¹ ას-626-1275-03 20 ნოემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ... ბინა ¹23 საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ. რ-ას სახელზე, რომელმაც 1995წ. 15 მარტს ხელშეკრულებით ბინა აჩუქა ლ. გ-ას. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროში სადავო ბინის მესაკუთრედ აღირიცხა ლ. გ-ა. 1995წ. 23 აპრილს, მ. რ-ას გარდაცვალების შემდეგ. სადავო ბინაში ცხოვრება განაგრძო ე. გ-ემ. იმ მოტივით, რომ ე. გ-ე არ ათავისუფლებს ბინას, ლ. გაბუნიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. გ-ეს გამოსახლება სადავო ბინიდან.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ე. გ-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ლ. გ-ა წარმოადგენს ბინის მესაკუთრეს. სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს თავისუფლად შეუძლია ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს უფლება აქვს მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივლისის განჩინებით ე. გ-ეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ლ. გ-ა, რომელსაც სკ-ს 170-ე მუხლის I ნაწილისა და 172-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შეუძლია ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ სადავო ბინის მესაკუთრე აწ გარდაცვლილი მ. რ-ა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, იგი მას (მ. რ-ას) უწევდა მატერიალურ და მორალურ დახმარებას, მ. რ-ა და მისი დედა, ბ. ნ-ა, დაკრძალა თავისი ხარჯებით. სადავო ბინის პრივატიზაციისა და ჩუქების ხელშეკრულებები უკანონოა, რადგან აწ გარდაცვლილი როდონაია იყო ფსიქიკურად დაავადებული.
საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს კასატორმა ე.გ-ემ შუამდგომლობა დააყენა საკასაციო სასამართლოს წინაშე და მოითხოვა საქმის განხილვის შეჩერება იმ მოტივით, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეტანილი აქვს განცხადება, რომლითაც ითხოვს სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრისა და შუამდგომლობის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი და შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ... მდებარე ბინა ¹23 1995წ. 15 მაისის ხელშეკრულებით მ. რ-ამ აჩუქა ლ. გ-ასა და ბინა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებულია მოსარჩელე ლ. გ-ას სახელზე. სადავო ბინაში ცხოვრობს მოპასუხე ე.გ-ე, რომელსაც ბინაში ცხოვრების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ე.გალოგრეს სააპელაციო საჩივარი, რადგან სსკ-ს 172-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. კასატორმა გალოგრემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სადავო ბინაში ცხოვრების სამართლებრივი საფუძველი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ, რადგან იგი ზრუნავდა მეზობლად მცხოვრებ აწ გარდაცვლილ მ. რ-აზე, მოიპოვა ბინაში ცხოვრების უფლება, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ბინის პრივატიზაციისა და ჩუქების ხელშეკრულებები უკანონოა, რადგან მ. რ-ა იყო ფსიქიკურად დაავადებული. პალატა, თვლის, რომ ამჟამად სადავო ბინის პრივატიზაციისა და ჩუქების ხელშეკრულებები ძალაშია. იგი სასამართლოს მიერ ბათილად არ არის ცნობილი, რის გამოც ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე ლ. გ-ა, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ბინაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრები გალოგრესა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
პალატა ასევე თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორ ე.გალოგრეს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ის გარემოება, რომ კასატორს შეტანილი აქვს სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, რომლითაც ითხოვს სადავო ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, არ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, რადგან სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებულია საქმის წარმოების შეჩერება იმ შემთხვევაში, თუ იხილება სხვა საქმე, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია დავის განხილვა. მოცემულ სიტუაციაში ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქმის გადაწყვეტამდე მოცემული დავის განხილვა შესაძლებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ეს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს; ასევე არ დაკმაყოფილდეს ე. გ-ეს საკასაციო საჩივარი. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.