ას-619-1273-03 4 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-ი 1992 წლიდან მუშაობდა სს “ა.” კაპროლაქტამის საამქროში მუშად. კაპროლაქტამის საამქროს გაჩერების გამო იგი, სხვა მუშებთან ერთად, გაუშვეს სატარიფო შვებულებაში, რა დროსაც შეუნარჩუნდა მინიმალური ხელფასი. 2002წ. აპრილამდე მ. კ-ს მინიმალური ხელფასი არ მიუღია, ხოლო 2002წ. აპრილიდან იგი გათავისუფლდა სამუშაოდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მან მიმართა სასამართლოს, მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ იგი კანონის დარღვევით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
მ. კ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. კ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა მისი სამუშაოდან დათხოვნა. ვინაიდან მ. კ-მა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ შეიტყო 2002წ. 25 აპრილს, ხოლო სარჩელი შეიტანა 2003წ. 6 იანვარს, მან გაუშვა შკკ-ით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, რაც სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.
მ. კ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო საჩივარში მ. კ-ი მიუთითებს, რომ მას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევია, რადგანაც დათხოვნის ბრძანება ჩაიბარა 2002წ. 13 დეკემბერს, ხოლო სასამართლოს მიმართა 2003წ. 3 იანვარს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიაჩნია უკანონოდ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რუსთავის სს “ა.” გენერალური დირექტორის 2002წ. 24 აპრილის ¹142-კ ბრძანებით მ. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნულ ბრძანებას იგი გაეცნო და ამის თაობაზე ხელი მოაწერა. მან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2003წ. 6 იანვარს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს _ დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, მ. კ-მა დაარღვია სასამართლოსათვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა. კასატორის მოტივს იმის შესახებ, რომ მას სასამართლოსთვის მიმართვის ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან ბრძანება ჩაიბარა მოგვიანებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალებით ზემოაღნიშნული ფაქტი არ დასტურდება.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. კ-ს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.