¹ ას-60-759-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 21 მაისს თბილისის ¹...-ე ბაგა-ბაღის გამგემ, ე. მ.-მ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ე. მ.-ის, მ. ა.-ის მიმართ და მოითხოვა მათი გამოსახლება ბაგა-ბაღის შენობიდან იმ საფუძვლით, რომ ისინი აღნიშნულ შენობაში შეიჭრნენ ყოველგვარი ნებართვის გარეშე.
ე. მ.-ი, როგორც არასათანადო მოსარჩელე ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის საოქმო განჩინებით შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – თბილისის განათლების განყოფილებით.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ... მდებარე ¹...-ე ბაგა-ბაღის შენობიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ელზა მ.-მ და მ. ა.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის ...-ე ბაგა-ბაღი იმყოფება თბილისის განათლების განყოფილების ბალანსზე და აპელანტები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო ფართს. სააპელაციო პალატამ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 170-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონების სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით კი მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ამდენად, თბილისის განათლების განყოფილებას, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს შეუძლია მოითხოვოს ამ ნივთის გამოთხოვა.
საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ე. მ.-მ, ისე მ. ა.-მ და მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოსათვის, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული ფქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 ივნისის განჩინებებით ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო მ. ა.-ს ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, რადგან მის მიერ არ იყო შესრულებული სსკ-ს 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტის მოთხოვნა საკასაციო საჩივარზე საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერის სავალდებულობის შესახებ; მარი ა.-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივლისის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ე. მ.-ი ცხოვრობს თბილისში, ... მდებარე ¹...-ე ბაგა-ბაღის შენობაში. მოპასუხე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსდა ბაღის გამგის ე. მ.-ის თანხმობით, რომელიც დაეხმარა უბინაოს და დროებით განათავსა ბაგა-ბაღში; საქმის მასალებით, მათ შორის თვით მოპასუხის ე. მ.-ის განმარტებით დასტურდება, რომ იგი ყოველგვარი ნებართვისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს დაკავებულ ფართში;
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლი, ვინაიდან მასსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა ორმხრივი ნებელობითი აქტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის გამოც მფლობელობა არ შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს;
პალატა თვლის, რომ მართალია მოპასუხის მიერ სადავო ფართის დაკავება მოხდა ბაგა-ბაღის გამგის კეთილი ნებითა და თანხმობით, მაგრამ აღნიშნულით არ წარმოშობილა მხარეთა შორის ვალდებულებით –სამართლებრივი ურთიერთობა; ბაგა-ბაღის შენობა აღრიცხულია ქ. თბილისის განათლების განყოფილების ბალანსზე, ამიტომ სადავო ოთახების დროებით დათმობა კასატორისათვის არ შეიძლება განხილულ იქნეს ფლობის იმ სამართლებრივ საფუძვლად, რომელიც გამოიწვევს მესაკუთრის სახელშეკრულებო შებოჭვას და აღნიშნულიდან გამომდინარე მოუსპობს მას საშუალებას ვინდიკაციური სარჩელით მოითხოვოს მფლობელობის შეწყვეტა;
მოსარჩელის, თბილისის განათლების განყოფილების წარმომადგენლის განმარტებით დაკავებული ფართი მათ ესაჭიროებათ ბაგა-ბაღის აღსადგენად.
სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დარუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება; მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კასატორებს აქვთ ნივთის, სადავო ფართის ფლობის უფლება; სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია; მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ასეთი პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ წამოყენებული არ არის;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი;
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.