გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-633-1283-03 9 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის დაბრუნება, ხელწერილის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ტ-ის მიმართ თანხის დაბრურების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, მან ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვიტა შეეძინა ბინა. ამ მიზნით ისინი დაუკავშირდნენ მ. ტ-ს, რომელიც ყიდდა ქ.თბილისში, ... ბინას. ისინი შეთანხმდნენ ბინის ფასზე და 2001წ. 29 იანვარს მოპასუხეს და მის დას _ ნ. ტ-ს გადასცეს ბინის ღირებულების ნაწილი 500 აშშ დოლარის ოდენობით, დანარჩენი თანხა უნდა გადაეხადა ბინის გადაფორმების დროს. როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბინა მოპასუხეს არ ეკუთვნოდა და ბინის საბუთებიც არ იყო წესრიგში. აღნიშნულის გამო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. მოპასუხემ მას 2002წ. 20 იანვარს დაუბრუნა 200 აშშ დოლარი და შეპირდა 150 აშშ დოლარის დაბრუნებას. დანარჩენი 150 აშშ დოლარის დაბრუნებას საერთოდ არ აპირებს იმ მოტივით, რომ იტოვებს ამ თანხას “ბეს” სახით. ა. დ-ი სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 300 აშშ დოლარის დაკისრებას.
იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა მ. ტ-მა, რომლითაც მოითხოვა 2002წ. 20 იანვარს მას და ა. დ-ს შორის დადებული ხელწერილის ბათილად ცნობა, ვინაიდან მისი განმარტებით, ხელწერილი მას დაადებინეს იძულებით, ავადმყოფ დედაზე ზემოქმედებით. ამასთან, მ. ტ-ი ითხოვდა 200 აშშ დოლარის ა. დ-სათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ მის მიერ მიღებული 500 აშშ დოლარი წარმოადგენდა “ბეს”.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. დ-ის სარჩელი. მ. ტ-ს დაეკისრა 300 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ლარებში. ამავე გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ. ტ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ტ-ისათვის 2001წ. 29 იანვარს გადაცემული 500 აშშ დოლარი არ შეიძლება ჩაითვალოს “ბედ” იმ საფუძვლით, რომ ტ-ი არ წარმოადგენდა ბინის მესაკუთრეს და იგი არ იყო უფლებამოსილი, მიეღო აღნიშნული თანხა. ამასთან, “ბეს” გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით. სასამართლომ მხარეთა შორის არსებული გარიგება მიიჩნია საშუამავლო ხელშეკრულებად და ვინაიდან სკ-ს 744-ე მუხლის თანახმად, საშუამავლო ხელშეკრულება უკავშირდება შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადების ფაქტს, რაც მხარეებმა არ შეასრულეს, გარიგება ჩათვალა ბათილად, რის გამოც მ.ტ-ს სკ-ს 976-ე მუხლის საფუძველზე დააკისრა მოსარჩელისაგან მიღებული თანხის უკან დაბრუნება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ტ-ის რწმუნებულმა ხ. ტ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მ. ტ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარემ დაარღვია გარიგების პირობა და აღარ აქვთ “ბეს” თანხის უკან მოთხოვნის საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. დ-ის სარჩელი, მ. ტ-ს დაეკისრა ა. დ-ის სასარგებლოდ 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მ. ტ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული “ბეს” ხელშეკრულება ბათილია სკ-ს 327-ე და 54-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან ასეთი სახის გარიგება საჭიროებდა სანოტარო ფორმას. ამიტომ ა. დ-ი მიიჩნია უფლებამოსილ პირად, მოეთხოვა მოწინააღმდეგე მხარისაგან 300 აშშ დოლარი. სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არსებობდა საშუამავლო ხელშეკრულება. ასევე არ გაიზიარეს აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. ტ-ი ვერ იქნებოდა “ბეს” მიმღები, რადგან იგი არ იყო ბინის მესაკუთრე. აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ზაქარია ტ-მა, ანუ ბინის მესაკუთრემ მოიწონა არაუფლებამოსილი პირის მიერ სადავო ბინის გაყიდვის მიზნით “ბეს” სახით თანხის მიღება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ა. დ-ი წარმოადგენდა არასათანადო მოსარჩელეს, რადგან მოლაპარაკება ბინის გაყიდვის თაობაზე შედგა მას და დავითიანის სრულწლოვან ვაჟს შორის. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ შეისწავლა მტკიცებულებანი, რომლებიც ნათლად მეტყველებენ ხელმოწერის იძულებით დაწერის ფაქტზე. ამასთან, კასატორი არასწორად მიიჩნევს “ბეს” ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხს ფორმის დაუცველობის გამო, რადგან სკ-ს შესაბამის მუხლებში არაფერია ნათქვამი აღნიშნული ხელშეკრულების დადების სავალდებულობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ქ.თბილისში, ... მდებარე 42-ე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე. ასევე დადგენილია, რომ ხ. ქ-ისა და ს. დ-ის მიერ მ. ტ-ისათვის გადაცემული 500 აშშ დოლარიდან მ. ტ-მა ა. დავითიანს დაუბრუნა 200 აშშ დოლარი 2002წ. 20 იანვარს. აღნიშნული ხელწერილით მ. ტ-მა ივალდებულა 500 აშშ დოლარიდან ა. დავითიანისათვის 150 აშშ დოლარის დაბრუნება ორი თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ და 150 აშშ დოლარის დატოვება “ბეს” სახით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ტ-ისთვის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად 500 აშშ დოლარის გადაცემა წარმოადგენს ბეს ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია სკ-ს 59-ე მუხლის დარღვევით. სკ-ს 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში მ. ტ-ისათვის თანხის გადაცემა მოხდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად. სკ-ს 327-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულება საჭიროებს სანოტარო წესით გაფორმებას (ამავე კოდექსის 383-ე მუხლი), ბეს ხელშეკრულებაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ბათილი ბეს ხელშეკრულება, რომელიც სკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია დადების მომენტიდან.
სკ-ს 976-ე მუხლის საფუძველზე პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ტ-ი ვალდებულია, დააბრუნოს მისთვის გადაცემული თანხა და ვინაიდან თანხის მიმღები არის პირადად მ. ტ-ი, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს არასათანადო მხარედ.
ბათილი გარიგების საფუძველზე მიღებული თანხიდან 200 აშშ დოლარი მ. ტ-მა დაუბრუნა ა. დ-ს და სწორედ მის წინაშე ივალდებულა დანარჩენი თანხის დაბრუნება, რომ არა აღნიშნული ხელწერილი, მ. ტ-ს მაინც წარმოეშობოდა თანხის დაბრუნების ვალდებულება ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო. ამიტომ აღნიშნული ხელწერილის ბათილობა ვერ გახდება კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ა. დ-ის მიმართ 200 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, მითუმეტეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.