¹ ას-63-762-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინის ქირის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიერ 2000წ. 6 ივნისს ჩატარებულ აუქციონზე ვ. კ-ემ 11 172 ლარად შეიძინა ქ. გორში, ... მდებარე ბინა.
აღნიშნული ბინა ეკუთვნოდა ნ. ქ-ს, რომელიც გარდაიცვალა 2001წ. 3 იანვარს.
ბ. ი-მა და ნ. შ-მა უარი განაცხადეს ვ. კ-ის მიერ შეძენილი ბინის გამოთავისუფლებაზე.
2002წ. იანვარში ვ. კ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, ბ. ი-ისა და ნ. შ-ის მიმართ ბინის ქირის, ყოველთვიურად 150 ლარის, დაკისრების შესახებ.
ბ. ი-მა და ნ. შ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს, სადავო ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად აღიარება.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. კ-ის სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ბინის ქირის 75 ლარის, გადახდა. ბ. ი-სა და ნ. შ-ს შეგებებულ სარჩელზე უარი ეთქვათ.
ბ. ი-მა და ნ. შ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ბინის ქირის ოდენობა; ბინა კეთილმოუწყობელია, არ არის უზრუნველყოფილი ბუნებრივი გაზითა და სასმელი წყლით, რის გამო ბინის ქირა არ შეიძლება შეადგენდეს 75 ლარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ბ. ი-ისა და ნ. შ-ის კეთილსინდისიერად მფლობელად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ბ. ი-ი და ნ. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, ბინის ქირის ოდენობისა და მისი გადახდის დაწესების განსაზღვრის ნაწილში. იმ საფუძვლით, რომ ბინის ქირის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 30-40 ლარს; ბინის ქირის გადახდევინება დაწყებული უნდა ყოფილიყო არა სარჩელის აღძვრის არამედ გადაწყვეტილების დღიდან, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილებით უნდა ჩაითვალონ კასატორები დამქირავებლებად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ბინის ქირის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. გორის რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიერ 2000წ. 6 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, ქ. გორში, ... მდებარე ბინის მესაკუთრე გახდა ვ. კ-ე.
ბ. ი-ი და ნ. შ-ი, როგორც ყოფილ მესაკუთრესთან ნ. ქ-თან ერთად მცხოვრები პირები, ბინის აუქციონზე რეალიზების შემდეგ საცხოვრებლად დარჩნენ ზემოაღნიშნულ ბინაში.
მხარეებს შორის წარმოიშვა სკ-ს 303-ე მუხლით განსაზღვრული ურთიერთობა. მოვალის ოჯახის წევრები სადავო ბინის აუქციონზე რეალიზაციის შემდეგ დარჩნენ ამ ბინაში დამქირავებლებად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბინის ქირა დაკისრებული უნდა ყოფილიყო არა სარჩელის აღძვრის არამედ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან, სკ-ს 303-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს ბინის ქირის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა მას შემდეგ, რაც აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, სადავო ბინის მესაკუთრე გახდა ვ. კ-ე. ვ. კ-ეს ბინის ქირის მიღების უფლებამოსილება წარმოეშვა სარჩელის აღძვრის დღიდან.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ბ. ი-ისა და ნ. შ-ის კეთილსინდისიერ მფლობელებად ცნობის ნაწილში. ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ბინის ქირის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. 2002წ. 25 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად, სადავო ბინის საქირავნო ფასი შეადგენს თვეში 20-30 ლარს.
ბინების ყიდვა-გაყიდვის ბიუროს უფროსის 2002წ. 28 თებერვლის ცნობის თანახმად, ვ. კ-ის კუთვნილი ბინის ქირავნობის საბაზრო ფასი არის 25-30 ლარი.
სააპელაციო პალატამ არ მისცა სათანადო შეფასება მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ი-ისა და ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდეს ბინის ქირის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.