გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-61-760-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
კასატორის მოთხოვნა: განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციაში, ს/ს “თ-ში” სამუშაოზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგოსისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, ბოლო წლებში კი მოპასუხე ორგანიზაციაში კავშირგაბმულობის ბრიგადირად. 2002წ. 17 ივნისს დაითხოვეს სამუშაოდან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შკკ-ს 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე; მოსარჩელე თვლის, რომ მისი განთავისუფლების დროს დაირღვა კანონი, კერძოდ, შკკ-ს 421-ე მუხლი და 36 მუხლი.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით. დადგენილად მიიჩნია, რომ კ-ის განთავისუფლების დროს დარღვეული არ ყოფილა კანონი, მას მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ ეცნობა დროულად, იგი გათავისუფლებდა პროფკავშირებთან შეთანხმებით. ასევე, არ დარღვეულა შკკ-ს 36-ე მუხლი, რადგან აღნიშნული ითვალისწინებს სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლებას შტატების შემცირების დროს, მოსარჩელე კი გათავისუფლდა არა შტატების შემცირების გამო, არამედ საწარმოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ს/ს “თ-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 1 ნოემბრის ბრძანებით საზოგადოებაში დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ კ-ეს ეცნობა პერსონალურად, რაც მოხდა პროფკავშირის თანხმობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. კ-ემ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო: მისი სამუშაოდან გათავისუფლების დროს დარღვეული იყო შკკ-ს 421-ე მუხლი, ასევე შკკ-ს 36-ე და 37-ე მუხლები. აღნიშნული დარღვევები უგულებერყოფილ იქნა სასამართლოების მიერ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა გამოეთხოვა თ-ის ადმინისტრაციიდან დოკუმენტაცია რეორგანიზაციის შესახებ, გაერკვია რეორგანიზაციას რა რაოდენობის შტატების შემცირება მოჰყვა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ ს/ს “თ-ის” გენერალური დირექტორის 2001წ. 1 ნოემბრის ბრძანებით საზოგადოებაში დაიწყო რეორგანიზაცია. დადგენილია ასევე, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კასატორს ეცნობა პერსონალურად და რომ მისი გათავისუფლება მოხდა პროფკავშირის თანხმობით. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზიები არც დამატებითია და არც დასაბუთებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ნ. კ-ის სარჩელი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.