საქმე # 340100121004252537
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №854აპ-22 ქ. თბილისი
მ. რ. 854აპ-22 9 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. ნ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. მ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის თებერვლის დაუდგენელ რიცხვში, რ. მ–მა გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ორჯერ გაარტყა სახეში ხელი მეუღლეს - მ. ქ–სს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2020 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, რ. მ–მა გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, მ. ქ–სის მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოში, ყელში ხელი წაუჭირა ყოფილ მეუღლეს - მ. ქ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენით რ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1. რ. მ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით;
3.2. მსჯავრდებულ რ. მ–სს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 23 ნოემბრიდან 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და საქართველოს სსსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა მოითხოვა რ. მ–ის დამნაშავედ ცნობა თავდაპირველი კვალიფიკაციით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2020 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი)) და მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება;
4.2. მსჯავრდებულ რ. მ–ის ადვოკატმა რ. ნ–მა მოითხოვა რ. მ–ის სრულად უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ–ის ადვოკატმა რ. ნ–მა, რომელიც ითხოვს რ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულ რ. მ–ის უდანაშაულოდ ცნობას, მათ შორის - 2020 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდში.
9. დაცვის მხარის საკასაციო მოთხოვნისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ რ. მ–ის მიერ მ. ქ–ის მიმართ, 2020 წლის თებერვლის ეპიზოდში დანაშაულის ჩადენას.
10. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია: ჩაიდინა თუ არა 2020 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდში მსჯავრდებულმა რ. მ–მა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, იმავდროულად, არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა და რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
10.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ მ. ქ–სა და ფაქტის თვითმხილველი მოწმე ნ. ქ–ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრული და თანხვდენილია; არ არსებობს მათ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი; საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით; დაცვის მხარეს ჰქონდა დაზარალებულისა და მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა სასამართლოში საქმის განხილვისას; არ უთითებს კონკრეტულად რას გულისხმობს/რაში გამოიხატება მოწმის და დაზარალებულის ჩვენებების ერთმანეთთან შეუსაბამობა და საეჭვოობა; სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, - შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულ რ. მ–ს მითითებულ ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ. ნ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე