გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-614-1271-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანა, თანამესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 29 სექტემბერს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დ. ტ-მა ნ. ბ-ისგან შეიძინა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹20 ბინა. დ. ტ-ის დამ _ ხ. ტ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა შორის ზემოთ მითითებული გარიგების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ ბინა ნაყიდია მისი თანხით. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს მოჰყავს მას და დ. ტ-ს შორის დადებული შეთანხმება, რომლის თანახმად გერმანიაში სასწრაფოდ გამგზავრების გამო მან თავის ძმას დაუტოვა 3200 აშშ დოლარი ბინის შესაძენად. ხ. ტ-ის განმარტებით, მისმა ძმამ ბინის შესაძენი თანხიდან გაისტუმრა თავისი ვალები, ხოლო დარჩენილი თანხით იყიდა საშინლად მოუწესრიგებელი ბინა 2000 ლარად. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ორი თვის განმავლობაში იგი აწარმოებდა რემონტს, მაგრამ კვლავ მოუხდა საზღვარგარეთ გამგზავრება. დღეისათვის კი მისი ძმა ბინის მასზე გადაფორმებისთვის დამატებით ითხოვს 1000 ლარს. ხ. ტ-ის განმარტებით, მას სწავლის გამო დრო მუშაობისთვის აღარ რჩება, არ აქვს საშუალება გადაუხადოს მითითებული თანხა და ითხოვს მისი სახსრებით მისი ძმის სახელზე შეძენილ ბინაზე მესაკუთრედ ცნობას, სადავო ბინის მის სახელზე აღრიცხვას, დ. ტ-სა და ნ. ბ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 21 იანვარს განიხილა ხ. ტ-ის სარჩელი. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ ბინის მესაკუთრედ ცნობა, რადგან პრაქტიკულად ეს ხელშეკრულება დ. ტ-მა მისი დავალებით დადო, თუმცა ოფიციალურად მისთვის რწმუნებულება არ მიუცია. დ. ტ-მა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო, მაგრამ მოითხოვა ხ. ტ-ისთვის 1000 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ბინის მოსაძებნად გასწია შრომა და ამდენი ხნის განმავლობაში უპატრონა მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაყენებული იყო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით და არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მის თაობაზე, ხოლო ხ. ტ-ის სარჩელი დააკმაყოფილა; იგი ცნობილ იქნა დ. ტ-ის სახელზე რიცხული ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით.
2002წ. 10 ივნისს ი. ბ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი განცხადების საფუძველზე სასამართლოს 2002წ. 8 ივლისის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება, განახლდა საქმის წარმოება და ი. ბ-ი ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ი. ბ-მა, როგორც დ. ტ-ის მეუღლემ, მოითხოვა სადავო ბინის თანამესაკუთრედ ცნობა და დ. და ხ. ტ-ების მიერ შედგენილი შეთანხმების ბათილად ცნობა სკ-ს 56-ე, 59-ე მუხლების საფუძველზე. მისი განმარტებით, ბინა შეძენილია ცოლ-ქმრის მიერ მშობლების დახმარებით და არა ხ. ტ-ის სახსრებით. და-ძმას შორის დადებული შეთანხმება უძრავი ქონების შესაძენად ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობას, რადგან იგი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად. ხელწერილი თავისი შინაარსით თვალთმაქცურ და შენიღბულ ხასიათს ატარებს.
2001წ. 1 აგვისტოს დავა განხილულ იქნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ. სხდომაზე დ. ტ-მა აღიარა, რომ ბინა შეძენილია მისი დის სახსრებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინა შეძენილი არ არის დ. ტ-ის და ი. ბ-ის სახსრებით და იგი, სკ-ს 1158-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეუღლეთა თანასაკუთრებად. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის დადებულია დავალების ხელშეკრულება სკ-ს 709-ე, 716-ე მუხლების შესაბამისად. ამიტომ დ. ტ-ის მიერ ნაყიდი ქონება უნდა ჩაითვალოს მარწმუნებლის, ანუ ხ. ტ-ის ქონებად, ხოლო 991-ე მუხლის საფუძველზე დ. ტ-ი ვალდებულია დააბრუნოს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო ბინის მესაკუთრედ ცნო ხ. ტ-ი, ხოლო ი. ბ-ს (ტ-ს) უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ი. ბ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ და-ძმას შორის დადებული შეთანხმება ბინის ყიდვის თაობაზე დადასტურებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით, ვინაიდან იგი ეხებოდა უძრავ ქონებას, ხოლო სკ-ს 58-ე მუხლის საფუძველზე ასეთი გარიგება ბათილია. ამიტომ ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე დ.ტ-ს არ შეეძლო ემოქმედა და შეეძინა ბინა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. და ხ. ტ-ებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც წარმოიშვა მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე, რაც სკ-ს 327-ე მუხლის თანახმად საჭიროებდა სანოტარო წესით დამოწმებას, რაც არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. სასამართლომ დ. ტ-ზე აღრიცხული ბინა ცნო ქორწინების განმავლობაში შეძენილ ბინად, რის გამოც ი. ბ-ი ცნობილ იქნა სადავო ბინის თანამესაკუთრედ, ხოლო ხ. ტ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. ტ-მა და მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 709-ე, 716-ე, 991-ე მუხლების გამოყენება. ამასთან, კასატორის აზრით, სასამართლომ დავალების ხელშეკრულება არასწორად მიიჩნია წინარე ხელშეკრულებად და იგი არ საჭიროებდა სანოტარო წესით დადასტურებას.
ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა არავითარი საკუთრების გადაცემის უფლება და მისი გადაცემის მავალდებელი გარემოებაც ვერ წარმოიშვებოდა. კასატორის აზრით, სახეზეა დავალების ხელშეკრულება, რაც სწორად იქნა შეფასებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამასთან, სააპელაციო სასამართლო გაცდა სსკ-ს 248-ე მუხლით დადგენილ ფარგლებს და ბათილად ცნო გარიგება, რისი მოთხოვნაც მას სასამართლოში არ დაუყენებია, ხოლო ხ. ტ-ისათვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნების უფლების მინიჭებით აღიარა დავალების ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
კასატორის აზრით, სასამართლომ მიზანმიმართულად აუარა გვერდი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალური საკუთრების ინსტიტუტს, რაც სკ-ს 1161-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით არის მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება. ხ. ტ-მა დ. ტ-ს თანხა გადასცა ინდივიდუალურად და ამიტომ საოლქო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა გამოეყენებინა 1158-ე მუხლი და ბინა ჩაეთვალა საერთო ქონებად ანუ მეუღლეთა თანასაკუთრებად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ხ. ტ-სა და დ. ტ-ს შორის დაიდო გარიგება უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ხელშეკრულება შეაფასა როგორც ხელშეკრულება, რომლითაც წარმოიშვა მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, ხოლო ვინაიდან ასეთ წინარე ხელშეკრულებას სკ-ს 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ესაჭიროებოდა სანოტარო ფორმა, რაც არ იქნა დაცული მხარეთა მიერ, იგი მიჩნეულ იქნა ბათილ გარიგებად სკ-ს 54-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; ამასთან, სასამართლომ ამავე კოდექსის 991-ე მუხლის საფუძველზე აღიარა ხ.ტ-ის უფლება გარიგებით გადაცემული ქონების უკან დაბრუნების თაობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია მთელი რიგი საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დ. ტ-მა სარჩელი ცნო და აღიარა ის ფაქტი, რომ მან ბინა შეიძინა ხ. ტ-ისათვის, მის მიერ მიცემული თანხით. აღნიშნული გარემოება დაადასტურა სააპელაციო ინსტანციაში დ. ტ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. სსკ-ს 131-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას მხარის მიერ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე აღიარება მიჩნეულია ისეთი სახის მტკიცებულებად, რაც შესაძლოა უპირობოდ დაედოს საფუძვლად გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, რომ მხარემ მის მიმართ წაყენებული სარჩელი ცნო. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს დ. ტ-ის აღიარება, როგორც მტკიცებულება უნდა შეეფასებინა ი. ბ-ის, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე პირის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში და გადაწყვეტილება მიეღო იმისდა მიხედვით, ი. ბ-ი შესძლებდა თუ არა გაებათილებინა დ. ტ-ის მიერ აღიარებული გარემოების არსებობა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სკ-ს 1158-ე მუხლით მეუღლეთა საერთო ქონებად მიიჩნევა ქორწინების განმავლობაში მხოლოდ მათ მიერ შეძენილი ქონება. სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, იყო თუ არა სადავო ბინა მეუღლეთა მიერ შეძენილი. აღნიშნული გარემოების დადგენის გარეშე შეუძლებელია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას, თანახმად სსკ-ს 394-ე დმუხლის “ე” ქვეპუნქტისა.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, არის თუ არა სადავო ბინა ცოლ-ქმრის მიერ შეძენილი ქონება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.