Facebook Twitter

საქმე N 330100121005087406

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1254აპ-22 14 მარტი, 2023 წელი

ფ–ე გ., №1254აპ-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–სას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენით გ. ფ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 2 სექტემბრიდან.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ–მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ. ფ–მ 2021 წლის 1 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა №..-ში მდებარე ესთეტიკის ცენტრის სათავსო ოთახში უკანონო შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ. ვ–სას ხელჩანთაში არსებულ ფულს - 765 (შვიდას სამოცდახუთი) ლარს, რის შედეგადაც ნ. ვ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. ჩ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ფ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნელი განაჩენის გამოსატანად სასამართლოში არ წარმოუდგენია. გ. ფ–ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული და მისი მეგობარი - მ. კ–ე, რომელთა ჩვენებებიც არ არის დამაჯერებელი. აღნიშნულის საპირისპიროდ მსჯავრდებული გ. ფ–ე კატეგორიულად უარყოფს ბრალად წარდგენილ დანაშაულს - ქურდობას და აღნიშნავს, 2021 წლის 1 სექტემბერს .........ს ქუჩაზე იმყოფებოდა პირადი მიზნებისთვის, ხოლო დანაშაულის აღიარებას პოლიციის თანამშრომლები სთხოვდნენ. ამასთან, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები მას დევნიან, ვინაიდან წარსულში ნასამართლევია ქურდობისთვის და იმყოფება მეტადონის პროგრამაში.

3.2. კასატორის პოზიციით სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სათანადოდ არ შეაფასა შემდეგი გარემოებები: გამოძიების დაწყების საფუძველია მ. კ–სთანის სატელეფონო შეტყობინება, რომლის თანახმადაც ოფისში უცხო პირი იმყოფებოდა დაახლოებით 15:30 საათზე, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს ამის შესახებ აცნობა 21:36 საათზე, შემთხვევიდან ხუთი საათის შემდეგ. გამომძიებლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება 20:15 საათზე დაიწყეს და 21:40 საათზე დამთავრეს, მაშინ როცა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ..........ოს მთავარი სამმართველოს პოლიციის ........ განყოფილების რეზოლუცია გამომძიებელ გ. ჯ–ს შესასრულებლად დაეწერა 21:36 საათზე. ამდენად, კასატორის აზრით, ბუნდოვანია მ. კ–მ 112-ში რატომ დარეკა შემთხვევიდან ხუთ საათის შემდეგ, ხოლო სამართალდამცავებმა რა საფუძვლით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი 20:15 საათზე.

3.3. კასატორის აზრით სასამართლო განაჩენის გამოტანისას არ უნდა დაეყრდნობოდა დაზარალებულ ნ. ვ–სა და მოწმე მ. კ–ს მიერ გ. ფ–ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, ვინაიდან მითითებული ინფორმაციის წყარო დაინტერესებული პირები არიან. შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულებები ვერ შეფასდება დამოუკიდებელ, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად. გარდა ამისა, შესაფასებელია თავად ამოცნობის ოქმის ჩატარების პროცედურა, კერძოდ, მოწმე და დაზარალებულისთვის წარდგენილ ფოტოსურათზე გ. ფ–ე აღბეჭდილია ზამთრის ჩაცმულობით, უქუდოდ და პირბადის გარეშე, ამასთან ფოტოსურათი არის წლების წინ გადაღებული, შესაბამისად შეუძლებელი იყო ხსენებულ პირებს ამოეცნოთ მსჯავრდებული.

3.4. ადვოკატ ნ. ჩ–ს მოსაზრებით გამოძიება ჩატარდა არასრულად და არაობიექტურად, კერძოდ, არ ამოღებულა ჩანთა, თითის ანაბეჭდები, დეენემის და ნერწყვის ნიმუშები, არ დანიშნულა შესაბამისი ექსპერტიზები. რაც შეეხება, ოდოროლოგიური ექსპერტიზის შედეგებს, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა ენდოს მას სასამართლო, მაშინ, როდესაც უცნობია, თუ რა ვითარებაში ხდება ძაღლის მიერ სუნის ნიმუშის ამოცნობა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ფ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

4.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

4.4. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ნ. ვ–ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს მენეჯერთან - მ. კ–სთან ერთად იმყოფებოდა სამსახურში - შპს „.... ... ...... ცენტრში“. დაახლოებით 15:30-დან 16:00 საათამდე მან დაინახა ამავე ოფისში მდებარე საწყობის ოთახიდან გამომავალი უცნობი კაცი, რომელმაც მათი დანახვისას ნაბიჯს აუჩქარა. მან დაინახა რომ ამ პირს ხელში ფული ეჭირა და ცდილობდა მის შარვლის მარჯვენა ჯიბეში ჩადებას. თანხის დანახვისას დაეჭვდა და მამაკაცს მ–სთან ერთად გაჰყვა კარებამდე. მალევე უკან დაბრუნდნენ, შეამოწმა საწყობ ოთახში არსებული თავისი ჩანთა და აღმოაჩინა, რომ ნივთები ამოყრილი იყო, ხოლო ფული აღარ იდო. დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ვ–ს განმარტებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე - თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ, მოწმე მ. კ–ს ჩვენებასთან, რომელიც ანალოგიურად აღწერს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს; ამოცნობის ოქმებთან, რომელთა თანახმადაც, ნ. ვ–მ და მოწმე მ. კ–მ დეტალურად აღწერეს თუ როგორ გამოიყურებოდა ხსენებული პირი და ამოიცნეს იგი; დათვალიერების ოქმთან, რომლითაც დათვალიერდა ..........ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს „...............ას“ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომელშიც 2021 წლის 1 სექტემბრის 15:49:29 საათზე, სწორედ დანაშაულის ჩადენის პერიოდში აღბეჭდილია სუსტი აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც აცვია თეთრი მაისური, მოლურჯო ფერის შარვალი და მოლურჯო ფერის სპორტული ფეხსაცმელი და თავზე ახურავს შავი ფერის კეპიანი ქუდი, რომელიც დათვალიერებაში მონაწილე ნ. ვ–ს მითითებით არის სწორედ ის პირი, რომელმაც მას 2021 წლის 1 სექტემბერს ე–ის ცენტრის სათავსო ოთახში მოპარა ფული - 765 ლარი; 2021 წლის 30 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, ოთახიდან, საიდანაც ნ. ვ–ს ფული მოპარეს, იატაკის ზედაპირიდან (მაგიდაზე არსებული ჩანთის მიმდებარედ) ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია გ. ფ–სგან აღებული სუნის ნიმუშის. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ გ. ფ–ის სუნის ნიმუში ამოვიდა არა ესთეტიკის ცენტრის საერთო სივრციდან, არამედ უშუალოდ იმ ოთახიდან, სადაც დაზარალებული ინახავდა ფულს და სადაც თანამშრომლების გარდა ვერ შედიოდნენ უცხო პირები, მოწმობს ამ კონკრეტულ ადგილზე გ. ფ–სის ყოფნას.

4.5. საკასაციო სასამართლოს აზრით არასწორია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის იმთავითვე არასანდო მტკიცებულებად მიჩნევა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასების პრინციპიდან. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მისი სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ, მისი უტყუარობისა და დამაჯერებლობის შეფასების გარეშე, მცირე ან თუნდაც დიდი მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის N732აპ-21 განჩინება).

4.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის კანონიერების თაობაზე და მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები, კერძოდ, თავად შეტყობინების ბარათის შინაარსით ირკვევა, რომ ინციდენტის თარიღია 01/Sep/21, 16:00:11 საათი, რა დროსაც ინიციატორი აცხადებს, რომ დანაშაულებრივი ქმედება მოხდა 30 წუთის წინ. დაზარალებული და მოწმე მ. კ–ე აცხადებენ, რომ მათ სამუშაო ადგილზე ინციდენტი მოხდა დაახლოებით 15:30-16:00 საათზე და პოლიციაში დარეკეს ცოტა მოგვიანებით. საქმეზე პირველი საგამოძიებო მოქმედება კი (შემთხვევის ადგილის დათვალიერება) ჩატარებულია შეტყობინების მიღების შემდეგ, 20:15-21:40 საათის შუალედში.

4.7. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება მსჯავრდებულ გ. ფ–ს მიმართ პოლიციის თანამშრომლების დაინტერესების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე არ უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე და ხსენებული არც საქმის მასალებით დასტურდება.

4.8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ფ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე