Facebook Twitter

საქმე # 080100121005152833

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1021აპ-22 ქ. თბილისი

ბ. მ.1021აპ-22 23 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. ჭ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ–ში, ........ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა მ. ბ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. ფ–სეს, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმა და თავი დაარტყა სახეში. მ. ბ–ს ქმედების შედეგად ნ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ–ში, ....ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ბ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ფ–ს, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა. მ. ბ–ს ქმედების შედეგად ნ. ფ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.3. 2021 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ–ში, ......ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ბ–მა ჩაიდინა იძულება განახორციელა მეუღლის - ნ. ფ–ს მიმართ, კერძოდ, წაართვა მობილური ტელეფონი და არ აძლევდა საშუალებას, რომ დაერეკა, ასევე არ უშვებდა სახლიდან.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

3.1. მ. ბ–სი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

3.2. მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივლისის განაჩენით მ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 26 ოქტომბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან უზნაძემ და მსჯავრდებულ მ. ბ–ს ადვოკატმა ე. ჭ–მა.

4.1. პროკურორმა ქეთევან უზნაძემ მოითხოვა მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და განაჩენთა ერთობლიობით შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4.2. ადვოკატმა ე. ჭ–მა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–სის ადვოკატმა ე. ჭ–მა, რომელიც ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. ბ–სათვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მ. ბ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, დაზარალებულთან შერიგებულია, კმაყოფაზე ჰყავს მთელი ოჯახი, მათ შორის - არასრულწლოვანი შვილები და მისი პატიმრობაში ყოფნა ზიანს აყენებს მათ. ამდენად, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მ. ბ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების საკითხის შეფასებისას, მხედველობაში იღებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში მ. ბ–ი გამოძიების ეტაპზე (ბრალდების წარდგენისას(26.10.21 წელი) არ აღიარებდა ბრალს და პროტესტის ნიშნად უარს ამბობდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაზე ხელის მოწერაზე (ტ.N1; ს.ფ.111-113); არ ესწრებოდა აღკვეთის ღონისძიების განხილვას, რადგან იყო მიმალვაში და მის მიმართ 2021 წლის 24 სექტემბრის დადგენილებით გამოცხადებული იყო ძებნა; თავს დამნაშავედ არ ცნობდა 2021 წლის 10 ნოემბრის წინასასამართლო სხდომაზე) არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. მ. ბ–მა პირველ ინსტანციაში საქმის არსებითი განხილვისას აღიარა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და უდავოდ ცნო მტკიცებულებები (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის სხდომის ოქმი). შესაბამისად, მას გამოძიებასთან არ უთანამშრომლია, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

11. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და მ. ბ–ს განუსაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ( საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ე. ჭ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე