გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-636-1280-03 18 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 30 მაისს ვ. ს-ს, ლ. ქ-ს, ი. გ-სა და ნ. გ-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია, რომ ლ. ქ-მა ასესხა ნ. გ-ს 4180 აშშ დოლარი ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით, ი. გ-მა – 2850 აშშ დოლარი ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით, ხოლო ვ. ს-მა, 2400 აშშ დოლარი ყოველთვიური 3%-ის დარიცხვით. მთლიანად ნ. გ-ის მიერ სესხის სახით მიღებული თანხა შეადგენდა 10070 აშშ დოლარის შესაბამის ლარს და მისი გამსესხებლებისათვის დაბრუნების ვადა განისაზღვრებოდა სამი თვით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. გ-ის სახელზე რიცხული ბინა მდებარე ... ქ.თბილისში.
ლ. ქ-მა, ი.გ-მა და ვ.ს-მა განცხადებით მიმართეს სასამართლოს ნ. გ-ის მიმართ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მარტის გადახდის ბრძანებით ნ.გ-ს ლ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 4180 აშშ დოლარის, საპროცენტო დანამატის – 376 აშშ დოლარის, ი.გ-ის სასარგებლოდ – სესხის ძირითადი თანხის 2850 აშშ დოლარის, საპროცენტო დანამატის 256 აშშ დოლარის, ხოლო ვ.ს-ის სასარგებლოდ – სესხის ძირითადი თანხის – 2400 აშშ დოლარისა და საპროცენტო დანამატის _ 216 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხების გადახდა ნ.გ-ს დაეკისრა იპოთეკის საგნის – ქ.თბილისში, ... ბინის, რეალიზაციის ხარჯზე.
აღნიშნულის საფუძველზე, ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 27 მაისის ¹01/14 განკარგულებით, საჯარო აუქციონზე მითითებულ მისამართზე სადავო ბინა 24688 ლარად შეიძინა ლ.ქ-მა და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ.
ლ. ქ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას, ამ ბინაში ცხოვრობს ნ.გ-ი. მან მოითხოვა მისი კუთვნილი ბინიდან ნ.გ-ის მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა – ნ. გ-ი მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... ბინიდან.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო, რომ 2002წ. 27 მაისის იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით ნ. გ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადავო ბინის მესაკუთრე საჯარო აუქციონზე გახდა ლ. ქ-ი, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის I ნაწილით კი მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 27 მაისის განკარგულებით საჯარო აუქციონზე სადავო ბინა შეიძინა ლ.ქ-მა და იგი საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია ამ ბინის მესაკუთრედ. ამასთან, გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულია მესაკუთრის უფლება, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი ქონებით სარგებლობა და მოსთხოვოს მფლობელს მისი კუთვნილი ნივთის უკან დაბრუნება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ბინა ლ.ქ-ზე საკუთრების გადასვლის მომენტში არ წარმოადგენდა ქირავნობისა და იჯარის საგანს, შესაბამისად, ლ.ქ-ი, როგორც ახალი მესაკუთრე ვერ გახდებოდა ქირავნობის ურთიერთობის მონაწილე.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-მა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 303-ე და 307-ე მუხლები, კერძოდ, თუ მოვალე მარტო ან თავისი ოჯახით ცხოვრობს ოჯახთან ერთად იმ შენობაში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას შეძლია დარჩეს დამქირავებლად. ამასთან, აუქციონზე ნივთის ახალ შემძენზე საკუთრების გადასვლით ძველი მესაკუთრე განიხილება დამქირავებლად, შესაბამისად, იპოთეკის რეალიზაციის შედეგად ბინის შემძენს (მოსარჩელეს) ქირავნობის ხელშეკრულების შეწვეტა შეუძლია 562-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების მიხედვით. სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები, ვინაიდან მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს უძრავი ქონების ფლობის აღკვეთა სხვა პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უძრავი ქონების მფლობელს ჰქონდა ფლობის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2002წ. 27 მაისის განკარგულებით სადავო ბინა საჯარო აუქციონზე შეიძინა მოსარჩელე ლ.ქ-მა და იგი საჯარო რეესტრის მონაცემებით აღირიცხა ამ ბინის მესაკუთრედ. დადგენილია ასევე, რომ ბინა დღეისათვის დაკავებული აქვთ მოპასუხეებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ ბინის ძველ მესაკუთრეებს და მიუხედავად მესაკუთრის მოთხოვნისა, არ ათავისუფლებენ ბინას.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არა აქვს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი. სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლები ითვალისწინებს მესაკუთრის უფლებას, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი ქონებით სარგებლობა და მოსთხოვოს მფლობელს მისი კუთვნილი ნივთის უკან დაბრუნება.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტის დროს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 303-307-ე მუხლები. არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში კასატორ გ-ს არ წამოუყენებია მოთხოვნა სადავო ბინაში დამქირავებლად დარჩენისა და საბაზრო ღირებულების ქირის გადახდის შესახებ, რასაც ითვალისწინებს სკ-ს 303-ე მუხლი. ისეთ პირობებში, როდესაც მხარე არ ითხოვს სარჩელით აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას, სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებს მოცემული საკითხის გადაწყვეტაზე. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, ემსჯელა სადავო ბინაში მოპასუხის დამქირავებლად დატოვების შესახებ.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.