Facebook Twitter

საქმე N 330100122005402168

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1280აპ-22 20 მარტი 2023 წელი

ჯ–ა ა., №1280აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ჯ–სა (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 1 დეკემბერს, შუადღის საათებში, თ–ი, უ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული თ. მ–სის კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით ......, ა. ჯ–სა უკანონო შეღწევის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 400 ლარად ღირებულ „HP-ის“ ფირმის ლეპტოპს და ფულად თანხას 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით თ. მ–ს მიადგა 450 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.3. 2021 წლის 18 ნოემბერს, 14:30 საათიდან, 15:00 საათამდე პერიოდში, თ–ში, .........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ნ. კ–ს კუთვნილი „ნისან როგის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით ............, ა. ჯ–სა უკანონო შეღწევის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხელჩანთასა და მასში მოთავსებულ ფულად თანხას: ხურდა ფულს, ორ ოცლარიან კუპიურას, ორ ხუთლარიან კუპიურას, ერთ ათევროიანს, ერთ ოცდოლარიანს და ერთ ათდოლარიან კუპიურებს. აღნიშნული ქმედებით ნ. კ–ს მიადგა 187 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.4. 2021 წლის 3 დეკემბერს, შუადღის საათებში, თ–ში, ვ–ს პირველ მიკრორაიონში, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუპერმარკეტ „....თან“ გაჩერებული გ. ა–სის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით ........, ა. ჯ–სა უკანონო შეღწევის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 300 ლარად ღირებულ „IPHONE 7-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს. აღნიშნული ქმედებით გ. ა–სს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

1.5. 2021 წლის 19 ოქტომბერს, შუადღის საათებში ა. ჯ–სა ქ.თ–ში, ..........ის გამზირ N..-ში მდებარე შენობის წინ გაჩერებული ვ. გ–ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვ. გ–ს ახლობლების ნივთებს, კერძოდ: დ. ქ–ს ერთ ცალ 150 ლარად ღირებულ ქურთუკს, ა. მ–ს „სამსუნგ გალაქსი ა32“ მოდელის 850 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, 20 ლარად ღირებულ სვიტერს და 200 ლარად ღირებულ ჩანთას, მასში განთავსებული მისი პირადი, ერთობლივად 100 ლარად ღირებული ნივთებით - თმის სავარცხელი, თმის დამჭერი რეზინა, პინცეტი, თმის სამაგრი, კოსმეტიკური ფანქრების ჩასადები, ტუში, ტუჩსაცხი, კოსმეტიკური ფანქარი და მაკიაჟის წასასმელი ღრუბელი, შ. გ–ს კუთვნილ 180 ლარად ღირებულ ქურთუკს, 179 ლარად ღირებულ ხელჩანთას, ორ ცალ, თითო ცხრამეტ ლარად ღირებულ მაისურს, ერთ წყვილ „ზარას“ ფირმის, 180 ლარად ღირებულ ფეხსაცმელს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ დ. ქ–ს მიადგა - 150 ლარის, დაზარალებულ ა. მ–ს - 1170 ლარის, დაზარალებულ შ. გ–ს - 577 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენით ა. ჯ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ამავე განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. ჯ–სასთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. მსჯავრდებულმა ა. ჯ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მისთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ა. ჯ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, ერთი წლის წინ გადაეცვალა მეუღლე და კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. კასატორი ასევე უთითებს, რომ მხოლოდ დანაშაულის პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩადენისა და დანაშაულის რეციდივის გამო ა. ჯ–ს არ უნდა განსაზღვროდა მკაცრი სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ა. ჯ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილში კი მითითებულია, რომ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

5.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ჯ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ასევე ის, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ა. ჯ–სა იყო პირობით მსჯავრდებული და მას წინა განაჩენით ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა და დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, ა. ჯ–სას კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ა. ჯ–სთვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირების საფუძველი. მისთვის განსაზღვრული სასჯელი, არის სამართლიანი და კანონიერი და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჯ–ას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე