საქმე # 330100121004312347
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№664აპ-22 ქ. თბილისი
ტ. ჯ. №664აპ-22 22 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ტ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. თ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ჯ. ტ–სი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით), საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვპუნქტითა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს „..........ის“ შენობის მე-.. სართულზე განთავსებულ შპს „........ში“, დანით შეიარაღებული ჯ. ტ–სი და გ. კ–ეე თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორ ნ. მ–სს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროდან გაიტაცეს ფულადი თანხა - 53 766 ლარი, შენობის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ორი ცალი ე.წ. „რესივერი“, ტელევიზორის ე.წ. „დეკოდერი“ და ინტერნეტის ე.წ. „როუტერი“, რის შედეგადაც, დაზარალებულ კომპანიას მიადგა 55 196 ლარის ზიანი.
2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს „........ის“ შენობის მეორე სართულზე განთავსებულ შპს „......ში“, დანით შეიარაღებული ჯ. ტ–სი და გ. კ–ეე თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორ ნ. მ–სს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხა, პოლიეთილენის ხუნდის გამოყენებით შეუკრეს ხელები და პირზე ააკრეს წებოვანი ლენტი, რის შემდეგაც მარტივად შეძლეს სალაროდან თანხის დაუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, ხოლო მოლარე-ოპერატორი ნ. მ–სი დატოვეს დაბმული.
ჯ. ტ–სმა უკანონოდ შეიძინა და ქ. რ–ში, თ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში უკანონოდ ინახავდა 0,0409 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“, რაც 2020 წლის 15 დეკემბერს, სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს შსს-ის .........ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომლებმა.
1.2. გ. კ–ეე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით) და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ–ში, ჯავახეთის ქუჩა N..-ში მდებარე შპს „........ის“ შენობის მე-.. სართულზე განთავსებულ შპს „........ში“, დანით შეიარაღებული ჯ. ტ–სი და გ. კ–ეე თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორ ნ. მ–სს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროდან გაიტაცეს ფულადი თანხა - 53 766 ლარი, შენობის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ორი ცალი ე.წ. „რესივერი“, ტელევიზორის ე.წ. „დეკოდერი“ და ინტერნეტის ე.წ. „როუტერი“, რის შედეგადაც, დაზარალებულ კომპანიას მიადგა 55 196 ლარის ზიანი.
2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს „...........ის“ შენობის მე.. სართულზე განთავსებულ შპს „.......ში“, დანით შეიარაღებული ჯ. ტ–სი და გ. კ–ეე თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორ ნ. მ–სს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხა, პოლიეთილენის ხუნდის გამოყენებით შეუკრეს ხელები და პირზე ააკრეს წებოვანი ლენტი, რის შემდეგაც მარტივად შეძლეს სალაროდან თანხის დაუფლება და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, ხოლო მოლარე-ოპერატორი ნ. მ–სი დატოვეს დაბმული.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
გ. კ–ეე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 16 დეკემბრიდან.
ჯ. ტ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ტ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ტ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით -საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ჯ. ტ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 16 დეკემბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულების - გ. კ–სა და ჯ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. მ–მ მოითხოვა მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ჯ. ტ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ვ. თ–მ და მსჯავრდებულების - გ. კ–სა და ჯ. ტ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ლ. ბ–მ. ადვოკატმა ვ. თ–მ მოითხოვა ჯ. ტ–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში - დანიშნული სასჯელის შემცირება. რაც შეეხება ადვოკატ ლ. ბ–ს საკასაციო საჩივარს, იგი წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ი) 302-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება განჩინება გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი განხილვის შესაძლებლობას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
7. კასატორი სადავოდ ხდის დაზარალებულ ნ. მ–ს ჩვენებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, მივიდა სამსახურში. შიდა კიბით ავიდა მეორე სართულზე და ცდილობდა დარბაზის კარის გაღებას, რა დროსაც უკანა მხრიდან მიეპარა უცნობი მამაკაცი. თავდამსხმელმა ყელზე მიადო დანა. ამ მდგომარეობაში მიიყვანა სალაროს კართან და მოსთხოვა სეიფის გაღება. სეიფის გაღების შემდეგ, ყელზე დანამიბჯენილი გაიყვანა სამზარეულოში, სადაც პლასტმასის ხუნდით შეუკრა ხელები, ხოლო პირზე მიაწება ლენტი. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელებს სახეზე გაკეთებული ნიღბები მოძრაობაში ჩამოეწიათ, რა დროსაც შეძლო მათი სახეების დამახსოვრება. თავდამსხმელებმა გაიტაცეს ფულადი თანხა -54000 ლარამდე და ჩამწერი მოწყობილობები.
8. დაზარალებულმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა 2020 წლის 15 დეკემბერს მის სამუშაო ადგილას განვითარებული მოვლენები. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც შექმნიდა საფუძვლიან ეჭვს დაზარალებულის მიკერძოებისა და საქმის შედეგით პირადი დაინტერესების შესახებ. დაზარალებული მკაფიოდ, ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, ერთმნიშვნელოვნად აღწერს და ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ თითოეულ დეტალს. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე გონივრული საფუძველი დაზარალებულის ჩვენების არასანდოდ მისაჩნევად.
9. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან (იხ. მათ შორის: მოწმეების - მ. დ–ს, ვ. ბ–ს, ნ. წ–ს, მ. ა–ს, ა. ბ–ს ჩვენებები, ი. შ–ს გამოკითხვის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმები, ავტომობილისა და ბინის ჩხრეკის ოქმები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმები, შპს „........დან“ და სს „........დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია).
10. დაზარალებულის მიერ მსჯავრდებულების ამოცნობის ოქმების არასანდოობის შესახებ კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა დეტალურად აღწერა მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები და მიუთითა ის ნიშან-თვისებები, რითაც შეძლო მათი ამოცნობა; განმარტა, რომ თავდამსხმელებს სახეზე გაკეთებული ნიღბები მოძრაობაში ჩამოეწიათ, რა დროსაც შეძლო მათი სახეების დამახსოვრება. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს, დაზარალებული ვერ შეძლებდა შენიღბულ თავდამსხმელთა ფიზიკური მახასიათებლების დამახსოვრებას, საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება კასატორის პოზიციას ქუდის ამოცნობის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადვოკატის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ქუდის ამოცნობის ოქმი არ წარმოადგენს პირის მსჯავრდებისათვის არც ერთადერთ და არც გადამწყვეტ მტკიცებულებას.
11. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საეჭვოობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ თითქოს, სუნის ნიმუშები არასათანადოდ აიღეს და ექსპერტი ვერ შეძლებდა მათზე ექსპერტიზის ჩატარებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 17 დეკემბრის N..........ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტოტალიზატორ „......ში“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან და ავტომანქანა „ტოიოტა პიუსიდან“ (სახ. ნომრით .........) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ. კ–სა და ჯ. ტ–სგან აღებული სუნის ნიმუშების. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ბ. ი–ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა ექსპერტისათვის სასურველი შეკითხვების დასმისა და შესაბამისი პასუხების მიღების შესაძლებლობა, რითაც არ ისარგებლა. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით როგორც მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის, ისე მისი გამოკვლევის შესაძლებლობა. მოწმის დაკითხვის პროცესში მხარეები თავად განსაზღვრავენ შეკითხვების რაოდენობასა და შინაარსობრივ მხარეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, ასევე იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა საკასაციო საჩივარში მითითებული თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვებაში; ვერ შეძლო იმ მტკიცებულების დამოუკიდებლად ან/და პროცესის მწარმოებელი ორგანოსთვის მიმართვის მიუხედავად მოპოვება, რაც დაადასტურებდა კასატორის მიერ მითითებულ ვერსიას.
12. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ექსპერტის დაკითხვაზე სასამართლოს უართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის შუამდგომლობა არ უკავშირდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულების კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლევას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უარი ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ექსპერტის დაკითხვაზე კანონიერია და შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესს.
13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მიერ ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მოცემული საკითხი საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გამოყენებით სამართლებრივად სწორად არის მოწესრიგებული და არ იკვეთება რაიმე ბუნდოვანება, რაც შესაძლოა, გამხდარიყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამატებითი მსჯელობის საგანი. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით“. ამდენად, ნივთიერი მტკიცებულებების პირისთვის მიკუთვნების შესახებ ადვოკატის მიერ მითითებული გარემოება - თუ ვინ მოიაზრება კანონიერ მფლობელებში ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებში, დავის შემთხვევაში, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვინაიდან ქონებრივი ურთიერთობები სამოქალაქო სამართლის რეგულირების სფეროს განეკუთვნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინება, საქმე №15I-22).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ჯ. ტ–სს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების ნაწილში დაუსაბუთებელია - კასატორი არ უთითებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებაზე, რაც საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის ამ ნაწილშიც დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ტ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. თ–სის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი