Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-620-1266-03 16 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 29 იანვარს გ. მ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ა. გ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001წ. 27 ივლისს მოპასუხეს სამი თვის ვადით ასესხა 6700 აშშ დოლარი, თვეში 3%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ა. გ-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა. მოპასუხემ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, ამიტომ გ. მ-ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეზე 6700 აშშ დოლარის პროცენტის სახით 1206 აშშ დოლარის და მიყენებული ზიანის 2000 აშშ დოლარის, სულ, 9906 აშშ დოლარის დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის მოსარჩელემ მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მასზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. გ-ეს დაეკისრა 9906 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. სესხის გადასახდელად მოხდა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 28 თებერვალს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან არც ა. გ-ე და არც მისი რწმუნებული თ. ტ-ე არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე და მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.

2003წ. 29 აპრილს ა. გ-ის წარმომადგენელმა თ. ტ-ემ საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოში და მოითხოვა 2003წ. 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მათ სასამართლო უწყება სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ.

თ. ტ-ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და 2003წ. 25 ივლისს დაინიშნა მისი ზეპირი განხილვა, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნის დაცვით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2003წ. 25 ივნისს ა. გ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა თავისი ახალი მისამართი, რომელზეც მას გაეგზავნა უწყება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის მთავარ სხდომაზე ა. გ-ე და მისი წარმომადგენელი ისევ არ გამოცხადდნენ, რის გამოც სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ის წარმომადგენლის თ. ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა მომჩივანის გამოუცხადებლობის გამო.

საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 ივლისის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ა. გ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა ის ნორმები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, დარღვეულ იქნა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი ნორმები.

კასატორმა მიუთითა, რომ თანახმა იყო გადაეხადა სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 3% სარგებლობით. ა. გ-ე უხდიდა გ. მ-ეს სამის ნაცვლად 7%, საერთო ჯამში მან მოსარჩელეს გადაუხადა 990 აშშ დოლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი, ისე დააკმაყოფილა გ. მ-ის სარჩელი, რომ არ დაკითხა მოწმეები, რომლებსაც შეეძლოთ დაედასტურებინათ, რომ კასატორის მიერ გადახდილ პროცენტს ისინი პირადად გადასცემდნენ მოსარჩელეს.

რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ ისე დააკმაყოფილა იგი, რომ არ გაარკვია, თუ რაში გამოიხატებოდა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაიო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი სასამართლოში საქმის განხილვისას მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა (კასატორმა) საქმის განხილვის პროცესში შეიცვალა მისამართი, რის თაობაზეც მან სასამართლოს აცნობა. დადგენილია, რომ სასამართლომ ამჟამად უკვე ამ მისამართზე გაუგზავნა უწყება, რომელიც პირადად ჩაიბარა. მიუხედავად ამისა, აპელანტი, ასევე წარმომადგენელიც, სხდომაზე არ გამოცხადდნენ. ამასთან, სხდომა დანიშნული იყო 2003წ. 25 ივლისს, ხოლო მხარეს უწყება ჩაბარდა იმავე წლის 2 ივლისს, ე.ი. გამოუცხადებელ მხარეს გონივრულ ვადაში ეცნობა სხდომის თაობაზე. მას ამ ვადაში შეეძლო სასამართლოსთვის შეეტყობინებინა სხდომაში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის თაობაზე, თუკი ასეთი გარემოება დადგებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია – სასამართლოს გამოუცხადებელი მხარე მიწვეული ჰყავდა 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოუკვლეობის თაობაზე, რადგან სსკ-ს 391-ე მუხლის პირველი ნაწილით საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია მხოლოდ და მხოლოდ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი (განჩინებები) და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს და, შესაბამისად, ვერ იმსჯელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.