა უნდა განხორციელდეს 1993წ. 23 ივლისიდან, როგორც ეს სკ-ს 1507-ე მუხლის მე-4 ნაწილითაა განსაზღვრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები საკასაციო საჩივარი შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. კ-ემ ფოთში, ... მდებარე ბინა დაიკავა ფოთის სამხედრო გარნიზონის ¹90921 სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი ფართის გამანაწილებელი კომისიის 1992წ. 27 ნოემბრის ოქმის საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991წ. 25 ნოემბრის ¹819 დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის სამხედრო ქონება გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის დადგენილებით ეს ქონება გადაეცა თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მფლობელობაში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქმე არ შეიცავს მონაცემებს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდიდან გახდა მოსარჩელის წინამორბედი სამხედრო უწყება, სამხედრო ¹... ნაწილზე რიცხული ქონების ბალანს მფლობელი.
საქმის მასალების მიხედვით ფოთის რეგიონალური სამხედრო პროკურორის მიერ სარჩელი კ. კ-ის გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი იყო 1996წ. 17 ივნისს, რომელიც დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო სამართლოს კოდექსის 87-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნებზე სახელმწიფო ქონების დაბრუნების შესახებ კოლმეურნეობათა და სხვა კოოპერატიულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ან მოქალაქეთა უკანონო მფლობელობიდან სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება. ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 87-ე და არა 75-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სკ-ს ძალაში შესვლის ე.ი 1997წ. 25 ნოემბრისათვის მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
პალატა თვლის, რომ მესაკუთრის ვინდიკაციურ სარჩელებზე უნდა გავრცელდეს სკ-ით გათვალისწინებული საერთო ხანდაზმულობის ვადა, თუ არ არის სახეზე უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნა ამასთან ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც მესაკუთრემ დაუშვებლად მიიჩნია სხვა პირის მიერ მისი ქონებით სარგებლობა, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაცია უნდა მოახდინოს განჩინებაში მოყვანილი მითითებების მიხედვით და ისე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ¹.... რეგიონალური ბაზის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.