გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-62-761-03 22 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სამეზობლო დავა (ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა)
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ხ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. კ-ის მიმართ და მოითხოვა ვაზის ხეივნის ლითონის კონსტრუქციის მოშლა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საკუთრების უფლებით ეკუთვნის თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში პირველი სართულის არასაცხოვრებელი ფართი, სადაც აქვს მაღაზია. აღნიშნულ მაღაზიას ეზოდან აქვს საწყობში შესასვლელი, რომელიც მდებარეობს სახლის მეორე სართულზე მდებარე მოპასუხის ბინის ქვეშ.
მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ მისი ნებართვის გარეშე მოაწყო, ეზოში ტალავერი, რომლის ბოძები ისეა მიახლოებული საწყობში შესასვლელ კარებს, რომ შეუძლებელს ხდის ამ კარებთან სატვირთო ავტომანქანის მიყენებას და აძნელებს საქონლის შეტანას საწყობში. მოსარჩელის მოსაზრებით იგი არის ეზოს თანამესაკუთრე, როგორც სახლის სხვა მობინადრეები და მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელი იყო მოპასუხის მიერ ტალავერის მოწყობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა და აქედან გამომდინარე არ შეიძლება ჩაითვალოს ეზოს თანამესაკუთრედ. მოპასუხის განმარტებით სადავო ფართობი იყო მისი ავტომანქანის დასაყენებელი ადგილი და მისი ბინის ყოფილი მესაკუთრე წლების განმავლობაში აღნიშნულ ადგილზე აყენებდა ავტომანქანას. მან მეზობლების ოფიციალური თანხმობით მოაწყო ვაზის ტალავერი, რითაც არ შეულახავს მოსარჩელის ინტერესები. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სატვირთო ავტომანქანის მოძრაობა საფრთხეს უქმნის ისედაც ავარიულ სახლს. ამდენად, მოპასუხემ სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სკ-ს 208-ე მუხლის თანახმად მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი მრავალბინიან სახლში, იგი არ წარმოადგენს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს და შესაბამისად არ გააჩნია თანასაკუთრების უფლება ეზოზე. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო. რომ ტალავერი მოსარჩელეს ხელს არ უშლის მუშაობაში ანუ თავისი ფართით სარგებლობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 12 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. ხ-ამ შეიძინა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული მთლიანად, რომელიც წარმოადგენდა არასაცხოვრებელ ფართს და რომელშიც მოსარჩელეს განთავსებული აქვს მზა ტანსაცმლის მაღაზია. მაღაზიის თავზე, სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს მ. კ-ე, რომლის ბინის ქვეშ მდებარეობს მაღაზიის საწყობში შესასვლელი კარები.
მოპასუხემ მოსარჩელის თანხმობის გარეშე მოაწყო ვაზის ტალავერი, რისთვისაც სახლის კედლიდან და შესაბამისად მაღაზიის შესასვლელი კარებიდან 1,6 მეტრის მოშორებით ჩააცემენტა მიწაში ბოძები.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირის ინდივიდუალურ საკუთრებაში შეიძლება იყოს როგორც საცხოვრებელი ბინა, ისე ის ფართი, რომელსაც ის იყენებს ოფისად, მაღაზიად და ა.შ. მოსარჩელე, როგორც ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე არის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დააყენა რა მოსარჩელის სარგებლობაში შესასვლელი კარების წინ მისი ნებართვის გარეშე რკინის ორი ბოძი, შეამცირა საერთო საკუთრებით მისი სარგებლობის შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატამ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ს 208-ე მუხლის I და III ნაწილები, 216-ე, 953-ე, 956-ე მუხლები, 957-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მ. კ-ეს თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, კერძოდ, მისი ავტომანქანის დასაყენებელი ადგილის გაგრძელებაზე სახლის მიმართულებით ა. ხ-ას საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის შესასვლელთან აღმართული ორი რკინის ბოძისა და ტალავერის მოშლა. მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 30 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
საქმის საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება):
1. მოქალაქე მ. კ-ემ განაცხადა თანხმობა, დააკმაყოფილოს მოქალაქე ა. ხ-ას თხოვნა და მოჭრას მის საკუთრებაში მყოფ ავტოსადგომზე ვაზის ტალავერის მოწყობის მიზნით დასობილი ორი მილი;
2. მანქანის დასაყენებელი ადგილი, რომელიც ესაზღვრება ა. ხ-ას მაღაზიაში ეზოდან შესასვლელ კარებამდე მისასვლელ გზას, რჩება მ. კ-ის საკუთრებაში;
3. მოქალაქე მ. კ-ემ განუცხადა თანხმობა მოქალაქე ა. ხ-ას მასზედ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ უკანასკნელმა ისარგებლოს მისი მანქანის დასაყენებელი ადგილით მსუბუქი ტვირთების შეტანა-გატანისათვის;
4. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დაკისრებული ვალდებულებები, როგორც ერთმანეთის, ისე სხვა მობინადრეების მიმართ შეასრულონ კეთილგანწყობისა და ყოველგვარი ეთიკის ნორმების გათვალისწინებით.
მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2003წ. 17 ოქტომბრის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:
მოქალაქე მ. კ-ემ განაცხადა თანხმობა, დააკმაყოფილოს მოქალაქე ა. ხ-ას თხოვნა და მოჭრას მის საკუთრებაში მყოფ ავტოსადგომზე ვაზის ტალავერის მოწყობის მიზნით დასობილი ორი მილი;
მანქანის დასაყენებელი ადგილი, რომელიც ესაზღვრება ა. ხ-ას მაღაზიაში ეზოდან შესასვლელ კარებამდე მისასვლელ გზას, რჩება მ. კუჭუხიძის საკუთრებაში;
მოქალაქე მ. კ-ემ განუცხადა თანხმობა მოქალაქე ა. ხ-ას მასზედ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ უკანასკნელმა ისარგებლოს მისი მანქანის დასაყენებელი ადგილით მსუბუქი ტვირთების შეტანა-გატანისათვის;
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ დაკისრებული ვალდებულებები, როგორც ერთმანეთს, ისე სხვა მობინადრეების მიმართ შეასრულონ კეთილგანწყობისა და ყოველგვარი ეთიკის ნორმების გათვალისწინებით.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
3. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილება.
მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.