Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-630-1286-03 12 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. გ-მა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1999წ. 23 აგვისტოს მოპასუხეს გადასცა 500 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ ლ. გ-ს უზრუნველეყო მისი ნორვეგიაში გამგზავრება 1999წ. სექტემბრის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ც. გ-ისათვის უკან უნდა დაებრუნებინა აღნიშნული თანხა, რაც ლ. გ-ის ხელწერილითაა დადასტურებული. მოსარჩელემ განმარტა, რომ ლ. გ-მა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა და მოითხოვა 500 აშშ დოლარისა და ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის, 315 აშშ დოლარის, დაკისრება მოსარჩელეზე.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ლ. გ-ს დაეკისრა 500 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

სასამართლო მიუთითებს, დადგენილია, რომ ც. გ-მა გადასცა ლ. გ-ს 500 აშშ დოლარი და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანხა სრულად უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს, აგრეთვე, დადგენილია, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და არც თანხა დააბრუნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. გოგრიჭიანმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის განჩინებით გოგრიჭიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ლ. გ-მა სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორი აღნიშნავს, რომ თანხა გადასცა რ.კ-ეს, რომელსაც დასაქმების საკითხი უნდა მოეგვარებინა. ამის შესახებ ც.გ-ი ინფორმირებული იყო. თუ იგი არ ეთანხმებოდა ამ პირობას, მაშინ უნდა გამოეთქვა პრეტენზია და მოეთხოვა თანხის დაბრუნება.

ლ.გ-ის აზრით, იგი მოქმედებდა ფირმა ,,მ.” სახელით, როგორც გენერალური დირექტორი და თანხა უნდა ანაზღაურდეს ფირმის მიერ საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელთა წილის შესაბამისად.

კასატორი მიუთითებს, რომ რ.კ-ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის კვალიფიკაციით. იგი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების შეჩერებას, ვიდრე არ იქნება ცნობილი სისხლის სამართლის საქმის შედეგები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და მივიდა დასკვნამდე, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 1999წ. 23 აგვისტოს ც. გ-მა ლ. გ-ს გადასცა 500 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა მის საზღვარგარეთ გამგზავრებას, ხოლო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნულ თანხას სრულად უკან დაუბრუნებდა ც. გ-ს.

ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არც თანხა დაუბრუნა მოსარჩელეს.

სკ-ს 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს იმ საფუძვლით, რომ რ. კ-ის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და იგი ვალდებულია, დაფაროს ც. გ-ის ვალი.

როგორც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, ც. გ-ისაგან პირადად მან, როგორც ფიზიკურმა პირმა მიიღო თანხა და მან იკისრა პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელის სასარგებლოდ ლ. გ-ისათვის 500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრების თაობაზე, დასაბუთებულია და კასატორი ვერ მიუთითებს მისი გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.